ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ტყუილი ბავშვობის ასაკში

ბავშვები ტყუილების ლაპარაკს წარმოსახვის და მეტყველების განვითარების აქტიურ პერიოდში იწყებენ. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში. მეტყველება საფუძვლად ედება ლოგიკური აზროვნების ფორმირებას, წარმოსახვა კი მას რეალობიდან უშუალოდ აღქმულის აბსტრაგირებაში ეხმარება. ანუ იმის შემეცნებაში, რისი შეხება, დანახვა და მოსმენა არ შეიძლება. ბავშვის ცნობიერების ფუნქცია თითქმის ორმაგდება: ერთის მხრივ ის აგრძელებს არსებული რეალობის წვდომას (მძიმე საგანი იძირება, ცეცხლი გწვავს), ხოლო მეორეს მხრივ ითვისებს წარმოსახვის, თამაშის და ფანტაზიის სამყაროს. ბავშვები ხშირად ყვებიან მათ მიერ შეთხზულ ამბებს, რომელსაც სინამდვილედ ასაღებენ და ხანდახან თვითონ იჯერებენ ამას. ეს არც ტყუილია არც განზრახ მოტყუების მცდელობა, უბრალოდ ამ ასაკში (6 წლამდე) რეალურის და გამოგონილის გარჩევა არ ხდება, ამასთან ამ ტიპის გამონაგონი უვნებელია და ცხადყოფს ბავშვის წარმოსახვის განვითარებას.

მზარდი ცნობისმოყვარეობა და შესაბამისად უფროსებისაგან წამოსული უფრო ხშირი აკრძალვები ხელს უწყობს, კვებავს ბავშვის გამონაგონებას (ფანტაზიას), რომლის მეშვეობითაც ბავშვი ცდილობს აირიდოს აკრძალვები, გაექცეს მათ. ასაკთან ერთად ტყუილის, გამოგონების საბაბი სულ უფრო მეტია. შესაბამისად ტყუილიც უფრო იხვეწება.

რატომ ტყუიან ბავშვები

ბავშვის ტყუილის მიზეზის ფართე სპექტრი არსებობს. ბავშვი იტყუება თავდაცვის მიზნით - მალავს, იგონებს, რადგან არ უნდა მიიღოს შენიშვნა, არ უნდა რომ დაისაჯოს. ბავშვი, რომელიც ოჯახში ხშირად ისჯება ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებს ამის მიზეზს ( თვლის რომ არაფერი საგანგაშო არ ჩაუდენია) და მაინც ისჯება და თანაც არც უფროსები, არც მშობლები არ უხსნიან, თუ რატომ აეკრძალა მას ესა თუ ის ქცევა, თავდაცვის მიზნით - ყვირილის, შენიშვნის ასარიდებლად ირჩევს ხერხს, რომელსაც ტყუილს ვეძახით. რაც უფრო ხშირად ღებულობს ბავშვი „დაუმსახურებელ“ შენიშვნებს, მით უფრო მეტად ცდილობს გამოიყენოს თავის გადარჩენის ახლად აღმოჩენილი ხერხი. იმასაც ეჩვევა, რომ მისი ქცევა მის მშობლებს არასდროს არ მოსწონთ. სწორედ დასჯის შიში იწვევს ტყუილის თქმას. ეს არა მარტო მშობლებთან ურთიერთობაზე ვრცელდება, არამედ ამ „ხერხით“ შეიარაღებული ბავშვი მიდის საბავშვო ბაღში და ნებისმიერ შენიშვნასთან გასამკლავებლად მზად აქვს თავისი „იარაღი“.

ბავშვი ტყუის მაშინ, როდესაც მას აქვს უნდობლობა გარე სამყაროს - ოჯახის წევრების, საბავშვო ბაღის აღმზრდელების, თანატოლების მიმართ, თუ მისი მოთხოვნილებები და მოთხოვნები დაუკმაყოფილებელია, მოუგვარებელია ემოციური სფეროც და თავს ცუდად გრძნობს, ბავშვი დაგროვილი პრობლემის გადაჭრის საშუალებად, სტრესული სიტუაციისგან თავის დასაღწევად ტყუილის გზას ირჩევს, რადგანაც თავის სათქმელს გარშემომყოფთ ვერ აგებინებს, ვერ ახერხებს მოაგვაროს ურთიერთობები მშობლებთან, მასწავლებლებთან, თანატოლებთან.

ტყუილი შეიძლება აღმოცენდეს მაშინ, როდესაც ბავშვს უყენებენ მისთვის შეუძლებელ მოთხოვნებს, როდესაც ბავშვი იმყოფება გამუდმებული დასჯის მოლოდინში. ამ დროს დასჯის არიდების მცდელობაც შეიძლება გახდეს ტყუილის მიზეზი.

ბავშვი ტყუის, როდესაც ყურადღების მიპყრობა და თვითდამკვიდრება/თვითგანმტკიცება სჭირდება. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი ტყუის თავდაცვის მიზნით, ტყუის წარმატების მიღწევის - პირველობის მიზნით. როგორც ცნობილია, ბავშვები ხშირად ბაძავენ უფროსებს და სხვა ბავშვებს. იგივე შეიძლება ითქვას ტყუილთან მიმართებაშიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ტყუილი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის:

  • ტყუილი, რომელიც ემსახურება კეთილშობილური მიზნების მიღწევას - სხვის დაცვას და „გადარჩენას“;
  • ტყუილი, რომელიც ნაკარნახევია პირადი ინტერესებით;
  • ტყუილი, რომლის საფუძველი საკუთარი თავის და სხვისი მოტყუების მოთხოვნილებაა. ასეთ დროს აუცილებელია ყურადღების მიქცევა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის ჩარევაც კი.

ასე რომ, ტყუილს დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც. იგი სოციალიზაციის მაჩვენებელიცაა და ბევრი ფსიქოსოციალური პრობლემის სიგნალიც.

რა უნდა იცოდნენ უფროსებმა, რომელთა ბავშვები ტყუიან?

უპირველესად ტყუილი აბსოლუტურად ნორმალური, ბუნებრივი მოვლენაა ბავშვებში. ბავშვების ტყუილი ნიშანია იმისა, რომ ბავშვს ნორმალურად უვითარდება მეტყველება და წარმოსახვა. ბავშვების გამონაგონი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ტყუილს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ხშირად უფროსები თვითონ უბიძგებენ ბავშვს ტყუილისკენ, უყენებენ რა მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც ბავშვს არ შეუძლია. ხშირად, მიზეზი ბავშვის ტყუილისა არის უფროსების მხრიდან წამოსული აკრძალვები და უსაფუძვლო, ანდა საფუძვლიანი შენიშვნები. ბავშვები ტყუილს „თერაპიული“ მიზნითაც იყენებენ ხოლმე - თავს იმშვიდებენ და ინუგეშებენ, რასაც ხანდახან უფროსებიც აკეთებენ. საგულისხმოა, რომ საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვები იშვიათად იყენებენ ტყუილს გამორჩენის მიზნით.

რჩევები

უფროსებმა - მშობლებმა, ოჯახის წევრებმა, აღმზრდელებმა: - ბავშვებს უნდა წაუყენონ რეალისტური, გონივრული, სამართლიანი მოთხოვნები. ამით პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს, მოთხოვნებს და სურვილებს;

  • უნდა იცოდნენ, რომ ტრაბახა და „ცრუპენტელა“ - ეს არის ბავშვი, რომელსაც შექება აკლია;
  • ზოგჯერ უფროსებმა უნდა გადააბიჯონ სიმკაცრეს და შეეცადონ, რომ ხშირად მოძებნონ ბავშვის შექების საბაბი, გამოხატონ ბავშვის მიმართ სიყვარული და დაფასება. რთულია, მაგრამ დათმობები და კომპრომისებიც საჭიროა ხოლმე;
  • თვითონვე უნდა მისცენ ბავშვს სხვისი პატივისცემის მაგალითი, რადგან ბავშვები ინტუიტურად ითვისებენ ურთიერთობის სტილს და იგივეთი პასუხობენ. რაც მთავარია, უფროსები უნდა იყვნენ გულწრფელნი.
  • იმისათვის, რომ ბავშვი იყოს გულახდილი, უფროსებმა ხელი უნდა შეუწყონ მათ, კერძოდ:
  • პირდაპირ უნდა უთხრან ბავშვს სათქმელი;
  • არ არის საჭირო დაკითხვების, ხაფანგების მოწყობა და ბავშვის ტყუილზე მძაფრი რეაქციის მიცემა (ყვირილი, შეშფოთება, დასჯა, ისტერიკის მოწყობა);
  • ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ ტყუილი არ არის აუცილებელი.

ბავშვი გულახდილია მაშინ, როდესაც...

  • ის ენდობა მშობელს, უფროსს. იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან, მხარში ამოუდგებიან;
  • არ ეშინია მათი რისხვის ან დასჯის და დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არ დაამცირებენ, როგორც პიროვნებას. მსჯელობენ მის საქციელზე, რომელიც უნდა გამოსწორდეს და არა მასზე.
  • ბავშვი დარწმუნებულია, რომ უფროსები მის მხარეს არიან. იცის, რომ დასჯის შემთხვევაშიც დასჯა იქნება სამართლიანი, რადგან ბავშვებს სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვთ განვითარებული.

ქურდობა ბავშვობის ასაკში

ხშირია, როდესაც საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებს სახლში მოაქვთ სხვისი ნივთები. უფროსები ამ ფაქტზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ, უმეტესად ეს რეაქცია მწვავეა:

  • დაბნეულობა და მიუღებლობა -„ როგორ შეიძლება ეს მოსვლოდა ჩემ შვილს?“ , „მე არ ვიმსახურებ ბავშვისგან ასეთ დამოკიდებულებას“ და ა.შ.;
  • შიში და შეურაცხყოფა „რას იფიქრებენ გარშემომყოფნი - თავი მომეჭრა“, „მე ცუდი აღმზრდელი ვარ“;
  • ბავშვის უმკაცრესად დასჯის სურვილი.

მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევიან უფროსები, მშობლები, მაშინ, როდესაც პირველად აღმოჩნდებიან ფაქტის (ქურდობის, სხვისი ნივთის აღების) წინაშე. უფროსის რეაქცია, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. თუ ბავშვი ჯერ 4 წლის არ არის, ამ ქცევისათვის ქურდობის სახელის დარქმევა რთულია და უსამართლოც, რადგან ამ ასაკში ბავშვი „ჩემს ნივთს“, „სხვისი ნივთისაგან“ ჯერ კიდევ არ ასხვავებს, დაახლოებით 4-6 წლის ბავშვმა უკვე იცის საკუთრების საზღვრები, მაგრამ ჯერ კიდევ უჭირს შეიკავოს ბუნებრივი სურვილი, წადილი. მას მოუნდა, მან იცის, რომ ნივთი არ არის მისი, მაგრამ მაინც აიღო, ამასთან საგნის, ნივთის ღირებულება, ფასი მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. უფროსები კი ამას ხშირად უფრო მძაფრად განიცდიან მაშინ, როდესაც აღებული ნივთი ძვირფასია და ნაკლებად მწვავედ რეაგირებენ თუ ეს არის რაიმე წვრილმანი, მაგალითად: პლასტმასის სათამაშო, ფანქარი და ა.შ. რაც არ არის სწორი, რადგან როგორც ზევით აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია თვითონ ფაქტი - სხვისი ნივთის აღება, და არა ნივთის ღირებულება.

როგორ უნდა მოიქცეს უფროსი ასეთ შემთხვევაში

თავდაპირველად შეეცადეთ გაარკვიოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში: ბავშვმა იქნებ გაცვალა სათამაშო, მაგრამ თუ სათამაშო წამოიღო საბავშვო ბაღიდან, ან მეზობლისგან, ან ეზოდან ამოიტანა, ეს ქცევა უნდა განიმარტოს და გაანალიზდეს ბავშვისთვის გასაგებ ენაზე. ასევე უნდა გავარკვიოთ ბავშვის დამოკიდებულება და განცდები ფაქტის მიმართ. თუ ბავშვი დანაშაულის განცდას ავლენს, აქცენტი ნივთის პატრონის განცდებზე უნდა გადავიდეს. დაეხმარეთ ბავშვს, დააბრუნოს ნივთი ისე, რომ ბავშვმა თავი დამცირებულად არ იგრძნოს. ბავშვის ქცევა არ უნდა განიხილოთ საჯაროდ - თანატოლების და სხვა უფროსების თანდასწრებით. უმჯობესია ბავშვმა შესთავაზოს ნივთის მფლობელს სათამაშო სახლში წასაღებად ან და გაუცვალოს.

თუ ბავშვი შემჩნეულია ქურდობაში: არ უწოდოთ მას ქურდი, არ დაემუქროთ სამართალდამრღვევის მომავლით. უფროსმა უნდა აგრძნობინოს, აჩვენოს ბავშვს, რომ რაც მოხდა არ მოსწონს, ნაწყენია და აუხსნას, რომ ყოველთვის გაგებით ეკიდება ბავშვის სურვილებსა და მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად ცდილობს მის დაკმაყოფილებას.

არ შეადაროთ თქვენი ბავშვი სხვა ბავშვებს, ნუ ეცდებით, რომ ის თავს გრძნობდეს დარცხვენილად და დათრგუნულად (მაგალითად: „მე მრცხვებია შენს გამო“, „ჩემი შვილი არ შეიძლება ასე მოქცეულიყო“ და ა.შ.).

ნუ გაახსენებთ ბავშვს მომხდარს სხვა არასწორ ქცევასთან მიმართებაში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ქურდობასთან.

თუ ბავშვი ქურდობს, თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ქცევა, ოღონდ თუკი აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ ფაქტების სისწორეში. გახსოვდეთ, რომ ყველაზე მტკივნეულია უსამართლოდ დადანაშაულება.

თქვენ უნდა უთხრათ ბავშვს, რომ მისი ქცევა მიუღებელია, მაგრამ ამასთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დაარწმუნოთ მისდამი სიყვარულში, მიუხედავად იმისა, რომ მის ამ ქცევას არ იზიარებთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად ცუდი ქცევისა, ის ძალიან გიყვართ.

მასალა მოამზადა თამარ ჭარელიშვილმა

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში