ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
განშორებით გამოწვეული შფოთვა ბავშვებში

განშორებით გამოწვეული შფოთვა ბავშვებში სრულიად ნორმალურია გარკვეულ ასაკობრივ პერიოდებში. დაახლოებით 7 თვის ასაკიდან სკოლამდელი პერიოდის განმავლობაში, თითქმის ყველა ბავშვი ნერვიულობს, როდესაც შორდება თავის მშობელს ან ახლობელს. მეტიც, განშორებით გამოწვეული შფოთვის ნაკლებობა შესაძლოა ასევე მიგვანიშნებდეს არასაკმარის მიჯაჭვულობაზე ან სხვა პრობლემებზე. განშორებით გამოწვეული შფოთვა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ღამით ტირილის და გამოღვიძებების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. 7-9 თვისთვის ბავშვი უკვე აცნობიერებს, რომ მშობელი მუდმივად არსებობს, მაშინაც კი თუ ის მას ვერ ხედავს. 3-4 წლამდე მშობელთან უსაფრთხო მიჯაჭვულობის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. ამაში ადვილად დარწმუნდებით როცა ნახავთ, რომ თქვენი ხმის გაგონება, დაყვავება და შეხება საკმარისია მის დასამშვიდებლად.

ჯერ კიდევ 1995 წელს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ქემბელი წერდა „კვლევათა სიმცირის გამო ჩვენ ვიცით ძალიან ცოტა შფოთვის პრობლემაზე სკოლამდელებთან“. ასევე, 2001 წელს ცნობილ ჟურნალში „ Behaviour Research and Theraphy” 4 ავსტრალიელი მკვლევარის ( Susan Spence, Ronald Rapee, Casay Mcdonald, Michelle Ingram) ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში „შფოთვის სიმპტომების სტრუქტურა სკოლამდელებში“ისევ ხაზსგასმულია, რომ არსებობს მინიმალური ინფორმაცია სკოლამდელებში შფოთვითი დარღვევების შესახებ, თუმცა სკოლამდელები ხშირად ავლენენ ქცევაში იმას,რასაც უწოდებენ შფოთვით დარღვევებს. ამის გარდა ავტორები აღნიშნავენ, რომ ცოტა რამ არის ცნობილი მაღალი შფოთვის მქონე ბავშვთა ქცევაზე და სკოლამდელთა შფოთვის სტაბილობის შესახებ. აგრეთვე არსებობს მხოლოდ მინიმალური მონაცემები სკოლამდელთა შფოთვის პრობლემების ეტიოლოგიის (წარმოშობის) შესახებ და იმ ფაქტორთა შესახებ, რომლებიც განსაზღვრავენ რომელ ბავშვებთან გრძელდება შფოთვის პრობლემები შემდეგშიც და რომელი ბავშვები გადალახავენ მათ.

სამწუხაროდ, ზოგიერთ ბავშვს უგრძელდება შფოთვა მიღებული ასაკობრივი პერიოდის შემდგომაც და როდესაც ის არის იმდენად მძიმე, რომ ხელს უშლის ნორმალური ყოველდღიური რუტინის შესრულებაში, როგორიცაა სკოლაში სიარული, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ განშორების შფოთვით აშლილობაზე. განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი აშლილობაა ბავშვთა შფოთვით აშლილობებს შორის. ეს აშლილობა იწყება სკოლამდელ ასაკში, გრძელდება შემდგომაც და აღენიშნება ბავშვების 4%-ს. ამ დროს ბავშვები გრძნობენ გადაჭარბებულ შფოთვას, ხშირად პანიკასაც კი, როდესაც შორდებიან სახლს ან მშობლებს/აღმზრდელებს. აღსანიშნავია, რომ ხშირად ის თავს იჩენს დიდი სტრესის (ახალ სამეზობლოში გადასვლა, ახალ სკოლაში შესვლა, ოჯახის წევრის ავად ყოფნა ან გარდაცვალება) შემდგომ.

ამ ტიპის აშლილობა ძირითადად პროგრესირებს ზომიერი ფორმიდან მძიმე ფორმამდე. ის შეიძლება დაიწყოს ერთი შეხედვით უწყინარი თხოვნებით ან ჩივილებით. მაგალითად, სკოლაში წასვლის წინ დილით რაღაც ფიზიკური ჩივილებით, რომელიც შემდგომში გადაიზრდება ყოველდღიურ ტანტრუმებში. ასეთ ბავშვებს აქვთ დიდი პრობლემა მოგზაურობისას, როდესაც ოჯახისგან მოშორებით წასვლა უწევთ, ისინი ხშირად უარს ამბობენ მეგობრებთან, საყიდლებზე, ბანაკებში ან სკოლაში წასვლაზე. ბევრს ოთახში მარტო დარჩენაც კი არ შეუძლია. ბავშვებს შეიძლება ეშინოდეთ, რომ დაიკარგებიან ან მშობლებს შეემთხვევათ უბედურება, როდესაც ერთმანეთისგან შორს არიან. პატარებს შეიძლება ჰქონდეთ განმეორებადი საშინელი სიზმრები, რომ მოიტაცებენ და მოკლავენ, მას ან მის მშობლებს.

განშორებისთვის თავის ასარიდებლად ბავშვები ხშირად იყენებენ ფიზიკურ ჩივილებს: თავის ტკივილს, ყელის ტკივილს, მუცლის ტკივილს, პირღებინებას. აღსანიშნავია, რომ ეს ჩივილები შეიძლება სულაც არ იყოს გამოგონილი. ამ შემთხვევაში თუნდაც მუცლის ტკივილი წარმოადგენს ფიზიოლოგიური რეაქციას – ამ გზით ორგანიზმი ცდილობს თავი დაიცვას არასასურველ სიტუაციაში მოხვედრისგან. დროთა განმავლობაში ბავშვები შეიძლება გახდნენ აპათიურები, დეპრესიულები, ჩაკეტილები... როდესაც ბავშვები მშობლებთან არიან და არ ემუქრებათ განშორება, მათ შეუძლიათ ნორმალური ფუნქციონირება. თუმცა განშორების პატარა ეჭვმაც კი შეიძლება ბავშვის „დრამატულ“ მოქმედებათა მთელი ჯაჭვი აამოქმედოს.

ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მისი ფსიქიკური განვითარება. თუ ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, ისინი ხდებიან მოთენთილები, გაღიზიანებულები, მტირალები და გარემოსადმი გულგრილები. ბავშვის არაადეკვატურ ქცევას იწვევს არაჯანსაღი კლიმატი ოჯახში, რომელიც წარმოადგენს მისი აღზრდის პირველ სკოლას. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე და მის პიროვნებათაშორის ურთიერთობებზე, ესაა ატმოსფერო ოჯახში, მშობლებთან ემოციური კონტაქტის არსებობა, ბავშვის პოზიცია, ოჯახის სტრუქტურა. სიყვარული, ზრუნვა, ყურადღება მოზრდილების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ისინი მას დაცულობის გრძნობას აძლევენ, უზრუნველყოფენ ემოციურ წონასწორობას, რომელიც ამაღლებს თვითშეფასებას. მეორეს მხრივ, ემოციური დამოკიდებულების დეფიციტი, არასაკმარისი ყურადღება ახლობელი მოზრდილების მხრიდან ხელს უწყობს ბავშვებში ნევროტიზმის, შფოთვის გამოვლენას.

სოციალურად მძიმე პირობების მქონე ოჯახი - ხშირ შემთხევვაში წყაროა ე.წ. რთული ბავშვების ასოციალური ქცევის უფროს ასაკში.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ თვითონ მშობლებს უვითარდებათ განშორებასთან დაკავშირებული სირთულეები, ჰიპერმზრუნველები ხდებიან და არ აძლევენ ბავშვს საშუალებას გამოიმუშავოს დამოუკიდებლად ძილის უნარი.

ძალიან კარგია თუ სასწავლო ან სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოიყენებენ სასწავლო აქტივობებში ან თამაში ჩართვას. ბავშვებში დაძაბულობის მოხსნის ეფექტურ ხერხს თამაში წარმოადგენს. თამაშის პროცესში ბავშვები ურთიერთობას ამყარებენ ერთმანეთთან და იძენენ კომუნიკაციურ უნარებს. სოციალური უნარები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის განვითარებაში (Ladd,1990). ამავე დროს უმცროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უჭირთ თამაშის ორგანიზება. პასიური ბავშვები, როგორც წესი, შორიდან აკვირდებიან თავისი აქტიური თანატოლების თამაშს. ამ ეტაპზე აუცილებელია უფროსის დახმარება ბავშვების ჩართვაში ერთობლივ თამაშებში.

და ბოლოს, თუ გატარებული ღონიძიებები არაეფექტური აღმოჩნდა,აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში