ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ბულინგი და ძალადობა

კონკურსის განმახორციელებელი - ა/ო „კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდულლი ცენტრი“

კონკურსის მონაწილე - თამარ ჩხეტიანი. IX კლასი.

სკოლა - 175-ე

ისინი გაიძულებენ იფიქრო, რომ შენი არსებობა დანაშაულია. გაფიქრებინებენ, რომ შენ არ ხარ სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სოციუმში გაერიოს, ჰყავდეს მეგობრები და წარმატებას მიაღწიოს.

ეცდებიან შენი სილამაზეც დასაცინი გახადონ. ნაკლოვანებებს გამოგიჩხრეკენ და სულში შემოაბიჯებენ.

ერთი...ორი...სამი... ზარი ირეკება. კლასში შევდივარ და ზურგს უკან ჩუმი სიცილი მესმის. ეს გრძნობა, ღმერთო, რა მტკივნეულია!

ზიხარ და ფიქრობ,- სად დაუშვი შეცდომა?! ისინი წესით შენი მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ, შენი მხარდამჭერები და კეთილის მსურველები. ბოლოს ისევ საკუთარ თავს უბრუნდები და პასუხი ერთია:

- შენი ბრალია!

სხვანაირად უნდა მოქცეულიყავი, მათ უნდა დამსგავსებოდი და მიგიღებდნენ. საზოგადოებას ხომ არ უყვარს განსხვავებული ადამიანები. მათ ურჩევნიათ ჩამქრალი თვალებით, გაციებული გულითა და დაგუბებული ყურებით იცხოვრონ. ურჩევნიათ ადამიანები თავს უკრავდნენ და ყველაფერში ეთანხმებოდნენ, ვიდრე მათგან განსხვავებული პიროვნება გამოჩნდეს, რომელიც მათ სიმართლესა და პირველობაში ყველას დააეჭვებს.

ადამიანები მოძალადეები არ იბადებიან. ისინი ასეთებად გარემოპირობებისა და სოციუმის გამო ყალიბდებიან. ბულინგი? ჩაგვრა? მე ვარსებობ და ცხოვრება მჭირდება. არც მე და არც სხვა დანარჩენი არ ვართ ვალდებულები „მოძალადის“ ცხოვრებაზე ვაგოთ პასუხი. ნამდვილად არ ვართ დამნაშავეები და არც იმას ვიმსახურებთ, რომ ყველასგან გავირიყოთ. დიახ, ყველასგან! ერთი ადამიანის წამოძახილი საკმარისია და ყველას თვალში:

ან მსუქანი

ან გამხდარი

ან დაბალი

ან მაღალი

ან სულელი

ან ‘შკოლნიკი“

ან „ოროსანი“

და სხვა მრავალფეროვანი სახელით ამახსოვდები.

ყოველი წუთი გადასატანი ხდება.იღვიძებ და ხვდები, რომ კიდევ ერთი საშინელი დღე თენდება. მშობლებს აზრადაც არ მოსდით შენს თავს რა ხდება. მათ ვერ მოუყვები. ვერ გაგიგებენ, ან არ გაგიგებენ. სიბრალულის თვალებით შემოგხედავენ და როგორც ყველა დანარჩენი, ამაშიც შენ დაგადანაშაულებენ.

ყოველი დღის ბოლოს ისმის ერთი კითხვა:

- რამე მიიღე სკოლაში?

და არავის აინტერესებს შენი წართმეული ოცნებები, გატეხილი გული, მარტოობა და ა.შ. ნიშნები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, არა?..

ეს იარლიყი, რომელიც ბავშვობაში მოგარტყეს, ცხოვრების მანძილზე გაგყვება.თითქოს შუბლზე გაწერია “დამჩაგრე!’’, გვერდზე დიდი, წითელი ძახილის ნიშნით.

და შენც ეგუები... ეგუები, რომ უნდა აიტანო, თავი დახარო და ყოველი ენის წვერზე მომდგარი სიტყვა გადაყლაპო.

მე კი დღეს თქვენს წინ ხმას ვიმაღლებ და ვამბობ:

- არ აიტანოთ! არც თავი დახაროთ! და არც არაფერი ჩაყლაპოთ! არც ერთი ადამიანი არ დგას მეორეზე მაღლა.

შეიძლება სოციალური და სხვა ფაქტორებით კი, მაგრამ უფლებებით, არა! არცერთი ადამიანის გარეგნობა და ფიზიკურობა ნამდვილად არ არის დასაცინი.

მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, მიყვარს ჩემი გარეგნობა და სხეული. და თუ შენ გაიძულებენ გაფიქრებინონ, რომ საკუთარი თავის სიყვარული სხეულის ფორმების ზომებში და აღნაგობით განისაზღვრება, დაუმტკიცე მათ, რომ ეს ასე არაა!

და შეიყვარე საკუთარი თავი.

აიმაღლე ხმა სიძულვილის წინააღმდეგ.

ერთმანეთის მიმართ სიძულვილის წინააღმდეგ!

არა ბულინგს!..

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში