ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
შური, ეჭვიანობა, „თავდაცვა“ ბავშვებში

ცნობილია, რომ ბავშვების ცხოვრებაში არსებობს გარკველი პერიოდები, როდესაც ისინი ჩვეულებრივთან შედარებით უფრო აგრესიულები, გაღიზიანებული და ჭირვეულები არიან. ეს ძირითადად ბავშვის ასაკობრივ კრიზისების პერიოდებშია. ამ ასაკში იჩენს ხოლმე თავს შური და ეჭვიანობა. ასეთი მდგომარეობის მიზეზი ძირითადად ბავშვების ნეგატივიზმთან, “მე”–ს გაცნობიერებასთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს არ არის გასაკვირი, რომ პატარას სურვილი აქვს, თანატოლს შურის ობიექტი, მაგალითად, სათამაშო მანქანა გაუფუჭოს. შური იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვი დარწმუნებულია იმაში, რომ შეუძლია, ლიდერობა სხვა გზით დაიბრუნოს.

ამ შემთხვევაში მშობელი შვილს საკუთარი პიროვნების ძლიერი და დადებითი მხარის დანახვასა და რეალიზებაში უნდა დაეხმაროს.

ეჭვიანობა – ხშირად პატარები ცდილობენ, იმეგობრონ იმ თანატოლებთან, რომლებსაც მშობლები სამაგალითოდ მიიჩნევენ. ასეთ დროს ბავშვი ძალას არ იშურებს, რომ თითით საჩვენებელ თანატოლს დაემსგავსოს, რათა ქება–დიდება დაიმსახუროს.

გარდა ამისა, პატარები დედმამიშვილებზეც ხშირად ეჭვიანობენ. იმისთვის, რომ ბავშვმა მშობლების ყურადღება მიიქციოს, არაფერს ერიდება, აგრესიასა და ეჭვიანობასაც კი. ამ შემთხვევაში “ცუდი საქციელი”, პატარას აზრით, ყველაზე კარგი გამოსავალია. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ მშობელმა ყველა შვილის მიმართ სათანადო ყურადღება გამოიჩინოს, რათა რომელიმემ სითბოსა და სიყვარულის დეფიციტი არ იგრძნოს.

თავდაცვა – ბევრი პატარა თავისი აგრესიით “თავდაცვას” ცდილობს. ბავშვის ამგვარი ქცევა უმეტესად მშობლების გავლენის შედეგია. შვილს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვა არაა და აგრესიითა და ჩხუბით ყველაფერი არ მოგვარდება. ჯობია, პრობლემა მშვიდი საუბრით გადაჭრან.

რა უნდა გავაკეთოთ?

  • მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ახსნა-განმარტებებით ბავშვს არ დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ის, თანატოლებისგან განსხვავებით, „რაღაცეებს“ მოკლებულია.
  • აუხსენით შვილს, რომ ადამიანთა შორის ქონებით ან სხვა მდგომარეობით განსხვავება დროებითია და თუ ის მოისურვებს, თავადვე შეძლებს ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლას. მთავარია, მოინდომოს.
  • კარგად გააგებინეთ პატარას, რომ ის უპირატესობა, რაც მის თანატოლს ოჯახში აქვს, იქიდან გამომდინარეობს, რომ მისი მშობლები ბევრს შრომობდნენ და წვალობდნენ, რათა ლამაზი სახლი, აგარაკი და ა.შ. ჰქონოდათ. რომ ამის მიღწევა თავადაც შეუძლია, თუ კარგად ისწავლის და ბევრს იშრომებს.
  • როგორც წესი, ბავშვურ ასაკში შურის მიზეზი ძირითადად სათამაშოებია. ის სათამაშო რომელიც თქვენს შვილს ასე ძალიან მოსწონს და აქვს მის მეგობარს, შეუძლია რამდენიმე დღით ითხოვოს. ხშირად პატარას ახალი სათამაშო მაქსიმუმ ერთი კვირა აღაფრთოვანებს, შემდეგ კი ბეზრდება.
  • შვილს ყურადღება იმ ბავშვებზე გაუმახვილეთ, რომლებიც მასზე უკეთ კი არა, ბევრად ცუდად ცხოვრობენ. აუხსენით, რომ არამარტო თქვენს ოჯახზე მდიდარი, თქვენზე ღარიბებიც არსებობენ.
  • ეცადეთ არასოდეს მოკრას ბავშვმა ყური თქვენგან ნათქვამ ფრაზას - რა კარგად ცხოვრობენ ჩვენი მეზობლები ან როგორ გაუმართლათ მათ და ა.შ. ასეთი სახის საუბრებისგან ბავშვის თანდასწრებით თავშეკავება გმართებთ.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შვილს მაშინ, როცა ის სახლშია. იყავით მის მიმართ თბილი და ალერსიანი. ეცადეთ, სახლში ისეთი გარემო შეუქმნათ, რომ არ გაუჩნდეს შურიანობის სურვილი, ასეთ შემთხვევაში პატარას შურიანობის მომენტი მინიმალური იქნება.
  • არასოდეს შეადაროთ შვილი თანატოლებს, არ აღნიშნოთ, როგორი წარმატებულია სხვა. ნუ შეაქებთ სხვის შვილს თქვენი პატარას თანდასწრებით იმის გამო, რისი გაკეთებაც თქვენსას არ შეუძლია ან ცუდად გამოსდის.
  • მიეცით საშუალება, ჩაერთოს საოჯახო საქმეებში. ხშირად შურის მიზეზი პატარას მიმართ უყურადღებობა და მისი დამოუკიდებულობის შეზღუდვაა. ამდენად, მიეცით საშუალება, თავი დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნოს.
  • საერთოდ, ბავშვი შურს სხვადასხვაგვარად გამოხატავს - ტირილით, აგრესიით და ა.შ. ასეთ დროს მშობლისთვის რთულია, მიხვდეს, რა არის ამის რეალური მიზეზი. მას შემდეგ რაც პატარა გამართულად დაიწყებს ლაპარაკს, მიაჩვიეთ, რომ თქვენთან საუბარში ყოველთვის გამოხატოს თავისი ემოციები და განცდები. ასე გაცილებით უკეთ გაერკვევით შვილის ხასიათში, ემოციური მდგომარეობაში, მასაც გაუადვილდება პრობლემებთან გამკლავება.

გარკვეულ სიტუაციებში პატარები არაადეკვატურადაც იქცევიან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ცდილობენ, მშობლებისა და ახლობლების ყურადღება მიიპყრონ. ამაზე ყველა მშობელი ხშირად უნდა დავფიქრდეთ. იქნებ ჩვენს შვილებს ყურადღება აკლიათ და სითბოსა და სიყვარულის დეფიციტს განიცდიან? აუცილებელია შვილების წარმატებების საჯაროდ აღიარება. არ შეიძლება მხოლოდ მის უარყოფით მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება.

ბავშვის ამგვარი ქმედებები მშობლებმა უნდა აკონტროლოთ, მოახდინოთ მისი კორექტირება ზედმეტი ზეწოლისა და დათრგუნვის გარეშე. შიშმა, დასჯამ, ზედმეტმა სიმკაცრემ შეიძლება ბავშვი ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მიიყვანოს, ან ერთ მშვენიერ დღეს მასში დიდი დოზით დაგროვილმა აგრესიამ ამოფეთქოს, თანაც არავინ იცის, რა ფორმით.

შვილის ასეთი ქმედებებისადმი სწორი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ისე უნდა აღვიქვათ, როგორც დროებითი გამოვლინება, რომელიც პატარას ცუდ განწყობასთანაა დაკავშირებული. გაცილებით მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, რა იმალება ყოველივეს უკან და შემდგომ კი გაითვალისწონოთ ზემოთ აღნიშნული რჩევა-დარიგებანი.

გისურვებთ წარატებებს!

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში