ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
სასკოლო გარემოსთან შეგუება

სკოლასთან პირველკლასელის ადაპტაცია სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, იმას, თუ რამდენად საინტერესო და მიმზიდველი იქნება მისთვის სკოლა და სწავლა.

ბავშვის ცხოვრებაში პირველი სასწავლო წელი არის ძალიან რთული და კრიტიკული პერიოდი, რადგან იცვლება მისი ადგილი სოციუმში, მისი ჩვეული ცხოვრების რეჟიმი. ბავშვი იღებს ახალ გამოცდილებას სოციალურ ურთიერთობეში.

სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვს უწევს ბევრ ახალ გამოწვევასთან გამკლავება, შეგუება. ადაპტაცია – ეს არის შეგუება, ახალ გარემოსთან, ახალ სიტუაციასთან. ადაპტაციის პერიოდი შეიძლება 2-3 კვირიდან ნახევარ წლამდე გაგრძელდეს. უნდა ითქვას, რომ ადაპტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ამასთან, არ არსებობს მზა რეცეპტები, რომლებიც ყველასთვის საერთო იქნებოდა და ამ საფეხურზე მყოფი ნებისმიერი ბავშვისთვის ეფექტური აღმოჩნდებოდა. თუმცა შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის ხასიათსა და ხანგრძლივობაზე.

სკოლასთან ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები:

  • ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები,
  • მისი ხასიათი, ტემპერამენტი,
  • უფროსი და-ძმის გამოცდილება,
  • ბავშვისთვის სწავლის შეყვარების პროცესში მთავარი როლები მშობლებს და მასწავლებელს აკისრიათ,
  • სასკოლო მზაობა: ბავშვს მინიმალურად მაინც უნდა ქონდეს გამომუშავებული დისციპლინის დაცვის უნარი. უნდა შეეძლოს გარკვეული დროის განმავლობაში კონკრეტული აქტივობების შესრულება, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, გაფერადება, და. ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია წესების დამორჩილება, სოციალური ადაპტაცია, შეიძლება ბავშვი გონებრივად კარგად განვითარებულია, მაგრამ ემოციურად და ფსიქიკურად მზად არაა სკოლისთვის.
  • საბავშვო ბაღის გამოცდილება: მნიშვნელოვანია, დადიოდა თუ არა ბავშვი ბაღში. თუ არ დადიოდა, შეიძლება შედარებით გაუჭირდეს შეგუება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვი ცნობისმოყვარეა და ბუნებრივად აინტერესებს სიახლის გაცნობა, მნიშვნელოვანია, როგორ მიაწოდებს ამ სიახლეს მშობელი და მასწავლებელი.
  •  სკოლისათვის ბავშვის მზაობის დონე: სხვა და სხვა მიზეზის გამო პირველკლასელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლისათვის მზაობის დონით. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური, პიროვნული და სოციალური მზაობაც. ბავშვის წარმატებულ ადაპტაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პედაგოგის პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიული უნარები ( ეს შესაძლებელია განხორციელდეს თამაშით, ბავშვისთვის საინტერესო განმავითარებელი აქტივობების გამოყენებით).
  • თვითმომსახურების უნარ-ჩვევების განვითარება: ხშირად პედაგოგისთვის სასწავლო პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა არა მხოლოდ ის, რომ ცალკეულ ბავშვებს ასაკის შესაფერის დონეზე არ აქვთ განვითარებული ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და სხვა ფსიქიკური პროცესები, არამედ ისიც, რომ მათ უმრავლესობას არ გააჩნია თვითმომსახურების ჩვევები – არ შეუძლია დამოუკიდებლად სასწავლო ნივთების ამოლაგება, ჩალაგება, დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, ჭამა. პირველკლასელი ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს ასევე განუვითარებელი აქვთ ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარი, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. მაგალითად, მასწავლებლის მარტივი ინსტრუქცია: ამოიღეთ ჩანთიდან რვეული, წიგნი და ა.შ. – ბავშვმა შესაძლოა ვერ შეასრულოს.

მშობლებისთვისაც საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რა შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ სკოლასთან ადაპტაციის პროცესი დასრულებულად და წარმატებულად.

სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნები:

  • ბავშვი მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;
  • სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის;
  • სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;
  • დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
  • სიხარულით მიდის სკოლაში
  • მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;
  • დღის ახალი რეჟიმი მისთვის კომფორტულია (არ ტირის დილაობით, არ უჭირს ღამით ჩაძინება და ა.შ.);
  • არ აქვს სკოლასთან, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები.

სკოლასთან დეზადაპტაციის ნიშნები/ შეგუების პრობლემები:

  • ბავშვი სწრაფად და ხშირად იღლება;
  • უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე.
  • შესაძლოა, უჩიოდეს თავის ტკივილს, უმადობას;
  • უჭირს საღამოს ჩაძინება და დილით გაღვიძება;
  • არ ყავს მეგობრები,
  • წუწუნებს მასწავლებლის მოთხოვნებზე;
  • ხშირად ჭირვეულობს,
  • უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ იცავს სასკოლო წესებს.

ვინაიდან სკოლასთან ადაპტაციის პროცესში წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მშობლებზე, სასურველი იქნება, თუ ისინი გაითვალისწინებენ შეთავაზებულ რეკომენდაციებს. ამით ისინი დიდ დახმარებას გაუწევენ როგორც შვილებს, ისე მათთან მომუშავე მასწავლებლებსაც, რაც, თავის მხრივ, სასწავლო პროცესში წარმატების საწინდრად (წინაპირობად) იქცევა.

რეკომენდაციები მშობლებისთვის სკოლასთან ადაპტაციის ხელშესაწყობად:

  • ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს მშობელმა დაუთმოს შვილს, დრო და ყურადღება, იყვნენ მხარდამჭერი და გაუწიონ დახმარება სირთულეების დაძლევაში.
  • მშობლების დადებითი დამოკიდებულება სკოლასთან, მასწავლებლებთან გაუიოლებს ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს;
  • აუცილებელია, სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში დავეხმაროთ ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალების და შესაძლებლობების;
  • ნუ გაგაღიზიანებთ ბავშვის წარუმატებლობა. ეცადეთ, მისი სასწავლო საქმიანობა მხოლოდ დადებითად შეაფასოთ, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მიღწეული წარმატება საკმარისი არ არის. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მის მარცხს, რადგან პატარა მტკივნეულად განიცდის მშობლის განაწყენებას.
  • ნუ ეჩხუბებით იმის გამო, რომ რაღაც კარგად ვერ გაიგო ან ვერ გააკეთა; წაახალისეთ ბავშვი დადებითი კომენტარებით, შექებით.
  • სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად სასურველია დღის რეჟიმის ორგანიზება (ძილის, გაღვიძების, ჭამის და.ა.შ.). საშინაო დავალებები უნდა შესრულდეს არა გვიან საღამოს, ძილის წინ, არამედ შუადღისას. გარდა ამისა, ბავშვს უნდა რჩებოდეს დრო თამაშისთვის, მულტფილმების საყურებლად, სასეირნოდ და ა.შ.
  • განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ფიზიკურ აქტივობებს. პატარები ყველაზე დიდი გატაცებით მოძრაობით თამაშებს თამაშობენ. სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად, გაკვეთილებზე შესვენებების მიუხედავად, ბავშვის მოძრაობითი აქტივობა შესამჩნევად მცირდება, რაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მისი ზრდისა და განვითარებისთვის, აუცილებელია, ბავშვი სკოლის გარეთაც იყოს დაკავებული მოტორული აქტივობებით და თამაშებით.
  • ხელი შევუწყოთ ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და ვასწავლოთ მას სასკოლო სირთულეებისთვის დამოუკიდებლად თავის გართმევა; ეცადეთ უპასუხოთ ბავშვის ყველა კითხვას, ვინაიდან ცნობისმოყვარეობას ამ ასაკში საზღვრები არ გააჩნია;
  • დაეხმარეთ ბავშვს თანატოლებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. სასურველია მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
  • გაითვალისწინეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი. აქტიურ ბავშვებს უჭირთ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა, დინჯი ბავშვებისთვის კი რთულია სასკოლო რიტმთან შეგუება;
  • არასოდეს არავის შეადაროთ საკუთარი შვილი. ასეთი შედარებებით შეიძლება საკუთარი თავის რწმენა დავაკარგვინოთ და თვითშეფასებაც დავუქვეითოთ. შეიძლება მხოლოდ ბავშვის დღევანდელი მდგომარეობის შედარება მის წარსულ მიღწევებთან პოზიტიურ კონტექსტში.

ადაპტაციის პროცესში ბავშვის ქცევაში აღმოჩენილი სირთულეების გამო მშობლებს ხშირად უჩნდებათ უკმაყოფილების განცდა და ამას არც ბავშვთან მალავენ, რაც პატარას შფოთვას და შიშს უძლიერებს – იმის შიშს, რომ მშობლებს იმედები გაუცრუა, ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ართულებს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვს ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა უფრო მეტად სჭირდება მაშინ, როცა სირთულეების წინაშე დგას.

მასალა მოამზადა რუსუდან სამხარაძემ

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში