კონტაქტი
violence-photo

ბულინგი

ბულინგი ეს არის აგრესიული ქცევა, სხვებისათვის ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზიანის მიყენების მიზნით, რომელსაც თანატოლი, ან თანატოლები მიმართავენ. ძალადობა ყოველთვის არ არის ბულინგი, მაგრამ ბულინგი ყოველთვის ძალადობაა. ბულინგი გულისხმობს:

  • დროში განმეორებით მოქმედებას (შეიძლება გრძელდებოდეს დღეების, კვირების, თვეების და წლების განმავლობაშიც კი);
  • წინასწარ განზრახულია;
  • ძალები არათანაბარია;
  • ერთი მხარე ცდილობს სიტუაციის სრულად კონტროლს.

ზოგადად, ბულინგის ოთხ ფორმას ვხვდებით. ესენია:

  • ფიზიკური ბულინგი;
  • სოციალური ბულინგი;
  • ვერბალური ბულინგი;
  • კიბერბულინგი.

 

ბულინგის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს:

  • მეტსახელების შერქმევას; 
  • დაცინვას; 
  • მუქარას; 
  • ხელისკვრას; 
  • ჯგუფიდან გარიყვას; 
  • იგნორირებას;
  • ცილისწამებას; 
  • ფიზიკური ზიანის მიყენებას სხვადასხვა ფორმით და სხვა.

ბულინგს ძირითადად სხვადასხვა ადგილზე ვაწყდებით. ძალიან ხშირად იგი გვხვდება სკოლაში ან სკოლასთან ახლოს. მაგ: კლასში, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე, დერეფანში, სვლენ წერტილებში, სასადილოში, სპორტულ მოედანზე და ა.შ.

ბულინგის შესახებ ჩატარებული არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ბულინგს აქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები. ბულინგის ნებისმიერი ფორმა, შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ბულინგის მსხვერპლისა და განმახორციელებლისათვის, არამედ მათთვისაც, ვინც ამ პროცესის შემსწრეა. ბულინგი გავლენას ახდენს იმ სივრცის კლიმატის ფორმირებაზეც, სადაც ის ხორციელდება. ხანგრძლივი და ინტენსიური ბულინგი შეიძლება დაკავშირებული იყოს არაერთ სერიოზულ, ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემასთან. მას ნეგატიური შედეგები მოჰყვება მოსწავლის განათლების, ჯანმრთელობისა და ზოგადად კეთილდღეობის მხრივ.

არსებობს ნიშნები და ქცევითი მახასიათებლები, რომლებიც ძალიან ხშირად მიუთითებენ ბულინგის ინციდენტებზე. ბავშვი შეიძლება იყოს ბულინგის მსხვერპლი, თუ: 

  • არ უნდა სკოლაში წასვლა (და ამისთვის სხვადასხვა მიზეზს იყენებს); 
  • სთხოვს მშობლებს, რომ გაჰყვნენ სკოლაში; 
  • სკოლიდან ხშირად ბრუნდება დათრგუნული და/ან გაღიზიანებული; 
  • სახლში ხშირად ბრუნდება დაზიანებული ნივთებით;
  • გამოთქვამს თვითდამაზიანებელ აზრებს; 
  • აქვს აუხსნელი დაზიანებები სხეულზე; 
  • აქვს ძილის პრობლემები და ა.შ.

ბავშვი შეიძლება იყოს ბულინგის ინიციატორი, თუ: 

  • აქვს ყურადღების მიქცევის დაუოკებელი სურვილი;  
  • ავლენს აგრესიულ ქცევას თანატოლებთან; 
  • იქცევა გამომწვევად თანატოლებთან და უფროსებთან; 
  • ხშირად ერთვება ჩხუბში თუ კამათში;  
  • აქვს დანაშაულის გრძნობის სუსტი განცდა; 
  • ყოველთვის სხვებს ადანაშაულებს; 
  • უჩნდება ფული და ნივთები, რომელთა წარმოშობაც საეჭვოა; 
  • ჰყავს მეგობრები, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩევიან და/ან ჩაგრავენ სხვებს და ა.შ.