ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ფიზიკური ძალადობა

ფიზიკური ძალადობა არის ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და/ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას.

ეს არის ადამიანების არაშემთხვევითი, გაცნობიერებული ქმედებები ბავშვის მიმართ, რომელიც იწყვევს ტკივილს და შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობასა და განვითარებას.

ფიზიკური ძალადობა შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი ან განმეორებადი ქმედებები - ცემა, ხელის კვრა, კბენა, დაწვა, ნებისმიერი ტკივილის მიყენება. ფიზიკური ზემოქმედება ნებისმიერი სახით, თუნდაც აღმზრდელობითი მიზნით, წარმოადგენს ფიზიკურ ძალადობას. ფიზიკურ ძალადობად ასევე მიიჩნევა დასჯის ისეთი მეთოდები, როგორიცაა წამება, ბავშვის ჩაკეტვა ბნელ ადგილას, ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელსაც ბავშვი ვერ გაუმკლავდება და ა.შ.

ფიზიკური ტრავმა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს - მსუბუქი ნაკაწრიდან და ჩალურჯებიდან მოტეხილ ძვლებამდე, ტვინის შერყევამდე, შინაგანი ორგანოების (თირკმლების, ღვიძლის, ფილტვების, ნაღვლის ბუშტის და სხვა) დაზიანებამდე.

ფსიქოლოგიური ტრავმა პრაქტიკულად, ძალადობის მსხვერპლ ყველა ბავშვს აქვს გადატანილი, რაც შედეგად, მძიმე კვალს ტოვებს მათ პიროვნულ განვითარებაზე და შესაბამისად უარყოფით გავლენას ახდენს მათ შემდგომ ცხოვრებაზე.

როგორ ამოვიცნოთ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი?

ბავშვის სხეულზე ფიზიკური დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, არსებითი კითხვა რომელიც ადამიანს უნდა გაუჩნდეს არის: შეიძლება თუ არა, რომ ეს ტრავმა ბავშვს შემთხვევით გასჩენოდა, უნებლიეთ მოსვლოდა? ისეთმა აშკარა ფიზიკურმა ნიშნებმა, როგორიცაა სისხლჩაქცევები, დამწვრობის კვალი, შეშუპებები, კოპები, ნაკაწრები, ჭრილობები, ჩალურჯებები და კანის სხვა დაზიანებები, მოტეხილობები, ნაჭრილობევები სხვადასხვა ხარისხის შეხორცებებით - უნდა შეგვაშფოთოს და ვეცადოთ გავარკვიოთ, თუ რა მოხდა. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, შეესაბამება თუ არა ბავშვის განმარტებები დაზიანების შინაარსს.

საფრთხის ნიშნებად შეიძლება მივიჩნიოთ:

  • სხვადასხვა ფერის ჩალურჯებები ბავშვის სხეულზე მიუთითებს, რომ ისინი მიღებულია სხვადასხვა დროს. ჩალურჯებების ფორმა ან ადგილი შეიძლება მიუთითებდეს, თუ როგორ იქნა მიღებული ტრავმა.
  • არ არსებობს განმარტება, თუ როგორ წარმოიქმნა ტრავმა.
  • განმარტებები ნაკლებად სარწმუნოა, არ შეესაბამება ტრავმის ბუნებას.
  • ბავშვს არ გაეწია საჭირო ან სათანადო დახმარება, ტრავმის მნიშნველობა და შედეგები გაუფასურებულია.

საეჭვო დაზიანებები:

  • ყურის დაზიანება - განსაკუთებით ჩქმეტის კვალი ორივე მხარეს;
  • დაზიანება მხრის შიგნითა ზედაპირზე;
  • დაზიანებები ტორსის გვერდითა ზედაპირზე, განსაკუთრებით ხერხემლის გასწვრივ;
  • ჩალურჯებული თვალები, განსაკუთრებით ორივე მხარეს;
  • ლოყის რბილი ქსოვილის დაზიანება;
  • დაზიანებები პირის ღრუში;
  • მკლავის წინამხრის დაზიანება (თავდაცვის დროს);
  • გულმკერდისა და მუცლის დაზიანება;
  • ნებისმიერი სახის დაზიანება საზარდულის ან სასქესო ორგანოების არეში;
  • ბარძაყის შიგნითა ზედაპირის დაზიანება;
  • ფეხის გულის დაზიანება;
  • საეჭვოა, თუ: დაზიანება სხეულის ორივე ზედაპირზეა; დაზიანებულია რბილი ქსოვილები; დაზიანებას აქვს განსაკუთრებული ფორმა; დაზიანება არ შეესაბამება ტრავმის ახსნას; არანამკურნალები დაზიანებები.

ყურადღების გამოჩენა გვმართებს ბავშვის ქცევის შემდეგი გამოვლინებების მიმართ:

  • ბავშვი ფრთხება, როცა გვერდით ვინმე ტირის;
  • ბავშვი ფრთხება სხვა ადამიანის მოულოდნელ მოძრაობაზე, გვერდზე იწევს და ხელებს იფარებს;
  • ბავშვს აფრთხობს მოულოდნელი ხმები;
  • ბავშვი აგრესიულად იქცევა, გაღიზიანებული და/ან გაუცხოებულია;
  • ბავშვი ხაზგასმულად დამჯერი, მორჩილი და/ან პასიურია, არ ავლენს ინიციატივას;
  • ბავშვს ეშინია მშობლების, ეშინია სახლში წასვლის;
  • ბავშვს ამინდისა და სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი აცვია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: befriend.mes.gov.ge/contact/

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში