ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რა არის სტრესი და ფსიქოლოგიური ტრავმა

რა არის სტრესი?

სტრესი ცნობილი კანადელი ფიზიოლოგის ჰანს სელიეს მიხედვით, ჩვენი ცხოვრების თანმდევია და შეიძლება ითქვას, სასარგებლოც, რადგან ის ადამიანის მობილიზაციას და ცვალებად გარემოსთან შეგუებას უწყობს ხელს. მაგრამ თუ სტრესი ძლიერია და გრძელდება დიდხანს, ადამიანი ვერ ახერხებს ადაპტაციას/შეგუებას, რასაც ადამიანის ორგანიზში ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებამდე მივყავართ.

რა არის მწვავე სტრესული რეაქცია?

მწვავე სტრესული რეაქცია ვითარდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის შედეგად, დღეებისა, და შესაძლებელია, საათების განმავლობაში. მწვავე სტრესული რეაქციის დროს განსაკუთრებული როლი ენიჭება როგორც ინდივიდის მგრძნობელობას, ასევე მისი ადაპტაციის უნარს. სიმპტომები შერეული და ცვალებადია, საწყის ეტაპზე ხასიათდება: ცნობიერების შევიწროვებით, ყურადღების დაქვეითებით და ა.შ. ინდივიდს არ შეუძლია ადეკვატური რეაგირება გარეგან გამღიზიანებლებზე, შესაძლოა დეზორიენტაციაც. ხშირია პანიკური შფოთვის ნიშნები (პულსის აჩქარება, ოფლიანობა, გაწითლება). სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენს სტრესის ზეგავლენისთანავე და ქრება ორ-სამ დღეში (ხშირად რამდენიმე საათში). შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ნაწილობრივ ან სრულ ამნეზიას.

რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა?

ძალადობის, ახლობლის სიკვდილის, საკუთარი მიწა-წყლის დატოვების ფაქტები არის ტრავმული გამოცდილება, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორზე. ის თანდათან ჩნდება, ხანგრძლივია და ზოგჯერ ადამიანში პიროვნულ ცვლილებებს იწვევს. განცდა იმისა - ,,მე აღარასოდეს ვიქნები ძველებურად“ -თან სდევს ძლიერ ტრავმას.

ეს მოვლენები შეიცავენ საფრთხეს, საშიშროებას, დანაკარგს, ტკივილს. ფსიქოლოგები მათ ,,მატრავმირებელს“ უწოდებენ და ლაპარაკობენ ტრავმულ სტრესზე. ტრავმა არ შემოიფარგლება მხოლოდ მსხვერპლით. მან შეიძლება ასევე იმოქმედოს ტრავმირებული ადამიანის ახლობლებზე, ირგვლივ მყოფებზე.

ფსიქოლოგიური ტრავმა არ არის დაავადება. ეს არის ნორმალური რეაქცია არანორმალურ მოვლენაზე.

რეაქციები მწვავე სტრესსა და ტრავმაზე

რეაქციები სტრესზე და ტრავმაზე რთული და მრავალფეროვანია.

აზრები

ყველა ადამიანს, მით უმეტეს ბავშვს, სჭირდება გაუგებარი და შემზარავი მოვლენის მიზეზის ახსნა. უამრავი შეკითხვა არ ასვენებს მას. უმნიშვნელოვანსია რამდენიმე მათგანი:

  • რატომ დამემართა ეს მაიცდამაინც მე?
  • რატომ ვგძნობ და განვიცდი იმას, რასაც ვგრძნობ?
  • ვინ ვარ მე?

ამ შეკითხვაზე პასუხის მოძებნა ადამიანებს და მით უმეტეს ბავშვებს, უადვილებს მატრავმირებელ გამოცდილებასთან გამკლავებას.

რატომ დამემართა ეს მაინცდამაიც მე?

თავს გადამხდარ უბედურებაში პიროვნება საკუთარ თავს ადანაშაულებს. ზოგი ვერ ხვდება, რატომ მაინდამაინც ის არის ,,რჩეული“. პასუხების ძიებაში მას ახალი შეკითხვები უჩნდება: რატომ გადავრჩი? ბევრ ბავშვს სჯერა, რომ თავად არის პასუხისმგებელი მომხდარზე: ,,მე რომ არ დამეშავებინა, უკეთესად მოვქცეულიყავი, ეს არ მოხდებოდა. . . .“

რატომ ვგძნობ და განვიცდი იმას, რასაც ვგრძნობ?

ბევრმა არ იცის სად ან ვისთან ეძებოს დახმარება და აზრადაც არ მოსდის, რომ ეს შესაძლებელია. განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს. ისინი ჩუმად ებრძვიან საკუთარ ემოციებსა და ფიქრებს, ვერ გამოთქვამენ, ვერ აღწერენ საკუთარი რეაქციების სიღრმესა და დონეს. შესაძლოა ბავშვს მატრავმირებელ მოვლენამდე არასოდეს განუცდია ასეთი მძაფრი ემოციები. ეს უცნობი და ძლიერი გრძნობები მას ძალზე აშინებს და ხშირად ცდილობს ჩაახშოს ისინი.

ვინ ვარ მე?

ადამიანს უყალიბდება განცდა იმისა, რომ ,,აღარასოდეს ვიქნები ის, ვინც აქამდე ვიყავი’’. ფსიქოლოგიური ტრავმა მის ცხოვრებას ძირეულად ცვლის და თუ რა იქნება მომავალში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება პიროვნება ამ გამოცდილებას. ეს კითხვა სრულებით ბუნებრივად ებადება ბევრ ბავშვს. ტრავმა ცვლის მის წარმოდგენებს და ფასეულობებს, ასევე ინტერესებს.

ტრავმირებული ბავშვი

ბავშვებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, ყოველდღიური ცხოვრება კოშმარად აქვთ ქცეული და ეს კოშმარი მათ სიზმარში და ძილშიც თან სდევთ. კითხვები – “რატომ მე?” ან “რა მემართება?” ხშირად პასუხგაუცემელია, ემოციების და აზრების მორევი მთელი ცხოვრების დეზორგანიზირებას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ხშირად ტრავმული მოვლენის ნიშნები განსაზღვრავენ მასზე რეაქციებს, მაგ: ტრავმა რომელიც ხმაურს, სიბნელეს ან სიცხეს მოიცავს, განსაკუთრებით მძიმე და ინტენსიურ რეაქციებს იწვევს. ასე რომ, მოვლენები, რომლებიც სროლის ხმის, დაბომბვის ან ხანძარის “ფონზე” მიმდინარეობს ბავშვების განსაკუთრებით მძიმე ტრავმატიზაციას განაპირობებს.

  • ტრავმის დროს ხშირია ძილის დარღვევები:
    • უჭირთ დაძინება
    • ხშირი გამოღვიძებები
    • ღამის კოშმარები ტრავმის შინაარსით ან მის გარეშე
    • მარტო დარჩენის შიში
    • სიბნელის შიში
  • დაუცველობისა და უსუსურობის განცდა
  • შფოთვა მომავლის გამო
  • სირცხვილი, დაბალი თვითშეფასება, ბრალეულობის განცდა
  • რისხვა, აგრესია
  • გაუცხოვება სოციალურ გარემოსთან
  • გამოუგლოვებელი მწუხარება
  • ტრავმატული თამაშები და ქცევითი გამეორებები
  • ხანმოკლე მეხსიერების პრობლემები, სწავლის უნარის დაქვეითება
  • სხვადასხვა სახის შიშები
  • ფსიქოსომატური დარღვევები
  • შეცვლილი ქცევები:

ქცევის შეცვლის ნიშნებია:

  • მოუსვენრობა
  • ხშირი გაღიზიანება
  • სიბრაზის შეტევები
  • შეკრთომის გაძლიერებული რეაქცია (განსაკუთრებით ხმასა და მოძრაობაზე)
  • ტირილი, კივილი, სუნთქვის გაძნელება და სხვა.

ბავშვის რეაქციათა განმაპირობებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დამოკიდებულია მშობლის რეაქციებზე და ცხადია, რომ ბავშვი მით მეტად არის ტრავმირებული, რამდენადაც მეტად ტრავმირებულია მშობელი, რომელიც საკუთარი პრობლემების გამო მხარდაჭერით ვერ უზრუნველყოფს ბავშვს.

ასაკთან ერთად იცვლება ფსიქოლოგიური ტრავმის აღქმა და გაგება. ბავშვებს მუდმივად სჭირდებათ აზრის გამოტანა და გაგება იმისა რაც მოხდა, მათ უნდა გადახედონ და გადააფასონ, რა მოხდა და რა იქნება.

მასალა მოამზადა თინათინ ნორაკიძემ

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში