ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ხატვის მასწავლებელი

1.11.2015 კვირა

მთელი დღეა გაუჩერებლად წვიმს. ჩაის ჭიქით ხელში ვზივარ ფანჯარასთან და გამვლელებს ვათვალიერებ. ქუჩა შემოდგომის ფოთლებითაა სავსე,ტროტუარი მოსეირნე წყვილებით. მობილურში რადიოს ვრთავ და ჯიმ მორისონის „love street” იწყება.ბოლოს „მანდარინას“ (ჩემი კატა) კნავილმა შემაწუხა, ბარბაცით წავედი სამზარეულოსკენ, ჯამში რძე ჩავუსხი და ტელევიზორი ჩავრთე... არაფერი საინტერესო.

3.11.2015 სამშაბათი

უდარდელი დღეები დასრულდა. დღეს პირველად გამოვიყენე „შპარგალკა“და შემამჩნიეს. მინდა ჩემი კლასელებივით მოხერხებული ვიყო, თვალებში „zoom” მქონდეს და წინა მერხზე მჯდომისაგან გადაწერა შემეძლოს.

4.11.2015 ოთხშაბათი

ელი ჩემი ხატვის მასწავლებელია. ისევე ლამაზია, როგორც მისი სახელი. ძალიან მინდა მას დავემსგავსო, მაგრამ შემდეგ ჩემი დასალაგებელი ოთახი, უხერხულ წარწერიანი მაისურები და მუდმივად აჩეჩილი თმა მახსენდება და გული მწყდება.

დღეს ოდნავ აღელვებული მომეჩვენა, სახეზე ფერი არ ედო, ჟურნალის შევსება დაავიწყდა, მერე კი თემას გადაუხვია და ფრიდა კალოზე გვესაუბრა. დროდადრო ჩერდებოდა და ზარის ხმა რომ არა ტირილს დაიწყებდა. ჩემი ნამუშევარი გავუწოდე, არც დაუხედავს ისე ჩადო საქაღალდეში სხვა ნამუშევრებთან ერთად. ასეთი არასდროს მენახა, რაღაც ცუდი ხდებოდა მის თავს, რადგან ამის დაფარვა ვერ მოახერხა.

5.11.2015 ხუთშაბათი

დავიღალე... დილით ძლივს ავწიე თავი ბალიშიდან. კლასში მასწავლებელი ბრაზობდა, ცარცი ისევ არ დახვდა, ჭამთ თუ სად აქრობთო - იდეაში გვეხუმრა. ყველა ზურას უყურებდა. ის წელს გადმოვიდა ჩვენს კლასში. გამხდარი, ჭორფლიანი ბიჭია. მისი უცნაური ქცევის შესახებ ყველამ ვიცით, ცარცის მოყვარულია და თავის მართლებაც ეზარება ხოლმე. კლასიდან გავედი, დროის გაყვანა მინდოდა ცარცზე მეტად , სამასწავლებლოს მივუახლოვდი, პარალელურად თავში ტექსტს ვადგენდი „მაას, ცარცი მინდა“ არ გამოდგებოდა, ძალიან თავხედურად ჟღერდა. სანამ ამ შინაგან ბრძოლაში ვიყავი, კარიდან გეოგრაფიის მასწავლებლის ცრემლნარევი ხმა შმომესმა: „საბრალო გოგო“. ინსტიქტურად მივაყურადე სამასწავლებლოს კარს და გავიგე, რომ ელი შეუძლოს იყო და ერთი კვირა ვერ მოვიდოდა გაკვეთილების ჩასატარებლად და საერთოდაც თუ მისი ქმარი მოინდომებდა სახლში დარჩებოდა და სადილებს მოამზადებდა, როგორც სხვა უმუშევარი ქალები.

7.11.2015 შაბათი

ჩემს პატარა ქალაქში სწრაფად გავრცელდა ეს ამბავი. ელი საავადმყოფოში თავიისი ფეხით მიუყვანია დამნაშავე ქმარს. ალბათ შეეშინდა, როცა გონებადაკარგული დაინახა. მადლობა ღმერთს მეთქი გავიფიქრე და ელისათვის მზისგულა ყვავილების ხატვას შევუდექი.

8.11.2015 კვირა

ელის სახე გაუბრწწყინდა ჩვენი დანახვისას. თვალებში სიხარულის ცრემლები ჩაუდგა. წამოდგომა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. პირველად მე ჩავეხუტე, მერე დანარჩენები მიცვივდნენ. ვეკითხებოდით როდის დაბრუნდებოდა და გვპირდებოდა, რომ მალე. მერე ყველა ერთად შევექცეოდით იმ ტკბილეულს, რომელიც ელისთვის მოვიტანეთ.

ბედნიერნი ვიყავით, რომ ხატვა ისევ ჩაგვიტარდებოდა.

/ანა იაკობაძე/ ასპინძა, - სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა, X კლასი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში