ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა ეს არის სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით ბავშვში შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა მდგომარეობის პროვოცირება.
ემოციური ძალადობა აერთიანებს როგორც ბავშვის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს (მაგ: სიტყვიერი აგრესია), ისე უმოქმედობას ბავშვთან მიმართებაში (მაგ: ბავშვის ემოციური უარყოფა, განდევნა, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის დეფიციტი). დადანაშაულება, დამცირება, განდევნა, იგნორირება, მუდმივი ნეგატიური შედარება და-ძმასთან ან სხვა თანატოლებთან, დაშინება, ასოციალურ ქმედებებში ჩართვა, სასტიკი დასჯა - ეს ის ქცევებია, რომლებმაც შეიძლება ბავშვში სერიოზული ქცევითი და ემოციური დარღვევები გამოიწვიოს. ემოციური ძალადობა შესაძლოა ვლინდებოდეს ცალკე და ასევე წარმოადგენდეს ძალადობის სხვა ფორმის ნაწილს.
ბავშვისთვის ემოციურად მატრავმირებელი ქცევებია:
- უარყოფა (განდევნა) - მოზრდილი არ აღიარებს ბავშვის ფასეულობებსა და მის საჭიროებებს (მოთხოვნილებებს), რითიც აგრძნობინებს, რომ ბავშვი არ არის სასურველი და/ან საყვარელი;
- იზოლირება - მოზრდილი უზღუდავს ბავშვს სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობებს, რითიც თავს მარტოსულად აგრძნობინებს;
- ტერორიზება - მოზრდილი ამცირებს, დასცინის, აშინებს ბავშვს, თავს აგრძნობინებს დამნაშავედ და არწმუნებს, რომ სამყარო მის ირგვლივ საშიშია.
- სოციალური გარყვნა - მოზრდილი ბავშვს ანტისოციალურს ხდის. ითრევს უკანონო ქმედბებეში: ქურდობა, მათხოვრობა, დესტრუქციული დანაშაულებრივი ქმედება.
ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფიზიკური და ქცევითი გამოვლინებებია:
- მეტყველების დარღვევა - მაგალითად, ენის ბორძიკი, ბგერის გამოთქმის გაძნელება;
- ფსიქოსომატური ჩივილები - მაგალითად, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა.
- შარდის და დეფეკაციის შეუკავებლობა;
- დეპრესიული მდგომარეობა;
- ბავშვის დესტრუქციული და ავტოდესტრუქციული ქცევა;
- თავდაჯერებულობის ნაკლებობა, ძალიან დაბალი თვითშეფასება, თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება;
- მოზრდილზე ზედმეტად დამოკიდებულება;
- პასიურობა, ინიციატივის არ ქონა;
- ბავშვი ხშირად იტყუება;
- ბავშვი ასაკისთვის შეუფერებლად „დიდია“ ან პირიქით, ინფანტილურია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: befriend.mes.gov.ge/contact/