ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
სასკოლო ბულინგი: დეფინიცია, ინტერვენცია, პრევენცია

სასწავლო პროცესის ხარისხის და სკოლის ზოგადი ჩარჩოს პარალელურად, სასკოლო კლიმატის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს მოსწავლეების ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოება, ასევე პოზიტიური ურთიერთობები სასკოლო გარემოში. შესაბამისად, ძალადობის და ბულინგის ამოცნობა და პრევენცია სკოლის ერთერთი ძირითადი ამოცანაა.

ძალადობა მრავალი ფორმით გვხვდება და მას შედეგებიც განსხვავებული აქვს. ძალადობის შესახებ ინფორმირებულობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სიტუაციის შეფასებისთვის, ბულინგის ამოცნობისა და შესაბამისად პრევენციის დაგეგმისთვის.

„ბულინგი აღნიშნავს ნეგატიურ ქმედებებს, რომელსაც მოსწავლე განმეორებითად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდის. ეს ნეგატიური ქმედებები ერთი ან რამდენიმე პირისგან შეიძლება მომდინარეობდეს და შეიცავდეს ფიზიკურ თავდასხმებს, ვერბალურ თავდასხმებს, ბინძურ ჟესტებს, სექსუალურ ძალადობას, მიზანმიმართულ გარიყვას ჯგუფიდან და კიბერ თავდასხმებს“.

ბულინგის მრავალმხრივი ფორმებიდან ძირითადად ისეთი შემთხვევები ხდება ცნობილი, როდესაც ძალადობას ღია ფორმა აქვს და ეს ძირითადად ფიზიკური ძალადობის დროს ხდება. ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსწავლის ნივთები ზიანდება. თუმცა ამ ღია ფორმების პარალელურად, ხშირად ვხვდებით ბულინგის ფარულ ფორმებსაც.

მკვლევრები გამოყოფენ ბულინგის ძირითად სამ ფორმას: ფიზიკური ბულინგი, ვერბალური ბულინგი და რელაციონალური ბულინგი. (Scheithauer, Petermann&Jugert, 2006).

ფიზიკური ბულინგი მოიცავს ფიზიკურ აგრესიას, როგორიცაა ხელის კვრა, ცემა, შეჯანჯღარება და ა.შ რაც ბულინგის დეფინიციის თანახმად, დიდი ხნის განმავლობაში და სპეციფიური მსხვერპლის წინააღმდეგაა მიმართული.

ვერბალური ბულინგი გულისხმობს ვერბალური აგრესიის ისეთ ფორმებს, როგორიცაა მუქარა, შეურაცხყოფის მიყენება, დაცინვა, მეტსახელის შერქმევა, ლანძღვა და ა.შ. რითიც მსხვერპლი სისტემატურად ითრგუნება.

რელაციონალური ბულინგი წარმოადგენს რელაციონალური აგრესიის სუბკატეგორიას. მისი მონათესავე კონსტრუქტებია ირიბი და სოციალური აგრესია. (Coyne, Archer&Eslea, 2006). ამ ფორმით ერთი ინდივიდი მეორის დაზიანებას ცდილობს, მისი ურთიერთობების შესუსტებით და დარღვევით. მაგ: ტყუილების და ჭორების გავრცელება, რათა მსხვერპლი არასასურველი და მიუღებელი გახდეს და სოციალურად იზოლირდეს. (Scheithauer et al., 2006). მაშინ როცა ფიზიკური და ვერბალური ბულინგი პირდაპირ და ღია თავდასხმებს აღწერს, რელაციონალური ბულინგის შემთხვევაში თავდასხმის ფარულ ფორმასთან გვაქვს საქმე, რაც გარე დამკვირვებლისთვის, მაგალითად მასწავლებლისთვის ხშირად უშუალოდ აღქმადი არ არის.

ბოლო წლების კვლევების აღმოჩენაა, ეგრეთ წოდებული კიბერ ბულინგი. (Katzer, Fechthauer &Belschak, 2009). კიბერ ბულინგი ვლინდება თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დახმარებით, როგორიცაა მობილური, ჩათი ან სოციალური ქსელები და მოიცავს შესაბამისად როგორც ვერბალურ, ისე რელაციონალურ ბულინგს. კიბერბულინგის შემთხვევაში ბულერს იდენტობის შენიღბვის და იდენტობის დამალვის მეტი საშუალება აქვს და მისი იდენტიფიცირება გაცილებით რთულია.

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ბავშვთა ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის დეპარტამენის ფსიქოლოგის, იოჰან ჰაფნერის აზრით, ბულინგის მსხვერპლებს უფრო ხშირად და ხანგრძლივად ვერბალური აგრესიის და იზოლაციის ატანა უწევთ. მათ შესახებ ავრცელებენ ტყუილებს, ჭორებს, დაცინიან და აგდებენ უხერხულ სიტუაციებში.

ამასთან, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კონფლიქტი და ბულინგი. ბულინგის შესახებ ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთი ინდივიდი სისტემატიურად არის აგრესიის მსხვერპლი, ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ბულინგისთვის არის ძალთა არათანაბრობა. მსხვერპლი ფიზიკურად სუსტია მოძალადეზე ან/და ის უმცირესობაშია.

კრიტერიუმები, თუ რა ნიშნით შეიძლება მოსწავლე იქცეს ბულინგის მსხვერპლად ძალიან ფართოა და კვლევებში ერთმნიშვნელოვანი თანხვედრა არ გვხვდება.

ბულინგის მთავარი მიზეზი ძირითადად თავდამსხმელში/ბულერში უნდა ვეძებოთ, ამბობს ბულინგის შესახებ წიგნის ავტორი ჟაკლინ ექკარდი. მოძალადეს ჭირდება აგრესიის ობიექტის პოვნა და ამ ფორმით თავის დამკვიდრება, შესაბამისად ის ადვილად პოულობს ასე ვთქვათ „სუსტ წერტილებს“ სხვა ინდივიდებში.

ამას გარდა მნიშვნელოვანი როლი აქვთ კლასის სხვა წევრებს, როგორც პუბლიკას და თანამზრახველებს.

განმეორებად თავდასხმებს მსხვერპლზე მატრავმირებელი ეფექტი აქვს და მას სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აგდებს. ხშირად მათ რცხვენიათ, იმის რაც მათ თავს ხდება და მომხდარში საკუთარი თავის დადანაშაულებას იწყებენ. ამას ემატება მოძალადის მხრიდან მუქარა, რომ ვინმესთვის თქმის შემთხვევაში უარესი მოხდება.

ბულინგში ჩართულ მოსწავლეებს ხშირად აღენიშნებათ შიშები და ფსიქოსომატური ჩივილები, რასაც ზრდასრულობის პერიოდისთვისაც აქვს მნიშვნელობა. (Kumpulainen, 2008). ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გარდა, მოსწავლეები რომლებიც ბულინგში არიან ჩართული, ძირითადად დაბალ აკადემიურ მოსწრებას აჩვენებენ, ვიდრე ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან ბულინგში ჩართულნი. თუმცა კავშირების მკაფიო განსაზღვრა და ბულინგის კონკრეტული სახეობისგან მისი გამომდინარეობა, ძალიან კომპლექსურია და რთული ინტერპრეტაციისთვის. (Konishi, Hymel, Zumbo&Li, 2010; Beran,)

ბულინგის ინტერვენციის საერთაშორისო გამოცდილება ძირითადად ეყრდნობა ნორვეგიულ პროგრამას, რომელიც შემუშავებულია დან ოლვეუსის მიერ 1995 წელს და სკოლის და ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე მოდიფიცირდება. პრევენციის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მოსწავლეების ინფორმირება არა მხოლოდ პრობლემის შესახებ, არამედ იმის შესახებაც თუ ვის უნდა მიმართონ ამ პრობლემის შემთხვევაში და რა კონკრეტული სტრატეგია აქვს სკოლას პრობლემის გადასაჭრელად. ოლვეუსის პრევენციის პროგრამა მოიაზრებს სამ დონეს: (1) სასკოლო დონეს: უკეთეს მეთვალყურეობას დასვენების დროს, ბავშვებისთვის მიმზიდველ სათამაშო ტერიტორიას, პედაგოგიურ დღეებს მშობლების ჩართულობით, სასკოლო კონფერენციის ორგანიზებას პოზიტიური სასკოლო კლიმატის შესაქმნელად; (2) საკლასო დონე: საკლასო წესების შემოღება ძალადობის წინააღმდეგ (წესები უნდა მოიცავდეს სანქციებსაც დარღვევის შემთხვევაში), კლასის საათის გამოყენება ძალადობის თემის დასამუშავებლად, კერძოდ სოციალური პრობლემის როლური გათამაშების საშუალებით გააქტიურება და გადაჭრის გზების მოძიება; (3) ინდივიდუალური დონე: „ბულერის“ ან/და „მსხვერპლის“ მასწავლებლების მომზადება პრობლემაზე სამუშაოდ, კერძოდ თუ როგორ უნდა წარიმართოს საუბარი ბულინგის ინტერაქციაში ჩართულ პირებთან, მათ მშობლებთან, განისაზღვროს, თუ რამდენად საჭიროებენ ისინი გარეშე დახმარებას, მაგალითად ფსიქოლოგის, ექიმის და ა.შ.

მშობლებმა ან/და ფსიქოლოგმა მსხვერპლს უნდა აუხსნას, რომ ის ემოციები, რასაც ის განიცდის (სირცხვილი, შიში და ა.შ) ბუნებრივია.

მნიშვნელოვანია, რომ სამივე დონე თანხვედრილად მიმდინარეობდეს და მონიტორინგიც ხორციელდებოდეს პროცესზე (შიდა სასკოლო ან ნეიტრალური მხარის).

პრევენციის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სკოლის ყველა პედაგოგი ვერ იქნება მომზადებული და შესაბამისად პასუხისმგებელი პროცესზე, ამიტომ მიზანშეწონილია მომზადდეს გარკვეული ჯგუფი, ვისაც ექნება შესაბამისი ცოდნა და შეძლებს ამ ცოდნის გაზიარებას საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება უფროსკლასელების ჩართვა ბულინგის საინტერვენციო ჯგუფებში.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პრობლემის მასშტაბურობისა ადრეულ, თანმიმდევრულ და შესატყვისად შერჩეულ პრევენციას და ინტერვენციას შეუძლია ბულინგის შემცირება და მისი მძიმე შედეგების თავიდან აცილება.

მასლა მოამზადა მარიამ ალანიამ

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში