ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა

ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა ეს არის სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით ბავშვში შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა მდგომარეობის პროვოცირება.

ემოციური ძალადობა აერთიანებს როგორც ბავშვის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს (მაგ: სიტყვიერი აგრესია), ისე უმოქმედობას ბავშვთან მიმართებაში (მაგ: ბავშვის ემოციური უარყოფა, განდევნა, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის დეფიციტი). დადანაშაულება, დამცირება, განდევნა, იგნორირება, მუდმივი ნეგატიური შედარება და-ძმასთან ან სხვა თანატოლებთან, დაშინება, ასოციალურ ქმედებებში ჩართვა, სასტიკი დასჯა - ეს ის ქცევებია, რომლებმაც შეიძლება ბავშვში სერიოზული ქცევითი და ემოციური დარღვევები გამოიწვიოს. ემოციური ძალადობა შესაძლოა ვლინდებოდეს ცალკე და ასევე წარმოადგენდეს ძალადობის სხვა ფორმის ნაწილს.

ბავშვისთვის ემოციურად მატრავმირებელი ქცევებია:

  • უარყოფა (განდევნა) - მოზრდილი არ აღიარებს ბავშვის ფასეულობებსა და მის საჭიროებებს (მოთხოვნილებებს), რითიც აგრძნობინებს, რომ ბავშვი არ არის სასურველი და/ან საყვარელი;
  • იზოლირება - მოზრდილი უზღუდავს ბავშვს სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობებს, რითიც თავს მარტოსულად აგრძნობინებს;
  • ტერორიზება - მოზრდილი ამცირებს, დასცინის, აშინებს ბავშვს, თავს აგრძნობინებს დამნაშავედ და არწმუნებს, რომ სამყარო მის ირგვლივ საშიშია.
  • სოციალური გარყვნა - მოზრდილი ბავშვს ანტისოციალურს ხდის. ითრევს უკანონო ქმედბებეში: ქურდობა, მათხოვრობა, დესტრუქციული დანაშაულებრივი ქმედება.

ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფიზიკური და ქცევითი გამოვლინებებია:

  • მეტყველების დარღვევა - მაგალითად, ენის ბორძიკი, ბგერის გამოთქმის გაძნელება;
  • ფსიქოსომატური ჩივილები - მაგალითად, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა.
  • შარდის და დეფეკაციის შეუკავებლობა;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • ბავშვის დესტრუქციული და ავტოდესტრუქციული ქცევა;
  • თავდაჯერებულობის ნაკლებობა, ძალიან დაბალი თვითშეფასება, თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება;
  • მოზრდილზე ზედმეტად დამოკიდებულება;
  • პასიურობა, ინიციატივის არ ქონა;
  • ბავშვი ხშირად იტყუება;
  • ბავშვი ასაკისთვის შეუფერებლად „დიდია“ ან პირიქით, ინფანტილურია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: befriend.mes.gov.ge/contact/

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში