ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
საკლასო განხილვის სცენარი მოსწავლეთა შორის ძალადობის თემაზე

საგაკვეთილო განხილვის სცენარი პედაგოგებისათვის მოსწავლეთა შორის ძალადობის (ბულინგის) თემაზე

შესაძლოა გამოყენებულ იქნას მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან

მომზადებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ორგანიზაცია PH International-ის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით.

პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

სცენარზე მუშაობდნენ: მაია ცირამუა, ფსიქოლოგი; ნინო ბესელია, სამოქალაქო განათლების ექსპერტი; მანანა ჯინჭარაძე, სამოქალაქო განათლების ექსპერტი.

ბულინგი. ჩაგვრაში მონაწილეობა თუ მხარდაჭერა?

ზუსტი ქართული შესატყვისი ამ ინგლისურ ტერმინს არ მოეპოვება. მის შინაარსში დაცინვა, აბუჩად აგდება, გამასხარავება მოიაზრება. წესისამებრ კი მას, როგორც ჩაგვრას ისე მოვიხსენიებთ.

ბულინგი/ჩაგვრა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის, ძალადობის, აგრესიის ხანგრძლივი გამოხატულებაა. ის ჯგუფური, სოციალური მოვლენაა და ყოველთვის მიმართულია ერთი და იმავე, ამოჩემებული ობიექტისკენ.

სასკოლო ბულინგი/ჩაგვრა, ხშირ შემთხვევაში, ნორმალურ მოვლენად, „ბავშვურ სიცელქედ“ აღიქმება, რაც ხელს უშლის ჩაგვრის შემთხვევების აღმოჩენას და მართვას.

ბულინგი/ჩაგვრა არის ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან მოსწავლეთა დაჯგუფების მიერ, ბავშვის დაშინების და დამორჩილების მიზნით. იგი გვხვდება როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორის ეპიზოდის შემდეგ უარესდება ბავშვის აკადემიური მოსწრება. ასეთი მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლაში ჩატარებულ საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობას, კარგავენ მეგობრებს თანაკლასელთა შორის, სწავლის ხალისს, მოტივაციას.

ჩაგვრის მსხვერპლი დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებს რეაბილიტაციას და საკუთარ თავში ჩაკეტილი, უკონტაქტო ადამიანი ხდება.

ჩვენი გაკვეთილის მიზანია:

მოზარდებმა გააცნობიერონ ქცევის ძალადობრივი ფორმები და გაიაზრონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ჩაგვრის თავიდან აცილებასა და შემცირებაში.

გაკვეთილის ამოცანაა: მოსწავლეებმა შეიმუშავონ ,,ანტიბულინგური ქცევის ალგორითმი.’’

მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას გამოიყენებს შემდეგ მეთოდებს: გონებრივი იერიშს, აზრობრივ რუკას, კითხვა-პასუხს, დისკუსიას, მორალურ დილემას, სასკოლო ცხოვრებიდან აღებული შემთხვევების განხილვა/დისკუსიას და თამაშის მეთოდს სახელწოდებით - „ძალადობის თავიდან აცილების შუქნიშანი“, რომლის საშუალებით შეეცდება შეცვალოს მოსწავლეთა დამოკიდებულება ჩაგვრისადმი.

მიღებული ცოდნის შედეგად მოსწავლეები გაკვეთილზევე შეიმუშავებენ ანტიბულინგური ქცევის ალგორითმს, ანუ განსაზღვრავენ: როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ჩაგვრის მსხვერპლნი ან შემსწრენი გახდებიან.

შენიშვნა: მასწავლებელი იწყებს გაკვეთილს მისალმებით და გამოწვევის ეტაპზე მოსწავლეებს უსვამს სადისკუსიო კითხვებს, რომლითაც მოსწავლეებს, შინაარსთან დაკავშირებულ წინარე ცოდნას უაქტიურებს და არასწორი წარმოდგენებისგამოკვეთაში ეხმარება.

მასწავლებელი: მოგესალმებით, ბავშვებო. დღეს ჩვენი გაკვეთილის თემაა ,,სასკოლო ბულინგი’’. ბულინგი უცხო სიტყვაა და მისი ზუსტი შესატყვისი ქართულში არ მოგვეპოვება. თუმცა, პარალელურ ფორმად, უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ,,ჩაგვრა’’ გამოვიყენოთ. გაკვეთილის მსვლელობისას ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და გავაცნობიეროთ, თუ რა გზას ვირჩევთ ამ პროცესში - ჩაგვრას, ჩაგვრაში თანამონაწილეობას თუ დაჩაგრულის მხარდაჭერას.

გაკვეთილის მიზანია: მოზარდებმა გააცნობიერონ ქცევის ძალადობრივი ფორმები და გაიაზრონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ბულინგის/ჩაგვრის თავიდან აცილებასა და შემცირებაში.

შენიშვნა: გაკვეთილის მიზანი დაწერილია ცალკე ფლიპჩარტზე და გაკრულია კედელზე. მასწავლებელი საუბრის დროს უახლოვდება იმ კედელს და მოსწავლეების ყურადღებას მიზნის ვიზუალიზაციაზე აკეთებს.

მასწავლებელი: მინდა გაცნობოთ, რომ გაკვეთილის მსვლელობისას შემოვიტან უცხო ტერმინთა განმარტებებს, რომელიც თემის აღქმაში დაგვეხმარება. უცხო სიტყვების განმარტება ფლიპჩარტზე განთავსდება ჩემი ასისტენტის მიერ.

ბულინგი - (ინგლისური სიტყვიდან bullying, bully)- ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის, ძალადობის, აგრესიის ხანგრძლივი გამოხატულებაა. ის ჯგუფური, სოციალური მოვლენაა და ყოველთვის მიმართულია ერთი და იმავე, ამოჩემებული ობიექტისკენ. ქართულში შეეფერება სიტყვა ,,ჩაგვრა.’’

ბულინგის გამტარებელი (Bully) - პირი, რომელიც ახდენს ფიზიკური, სოციალური ან ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირებას სხვებისადმი მიზანმიმართული ფიზიკური ან ემოციური ზიანის მიყენებით.

მსხვერპლი - პირი, რომელიც არის ბულინგის სამიზნე და რომლის მიმართაც ხორციელდება მიზანმიმართული ძალადობა.

ბულინგის შემსწრე (bystander) - პირი, რომელიც არის მოვლენების შემსწრე და თავისი პოზიციით ან პასიურია და ეთანხმება, ან იგნორირებას უკეთებს, ან ილაშქრებს მის წინააღმდეგ.

შენიშვნა: უცხო სიტყვებს მასწავლებლის მიერ შერჩეული მოსწავლე-ასისტენტი ჩამოწერს ფლიპჩარტზე.

მასწავლებელი: ახლა კი გავეცნოთ მცირე ინფორმაციას თემის ირგვლივ.

რა არის ბულინგი/ჩაგვრა?

შენიშვნა: მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეთა მხრიდან ტერმინის უკეთ გააზრებისათვის, პარალელურად გამოიყენოს სიტყვა „ჩაგვრა“

მასწავლებელი: თუ ვსაუბრობთ სასკოლო ბულინგზე/ჩაგვრაზე, იგულისხმება თანასწორ სოციალურ როლში მყოფ ადამიანებს შორის, მაგალითად მოსწავლეებს შორის ძალადობა. ჩვეულებრივ, ბულინგი/ჩაგვრა ასე განიმარტება - ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური სასტიკი მოპყრობისა და ურთიერთობის ხანგრძლივი პროცესი, ერთი ბავშვის ან ბავშვების ჯგუფის მიერ, სხვა ბავშვის (ბავშვების) მიმართ.

მასწავლებელი: დღეს ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე შემთხვევას სასკოლო ცხოვრებიდან. თუმცა სანამ განხილვას დავიწყებთ, მანამდე მინდა მოვისმინო თქვენი მოსაზრებებიც.

მასწავლებელი: რა ნიშნებით ამოიცნობთ ხოლმე, რომ თქვენ ან თქვენს თანატოლს ჩაგრავენ? გთხოვთ მიკარნახოთ, მე კი თქვენ პასუხებს ასოციაციურ რუკაზე დავაფიქსირებ.

მასწავლებელი დაფაზე ხატავს აზრობრივ რუკას, რომლის შუაგულში წერს ტერმინს ,,ბულინგი“. ხოლო მოსწავლეთა პასუხებს აფიქსირებს ფლიპჩარტზე და აკავშირებს წრესთან ხაზების საშუალებით. ყველა პასუხს იღებს, არ კამათობს კლასთან და არ შეაქვს ეჭვი მოსწავლეთა პასუხებში, თუმცა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პასუხი/იდეა წამოიღოს კლასისგან.

პასუხების ამოწურვის შემდეგ ახალ კითხვას სვამს.

მასწავლებელი: გსმენიათ თუ არა რაიმე თანატოლთა შორის ჩაგვრის, ბულინგის შესახებ?

შენიშვნა: მოსწავლეები ისტორიებს უყვებიან მასწავლებელს. საკმარისია 2-3 მოსწავლის მიერ მოყოლილი ისტორია.

მასწავლებელი: დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო პასუხები მოვისმინე. გაკვეთილის მომდევნო ეტაპზე, მასწავლებელი შინაარსის რეალიზებას და ცოდნის კონსტრუირებას ახდენს. ის ცდილობს გამოწვევის ფაზაზე გაღვივებული ინტერესი და იმპულსი შეინარჩუნოს. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, რომლის საშუალებითაც მათ უნდა შეძლონ ახალი ცოდნის კონსტრუირება, პიროვნული კავშირების გამოკვეთა, მოლოდინების გადახედვა და რეალურ პროცესთან შედარება.

მასწავლებელი: მოდით, ახლა, განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა. თქვენი ამოცანაა განსაზღვროთ, შეიცავს თუ არა ჩემ მიერ წარმოდგენილი/წაკითხული სიტუაცია ჩაგვრის/ბულინგის ნიშნებს.

ყოველი სიტუაციის შემდეგ თქვენ უნდა ასწიოთ ფერადი რგოლი, რომელიც მაგიდაზე გაქვთ, სადაც ფერები სიმბოლურად გამოხატავს თქვენს პოზიციას: წითელი - აღნიშნული სიტუაცია „ჩაგვრაა/ბულინგია“, მწვანე - „არ არის ჩაგვრა/ბულინგი“, ხოლო ყვითელი - „ვერ გადავწყვიტე’’.

შენიშვნა: მასწავლებელმა მოსწავლეებს სწორად და ზუსტად უნდა მისცეს ინსტრუქტაჟი და საჭიროების შემთხვევაში, გაუმეოროს.

სასურველია მასწავლებელმა მარტო ერთ „წითელს“ ათქმევინოს და შემდეგ „ყვითელს“. თუ რამდენიმე „წითელს“ ათქმევინა და ერთ „ყვითელს“, ადვილი სავარაუდოა, რომ „ყვითლები“ დაიწყებენ „წითლების“ პოზიციაზე გადმოსვლას და სადისკუსიოც არაფერი დარჩება...

მასწავლებელი: გთხოვთ, ყურადღებით მოისმინოთ სიტუაცია:

„იმის გამო, რომ მარი გუშინ თანაკლასელებთან ერთად „შატალოზე“ არ წავიდა, დილით, კლასში შესვლისას, მას არავინ მიესალმა“.

მასწავლებელი: გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, აღნიშნული სიტუაციის შესახებ, ფერადი რგოლების საშუალებით.

შენიშვნა: მასწავლებელი მოსწავლეთა პასუხების შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, შეკითხვით მიმართავს ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელმაც მწვანე ასწია.

მასწავლებელი: როგორც მივხვდი, შენ ფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში არ ჩანს ჩაგვრა, არ არის პრობლემა. თუ შეიძლება დაასაბუთე.

შენიშვნა: შემდეგ მასწავლებელი მიმართავს წითელრგოლიან მოსწავლეს.

მასწავლებელი: შენი აზრით აქ არის პრობლემა - ჩაგვრის შემთხვევაა. გთხოვ, დაასაბუთე.

შენიშვნა: ბოლოს მასწავლებელი მიმართავს იმ მოსწავლეს, რომელმაც ყვითელი რგოლი ასწია.

მასწავლებელი: შენი მეგობრების საუბრისას ხომ არ შეგიცვლია აზრი და ხომ არ მიემხრე რომელიმე მათგანს?

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ კლასი ერთ პოზიციაზეა, რაც შესაბამისად ერთი ფერის რგოლების აწევაში გამოიხატება, მასწავლებელი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ეკითხება მოსწავლეებს მათი არგუმენტების შესახებ.

მასწავლებელი შეაჯამებს მოსწავლეთა მოსაზრებებს, კიდევ ერთხელ აკონკრეტებს რა პოზიციები გამოიკვეთა (მაგალითად - „კლასის დიდ ნაწილს მიაჩნია“, „რამდენიმე მოსწავლის პოზიცია კი ასეთია ....“). იმ შემთხვევაში თუ კლასი გაემიჯნება, არ მოიწონებს მარის საქციელს, რადგან ის თანაკლასელებთან ერთად არ წავიდა „შატალოზე“, მასწავლებელს შეუძლია დასვას შეკითხვა - რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თანაკლასელის „დასჯა“, მისი გარიყვა, თუ მას თქვენგან განსხვავებული პოზიცია აქვს? თუ მოსწავლეები მაინც მიიჩნევენ, რომ „მარი ამას იმსახურებდა“, მასწავლებელს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია - „მე კი ვფიქრობ, რომ ყველაზე მაღალი ღირებულება ტოლერანტობა გულისხმობს სწორედ თქვენი პოზიციისგან განსხვავებული პოზიციის, აზრის პატივისცემასაც, რადგან რამდენი ადამიანიცაა სამყაროში, იმდენი აზრია“. სხვა შემთხვევაში იგი არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და გადადის გაკვეთილის შემდეგ ნაწილზე.

მასწავლებელი: მადლობა აქტიურობისა და ჩართულობისათვის.

აქტივობას, რომელიც განვიხილეთ, ,,ბულინგის შუქნიშანი’’ ჰქვია.

ბულინგის/ჩაგვრის ამოცნობა საკმაოდ რთულია, ძალადობის შემცველი ყველა ქცევა არ წარმოადგენს ბულინგს. მაგ. მშობლის მხრიდან ბავშვის ფიზიკური დასჯა, ძალადობაა, თუმცა ბულინგი არ არის;

ასევე რთულია, ისაუბრო თვალსაჩინო ძალადობრივ აქტზე, როცა თანაკლასელები არ ესალმებიან ერთ-ერთ მოსწავლეს... თუმცა ჩაგვრა სახეზეა.

არსებობს ჩაგვრის სამი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც გვეხმარება მის ამოცნობაში:

1. ერთი ან რამდენიმე ადამიანი, რომელთაც აქვთ განცდა, რომ ფლობენ რაიმე სახის - ფიზიკურ, სოციალურ ან ინტელექტუალურ უპირატესობას, ჩაგრავენ ერთ ან რამდენიმე პირს;

2. ჩაგვრა მიზანმიმართულია - გაცნობიერებულია განზრახვა, - ფიზიკური ან სულიერი ტკივილი მიაყენონ მსხვერპლს;

3. მსხვერპლის ჩაგვრა არ არის ლოკალური და ერთჯერადი, არამედ განმეორებითი, ხანგრძლივი და მუდმივია.

შენიშვნა: ეს სამი მახასიათებელი ჩამოწერილია ფლიპჩარტზე, გაკრულია კედელზე და გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები ხედავენ ვიზუალურად. დროდადრო, ქეისების განხილვისას მასწავლებელი შეიძლება რამდენჯერმე მიუბრუნდეს და ბავშვების ყურადღებაც მიმართოს მახასიათებლისკენ.

მასწავლებელი: რა მიანიშნებს ჩაგვრის არსებობაზე?

  • ძალთა ასიმეტრია ანუ განსხვავებები ძალებს შორის
  • ფიზიკური ან მორალური ზიანის არსებობა
  • შემთხვევების სიხშირე და განმეორებადობა

ბულინგის დროს ზიანდება არა უშუალოდ მსხვერპლი, არამედ ისინიც, ვინც ამ მოვლენის შემსწრე და მაყურებელია.

შენიშვნა: ჩაგვრის მიმანიშნებელი ეს ნიშნები, ფლიპჩარტზე ჩამოწერილი, რჩება კედელზე გაკრული. მას მასწავლებელი შეჯამების ეტაპზე კვლავ მიუბრუნდება.

მასწავლებელი: ჩვენ ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ ბულინგი ბავშვური ოინბაზობა, ხუმრობა, ბავშვური სიცელქეა და ა. შ. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვასხვავოთ უბრალო ხუმრობა - მიზანმიმართული ჩაგვრისაგან?

შენიშვნა: მოსწავლეების პასუხების შემდეგ მასწავლებელი ფლიპჩარტზე გამზადებულ სქემას აკრავს დაფაზე და მოსწავლეებს უხსნის განსხვავებებს ,,ბავშვურ’’ სიცელქესა და ბულინგს შორის.

ბავშვური ,,სიცელქე’’ბულინგი
ხდება შემთხვევით და „მსხვერპლიც“ შემთხვევითიაგანმეორებადია და ინციდენტის მონაწილეები არ იცვლებიან (ბულინგის გამტარებელი/მსხვერპლი)
ზიანი შემთხვევითიაზიანის მიყენება წინასწარ განზრახულია
მოსწავლეებს შორის ურთიერთობა ზოგადად არ არის დაძაბული და მიყენებული ზიანიც (ფიზიკური, ემოციური) მსუბუქიამოსწავლეებს შორის ურთიერთობაში წამყვანია ფიზიკური ან ემოციური ზიანის მიყენების მუქარა და ზოგადად ურთიერთობა დაძაბულია
ორივე „მხარეს“ აქვს თანაბარი წყენა და ბრაზიბულინგის გამტარებელი ჩანს „მშვიდი“, ხოლო მსხვერპლი ნაწყენია ან სახეზეა მძაფრი ემოციური რეაქცია
სიტუაციის მთავარ მახასიათებელს არ წარმოადგენს ძალაუფლების ან კონტროლის დემონსტრირებასიტუაციაში წამყვანია ძალაუფლებისა და კონტროლის დემონსტრირება
ქცევის მოტივაცია არ არის - ერთმა მხარემ მიიღოს ის, რაც მას სურსქცევის მთავარი მახასიათებელია მანიპულაცია იმისათვის, რომაუცილებლად მიიღოს ის, რას სურს
მხარე, რომელმაც ზიანი მიაყენა, წუხს ამაზე და გრძნობს პასუხისმგებლობასმხარე, რომელმაც ზიანი მიაყენა, ცდილობს მომხდარი უმნიშვნელო ამბად წარმოაჩინოს. გადააბრალოს სხვას ან თავად მსხვერპლს და არ გრძნობს მომხდარზე პასუხისმგებლობას
მხარე, რომელმაც ზიანი მიაყენა, მიდის კომპრომისზე და დგამს ნაბიჯებს, რათა მოგვარდეს პრობლემამხარე, რომელმაც ზიანი მიაყენა, არ მიდის არანაირ კომპრომისზე და არ ცდილობს პრობლემის გადაჭრას

შენიშვნა: სქემის გაცნობის შემდეგ, მასწავლებელი აგრძელებს თხრობას.

მასწავლებელი: ბულინგის მართვა შესაძლებელია, თუ უფროსები და თავად მოსწავლეები აღიარებენ მას, როგორც პრობლემას, შეძლებენ მის ამოცნობას და განიზრახავენ, როგორც მსხვერპლის, ასევე მჩაგვრელის დახმარებას.

ბულინგის/ჩაგვრის სწორი იდენტიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ის არსებობს პირდაპირი (ღია) და ირიბი (ფარული) ფორმებით.

პირდაპირია ჩაგვრა, როცა თანატოლები მსხვერპლს ღიად აყენებენ შეურაცხყოფას, თავს ესხმიან, ხელს კრავენ, დასცინიან და ა.შ.

ირიბი (ფარული) ჩაგვრა გულისხმობს ისეთ ქცევას, როცა ბავშვს ტკივილს აყენებენ უშუალო აგრესიის გამოყენების გარეშე. მაგალითად, არ ელაპარაკებიან, არ აძლევენ საერთო საქმიანობაში ჩართვის საშუალებას და სხვა.

შენიშვნა: პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს დაკლასისგან იღებს უკუკავშირს.

მასწავლებელი:

- იყო თუ არა თქვენთვის სიახლე წარმოდგენილ ინფორმაციაში?

შენიშვნა: მასწავლებელი პასუხების შემდეგ სვამს მეორე კითხვას.

მასწავლებელი:

- რა გეცნოთ?

შენიშვნა: მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა პასუხებს და განაგრძობს.

მასწავლებელი:

- რას გაითვალისწინებთ?

შენიშვნა: მოსწავლეთა პასუხების შემდეგ მასწავლებელი ბოლო კითხვას სვამს.

მასწავლებელი:

- რას არ ეთანხმებით?

კადრს მიღმა: გაკვეთილის ამ ნაწილის მიზანია, ვიმსჯელოთ დილემაზე და მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ აიცილონ თავიდან ბულინგი - თანატოლთა მხრიდან ჩაგვრა.

მეთოდი - მორალური დილემა მორალური განვითარების თეორიაზეა დაფუძნებული. ცნება მორალი, ზნეობა გულისხმობს ადამიანის ქცევის განმსაზღვრელ პრინციპებს, ღირებულებებსა და ნორმებს. ზნეობრიობის ოქროს წესია: „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ.’’ დილემა კლასის წინაშე აყენებს მორალურ პრობლემას. მასში, ძირითადად, აღწერილია სიტუაცია, რომელშიც მოქმედმა პირმა უნდა გააკეთოს არჩევანი მორალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ სწორად იქცევიან თუ არა მოქმედი პირები. სწორად ჩამოყალიბებულ მორალურ დილემას სამი მახასიათებელი აქვს:

1. მასში აღწერილი უნდა იყოს რეალური ისტორია;

2. დილემის გასააზრებლად დასმული უნდა იყოს რამდენიმე შეკითხვა;

3. დილემის განხილვის დროს მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან სხვადასხვა შეხედულება.

ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, როგორც პედაგოგისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის, რადგან საქმე სასკოლო კულტურაში დამკვიდრებულ ფასეულობებს ეხება. მაგალითად, იმას, რომ ძალადობის შემთხვევის შესახებ შეტყობინება, ხშირად მიუღებელი ქცევაა და მას „ჩამშვებობად“ მიიჩნევენ, რაც თავისთავად შესაძლოა ჩაგვრის დამატებით სტიმულატორად იქცეს. ამ მეთოდით მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს მოძებნოს საუკეთესო გამოსავალი, ხოლო მოსწავლე იტოვებს უფლებას თავად მოახდინოს ინტერპრეტირება და გამოიტანოს დასკვნა.

კადრში:

მასწავლებელი: რადგან დღეს თანატოლთა შორის ურთიერთობის მაგალითებს განვიხილავთ, მინდა კიდევ ერთ დილემურ სიტუაციაზე შევჩერდეთ.

სანამ უშუალოდ აქტივობაზე გადავიდოდეთ, კიდევ ერთი ახალი ტერმინი შემოვიტანოთ და განვმარტოთ:

დილემა - მდგომარეობა, რომლის დროსაც ორი ურთიერთსაპირისპირო მისაღები გადაწყვეტილებიდან თანაბრად ძნელია ერთ-ერთის არჩევა.

შენიშვნა: მასწავლებლის ასისტენტი მიდის უცხო სიტყვათა კედელთან და წერს უცხო სიტყვის განმარტებას.

მასწავლებელი: შეგახსენებთ, რომ თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად კვლავ ფერად რგოლებს გამოვიყენებთ.

ასევე მინდა გადავხედოთ ჩვენს შეთანხმებას დისკუსიის წესებისა და პირობების შესახებ:

1. არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები;

2. ყველა მოსწავლე მხოლოდ საკუთარ პოზიციას გამოხატავს;

3. როცა ერთი საუბრობს - დანარჩენები უსმენენ;

4. განსხვავებულ აზრს ვუპირისპირდებით მხოლოდ არგუმენტებით

ახლა კი გთხოვთ, ყურადღებით მოისმინოთ სიტუაცია:

,,რეზიმ იცის, რომ მის ორ თანაკლასელს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა, უკვე მერამდენე შემთხვევაა ხედავს, რომ დიტო გიოს სკოლაში მოტანილ სახარჯო ფულს სძალავს. თქვენი აზრით როგორ უნდა მოიქცეს რეზი - უნდა განაცხადოს თუ არა ამის შესახებ?

ვინც მიიჩნევს, რომ რეზიმ უნდა განაცხადოს, გთხოვთ, ასწიეთ მწვანე ბარათი.

ვინც მიიჩნევს, რომ რეზიმ არ უნდა განაცხადოს ამის შესახებ - ასწიეთ წითელი ბარათი.

ხოლო, ვინც ვერ გადაწყვიტა, უნდა განაცხადოს თუ არა - ასწიეთ ყვითელი ბარათი.

შენიშვნა: ამის შემდეგ მასწავლებელი კუთხეების მეთოდით აჯგუფებს მოსწავლეებს. თხოვს მათ იმ კედელთან შეჯგუფდნენ, სადაც მათი გადაწყვეტილების ფერის (მწვანე, წითელი, ყვითელი) ქაღალდია გაკრული.

მასწავლებელი: გთხოვთ, პოზიციების მიხედვით განთავსდით შესაბამისი ფერის კუთხეებში და ჩამოწერეთ არგუმენტები. თუ ამ პერიოდში რომელიმე თქვენგანი აზრს შეიცვლის და სხვა ჯგუფის არგუმენტს მიემხრობა, მას შეუძლია შეურთდეს იმ ჯგუფს.

არგუმენტების განხილვა დავიწყოთ მწვანე ჯგუფიდან.

შენიშვნა: მასწავლებელი არგუმენტების განხილვას იწყებს „მწვანე“ ჯგუფიდან, გადადის „წითელზე“, არგუმენტირებული მოსაზრებების მოსმენის შემდეგ კი მიმართავს „ყვითელ“ ჯგუფს, ხომ არ გადაიხარა მათი პოზიცია რომელიმე („მწვანე“ ან „წითელი“) მიმართულებით. თუ რომელიმე მოსწავლე გადაინაცვლებს „წითელ“ ან „მწვანე“ ჯგუფში, მასწავლებელი სთხოვს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება - რა დაეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში?

მასწავლებელი: გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება და დაგვიკონკრეტოთ, რა დაგეხმარათ გადაწყვეტილების მიღებაში?

შენიშვნა: მომდევნო ეტაპზე მასწავლებელი ცვლის მიცემული დავალების პირობებს.

მასწავლებელი: გთხოვთ, მოისმინოთ შემდეგი სადისკუსიო კითხვა.

1. როგორ უნდა მოიქცეს რეზი, თუ იცის, რომ დიტოს კლასში დიდი გავლენა აქვს და თუ გამჟღავნდება მისი მხრიდან საიდუმლოს გაცემის შესახებ, თანაკლასელები დაუპირისპირდებიან და „ჩამშვებად“ ჩათვლიან?

შენიშვნა: მოსწავლეების პასუხების შემდეგ მასწავლებელი გადადის. მომდევნო კითხვაზე:

მასწავლებელი:

2. როგორ უნდა მოიქცეს რეზი, თუ იცის, რომ დიტო ფულს მეგობარი გოგონას საჩუქრისათვის აგროვებს?

შენიშვნა: არგუმენტების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი კიდევ ერთ კითხვას სვამს.

მასწავლებელი:

3. როგორ უნდა მოიქცეს რეზი, თუ ფიქრობს, რომ დიტო გიოს ფულს სძალავს და მასზე სისტემატურ ზეწოლას ახორციელებს? თუ მიაჩნია, რომ საიდუმლოს გამხელით დიტოს დანაშაულისგან იხსნის, ხოლო გიოს - ჩაგვრისგან?

შენიშვნა: დისკუსიის მსვლელობისას მასწავლებელს შეუძლია ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, ამას გარდა მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს გააცნობიერონ გარდა მატერიალურისა, რა მორალური ზიანი შეიძლება მიადგეს გიოს.

მასწავლებელი: რა გრძნობა დაგეუფლებოდათ გიოს ადგილას? რას შეიძლება გრძნობდეს გიო?

შენიშვნა: მოსალოდნელი პასუხები (შიში, მარტოობა და ა. შ. ) შეიძლება არ თქვან მოსწავლეებმა (ვაჟებმა), მაგრამ შეიძლება მასწავლებელმა დააფიქსიროს ეს განცდა, როგორც საკუთარი.

მასწავლებელი: რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ შემთხვევას?

შენიშვნა: მასწავლებლის დასახმარებელი სავარაუდო პასუხებია: გიომ თავი აარიდოს სკოლაში სიარულს, უარი თქვას თანაკლასელებთან ერთად გართობაზე, სასკოლო აქტივობებში მონაწილეობაზე, ჩამორჩეს სწავლაში, გადავიდეს სხვა სკოლაში, მიიღოს ძლიერი ემოციური ტრავმა და ა. შ.

იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეები რეზის საქციელს ჩვენს კულტურაში საკმაოდ გავრცელებულ „ჩაშვებად“ ან „დასმენად“ აღიქვამენ, მაშინ მასწავლებელმა კიდევ ერთხელ უნდა გაუსვას ხაზი შემდეგ მოსაზრებას - „ჩემი აზრით ეს რეზის მხრიდან საკმაოდ გაბედული საქციელიც კია, რადგან მან კარგად იცის, რომ ამის გამო პრობლემები შეექმნება, რადგან როგორც თქვენს მოსაზრებებში გამოიკვეთა, თანატოლებმა შეიძლება მას „დამსმენის“ იარლიყიც კი მიაკრან. მაგრამ ახლა სხვა კუთხიდან შევხედოთ მის ქცევას - ის არა მარტო გიოს იცავს ჩაგვრისგან და უსიამოვნებების თავიდან არიდებაში ეხმარება, არამედ დიტოს აძლევს შანსს გაიაზროს საკუთარი ქცევა. მოგეხსენებათ, დიტოს საქციელი სამართლის ენაზე ფულის გამოძალვაა, დანაშაულია, რაც შესაძლოა მას სულაც არ აქვს ასე სერიოზულად აღქმული და დროული ჩარევის შემთხვევაში რეზი დიტოს არა მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო ქცევისაგან დაიცავს, არამედ აძლევს შანსს გაიაზროს, რამდენად ზიანის მომტანია მისი საქციელი, გიოსთვის, საკუთარი თავისთვის, ზოგადად საზოგადოებისთვის.“ შეჯამების პროცესში მასწავლებელმა ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა მან უნდა წაახალისოს მოსწავლეები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩაგვრას და დარჩეს ნეიტრალური იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დიტომ არ უნდა გააკეთოს შეტყობინება.

შენიშვნა: მოსწავლეების პასუხების შემდეგ მასწავლებელი მათ საინტერესო ისტორიას უყვება რეალური ცხოვრებიდან.

მასწავლებელი: მე მინდა ჩვენი ერთი კოლეგის მიერ მოთხრობილი რეალური ისტორია მოგიყვეთ, რომელიც ძალიან ნიშანდობლივია ჩვენი დღევანდელი თემისათვის.

,,ავტობუსით ვმგზავრობდი. ავტობუსის ბოლოში რამდენიმე მოზარდი იჯდა - გოგონებიც და ვაჟებიც. ხმაურობდნენ. უცბად მათ ერთი გამოეყო, მძღოლთან მივიდა და აღელვებულმა რაღაც უთხრა. მძღოლმა მაშინვე გააჩერა ავტობუსი და უკმაყოფილება გამოხატა. 2 ბიჭი გაიქცა.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ ბიჭებმა ავტობუსის სკამის საფარი დააზიანეს. ამხანაგებმა ისინი იმ წამსვე ამხილეს. არის ეს დაბეზღება, ჩაშვება?

გერმანული მენტალიტეტით - არა.

რატომ?

იმიტომ რომ საზოგადოება მზად არის ეს გადაცდომა კი არ დასაჯოს, არამედ იმუშაონ დამნაშავეებზე. მძღოლმა პოლიცია გამოიძახა. როცა ვიკითხე, რა ბედი ეწევათ „დამნაშავეებს", მითხრეს რომ მშობლები აანაზღაურებენ ზარალს და ბაშვები კი გაივლიან საგანმანათლებლო კურსს.

რაც შეეხებათ ე.წ. „დამსმენებს", მათი მორალი შემდეგია - ჩვენ თავიდან ავაცილეთ მათ მომავალი დანაშაული, მძღოლი დავიცავით მატერიალური ზარალისგან, ვიზრუნეთ სახელმწიფოზე.

შენიშვნა: მასწავლებელმა უნდა მიანიშნოს მოსწავლეებს, რომ იგი სიტყვას „დამსმენი“ ხმარობს ბრჭყალებში.

შეიძლება ზემოთ აღწერილი სიტუაციის შესახებ მოსაზრებები გამოთქვან ბავშვებმა, რაც მასწავლებლის მიერ უნდა იყოს წახალისებული.

კადრს მიღმა:

გაკვეთილის მომდევნო ეტაპი რეფლექსიაა, სადაც მოსწავლეებმა საკუთარ ქმედებებზე კონცენტრირება და მათი გააზრება უნდა შეძლონ: შეაჯამონ ძირითადი იდეები, გაიზიარონ ჩამოყალიბებული შეხედულებები, განსაზღვრონ მიღებული ცოდნის მნიშვნელობა და სარგებლიანობა, დასვან ცოდნის გაღრმავებისათვის ახალი შეკითხვები და პიროვნული გამოხმაურება გააკეთონ განხილულ შემთხვევებზე.

კადრში:

შენიშვნა: სასურველია, მოსწავლეებმა გამოიტანონ დასკვნები და მასწავლებელმა შეაჯამოს;

მასწავლებელმა მოსწავლეებთან საუბრისას ხაზი უნდა გაუსვას, თუ რომელი ტექნიკით ვახდენთ ბულინგის თავიდან აცილებას; მასწავლებელმა უნდა განმარტოს ანტიბულინგური ალგორითმი.

მასწავლებელი: მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქტიურობისათვის. მოსაზრებები, რომლებიც გამოითქვა, თქვენს შეხედულებებს მოიცავს. მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო იმ მოსწავლეების გამბედაობა, რომლებმაც შეძლეს და განაცხადეს ამის შესახებ.

სიტუაციის განხილვამ ბევრი პრობლემა დაგვანახა, მაგალითად ის, რომ ზოგჯერ შესაძლოა სერიოზული არჩევანის წინაშე აღმოჩნდე, დაიბნე და საზოგადოებაში გავრცელებული და აღიარებული მოსაზრებების გავლენის ქვეშ მოექცე.

შევაჯამოთ, რა ხდებოდა თანაკლასელთა ურთიერთობის სამკუთხედში: დიტო მჩაგვრელი გიოს/მსხვერპლს ჩაგრავდა, რეზი/შემსწრე კი იდგა დილემის წინაშე - თავისი პასიურობით მოსალოდნელია, ისიც მჩაგვრელად გადაქცეულიყო, რადგან მე პირადად მგონია, რომ, როგორც მჩაგვრელი აზიანებს სხვას, ასევე ის ადამიანიც, რომელიც ჩაგვრას შეესწრო, მაგრამ არაფერს აკეთებს.

მოდით, ასე დავსვათ შეკითხვა - რისი გაკეთება შეიძლება და რა იქნება სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი? ცხადია რეზის/შემსწრეს შეუძლია დიტოს/მჩაგვრელს კონსტრუქციულად უთხრას, რომ მხარს ვერ დაუჭერს, რომ მას სხვა ხედვა აქვს და ამ საქმეში მისი მოკავშირე ვერ გახდება, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს ეს აგრესიულად, ძალადობრივად, რადგან ეს ახალი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ასეთ შემთხვევებში ყველაზე უმტკივნეულო გამოსავალი უფროსისთვის (მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, მანდატური) ხმის მიწვდენაა, რითაც ის ორივე თანაკლასელს დაეხმარება. დიტოს/მჩაგვრელს ამით შანსი მიეცემა გააცნობიეროს, რამდენად ზიანის მომტანია მისი ქცევა და საბოლოოდ უარი თქვას სხვის ჩაგვრაზე, გიო/მსხვერპლი კი თავიდან აიცილებს პრობლემას.

კიდევ ერთხელ, ისევ, მინდა თქვენ მოგმართოთ შეკითხვით:

- როგორ ფიქრობთ რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციაში?

შენიშვნა: მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა პასუხებს და სვამს მეორე კითხვას.

მასწავლებელი:

- რა ნაბიჯების გადადგმაა ამ დროს საჭირო?

შენიშვნა: მეორე კითხვაზე პასუხის შემდეგ მასწავლებელი მესამე და ბოლო კითხვას სვამს.

მასწავლებელი:

- თუ შენი ძალისხმევა შედეგს არ იძლევა, რა არის გამოსავალი?

შენიშვნა: მასწავლებელი მონაცვლეობით სვამს კითხვებს. იგი ცდილობს კლასი მიიყვანოს ანტიბულინგური ქცევის ალგორითმამდე.

კადრს მიღმა:

ანტიბულინგური ქცევის ალგორითმი ბულინგის შემთხვევაზე რეაგირების ფორმაა, რომელიც სულ სამი ნაბიჯისგან შედგება.

ნაბიჯი 1 - მჩაგვრელს, ვინც თანატოლს ჩაგრავს, აგრძნობინებენ, რომ მხარს არ უჭერენ.

ნაბიჯი 2 - ჩაგვრის/ბულინგის მსხვერპლი იღებს შეტყობინებას, რომ მას მხარდაჭერას უცხადებენ, რადგან ბულინგის გამტარებელს/მჩაგვრელს, არ აყვებიან წამოწყებულ ქცევაში, რაც ამავდროულად „განაიარაღებს“ მჩაგვრელს.

ნაბიჯი 3 - შეტყობინებას იღებს უფროსი ადამიანი (მასწავლებელი, მშობელი, მანდატური, დამრიგებელი, დირექტორი), პირი, ვისი პასუხისმგებლობაც არის ჩაგვრისა და ძალადობისაგან მოსწავლეთა დაცვა.

შეჯამება კადრში:

მასწავლებელი: რას გულისხმობს ანტიბულინგური ქცევა? ვინმეს სურვილი ხომ არ აქვს განმარტოს ეს ტერმინი?

შენიშვნა: თუ არავინ უპასუხებს, მასწავლებელი აგრძელებს. თუ უპასუხებს, აქებს მოსწავლეს სიყოჩაღისთვის და აგრძელებს.

მასწავლებელი: ანტიბულინგური ქცევა გულისხმობს მჩაგვრელმა მიიღოს გზავნილი, რომ მისი ქცევა მიუღებელია. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ხელჩართულ ჩხუბში ან კონფლიქტში ჩავერთოთ, რაც ახალი აგრესიის დასაწყისი იქნება. ამ პროცესში, ქმედება არის მხოლოდ სიტყვა „შეჩერდი“ ან უსიტყვო მინიშნება, რაც იგივეს გულისხმობს.

ჩვენს მოსაზრებებს თუ თავს მოვუყრით, საინტერესო გამოსავალს მივაგნებთ, რომელსაც ანტიბულინგური ქცევის ალგორითმი შეგვიძლია ვუწოდოთ:

1. მჩაგვრელს მინიშნებით ვატყობინებთ, რომ მხარს არ ვუჭერთ;

2. მსხვერპლს ვატყობინებთ, რომ მისი მხარდამჭერები ვართ. იმით, რომ არ ავყვებით მჩაგვრელს - მსხვერპლს ვაგრძნობინებთ, რომ მისი მხარდამჭერები ვართ;

3. ბულინგის შესახებ ვატყობინებთ პასუხისმგებელ პირებს,

მოკლედ შეჯამება რომ გავაკეთოთ, აღნიშნული სამი გზავნილი მარტივია:

1. უთხარი - შეჩერდი

2. არ აჰყვე მჩაგვრელს

3. გააკეთე შეტყობინება

შენიშვნა: სამივე გზავნილი დიდ ფლიპჩარტზე წერია და გამოტანილია ვიზუალიზაციისთვის. მასწავლებელი ისმენს უკუკავშირს მოსწავლეებისაგან, რა ისწავლეს ამ გაკვეთილისგან და ბოლოს აჯამებს.

მასწავლებელი: ჩემთვის გასაგებია, რომ თქვენთვის და თქვენი თანატოლებისათვის შეტყობინება შეიძლება „ჩაშვებაა“ და თქვენთვის რთულია მიიღოთ ეს აზრი. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში კარგად ფესვგადგმულ სტერეოტიპს ვეჯახებით. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი თაობა სხვაგვარად გაიაზრებს საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. მე კი ვფიქრობ, რომ როცა ადამიანი აკეთებს შეტყობინებას ძალადობაზე, რომელიც მის ან მისი მეგობრის მიმართ განხორციელდა, ამით საკუთარ და სხვა ადამიანის უფლებებს იცავს. დიახ, ეს არის ბრძოლა საკუთარი და სხვისი უფლებებისათვის!

შენიშვნა: შეჯამების ნაწილში აუცილებელია მასწავლებელი პათეტიკური იყოს და ბოლო წინადადებას ემოციებიც ახლდეს. ფაქტობრივად ამ გზავნილით მასწავლებელი, „რეფრეიმინგს“ უკეთებს „ჩაშვებას“, საზრისს უცვლის და არქმევს სწორ სახელს - საკუთარი ან/და სხვისი უფლებებისთვის ბრძოლას. მასწავლებელი მადლობას უხდის და ემშვიდობება კლასს.

გაკვეთილის გამოწვევის ეტაპს ეთმობა - 5წთ.

სიღრმისეული წვდომის ეტაპს - 35 წთ.

უკუკავშირს - 5 წთ.

გასათვალისწინებელი შენიშვნები:

1. დილემის განხილვისას წითელი, მწვანე, ყვითელი ჯგუფების მარტივად გადასაადგილებლად სკამები მოხერხებულად უნდა იყოს განლაგებული;

2. გაკვეთილი უნდა იყოს 45 წთ.

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში