ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ძილის დარღვევები ბავშვებში

ძილის დარღვევა ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა, ის აღენიშნება ბავშვების 25%-ს. ძილის ხანგრძლივობა ჩვილობიდან მოზარდობამდე ნელ-ნელა, ეტაპობრივად მცირდება. ნებისმიერი მიზეზი, რომელიც გამოიწვევს ძილის ნორმალური ხანგრძლივობის შემცირებას, მოითხოვს განსაკუთრებულ დაკვირვებას.

მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდეთ ბავშვის ქცევას მისი სიფხიზლის პერიოდში, რაც ყველაზე ობიექტური მაჩვენებელი იქნება, რამდენად ყოფნის ბავშვს ძილის ის ხანგრძლივობა, რაც მისთვის ჩვეულია დღე-ღამის განმავლობაში.

ბავშვის დღის განმავლობაში ქცევაზე დაკვირვების შემდეგ უპასუხეთ შეკითხვებზე:

1) ყოველთვის ეძინება თქვენ ბავშვს მანქანით მგზავრობისას?

2) ყოველ დილას თქვენ გიწევთ ბავშვის გაღვიძება?

3) გამოიყურება თქვენი ბავშვი დაღლილად, გაღიზიანებულად, აგრესიულად და მოუსვენრად დღის განმავლობაში?

4) არის დღეები, როდესაც თქვენი ბავშვი ჩვეულზე უფრო ადრიანად იძინებს?

თუ რომელიმე აქ ჩამოთვლილ შეკითხვაზე თქვენი პასუხია „დიახ“, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია შვილს არ ყოფნის ძილი. ასეთ ბავშვებს უჭირთ საკუთარი ემოციების და ქცევის მართვა, აქვთ ყურადღების და დასწავლის პრობლემები.

რატომ არ ძინავს ბავშვს საკმარისად?

შესაძლებელია ეს რამოდენიმე მიზეზით აიხსნას: პატარა ბავშვებს ხშირად ეშინიათ ღამით მარტო დარჩენის, ასევე ძალიან ბევრ ბავშვს ეშინია სიბნელის, ხშირი მიზეზი ისეთი ცუდი ჩვევაა, როგორიცაა დღის განმავლობაში ჩათვლემა, ხშირია ჭირვეულობა „არ მეძინება“, ან როდესაც ბავშვი გადაღლის ფონზე გაღიზიანებადია, აგრესიული და მოუსვენარია . ასევე მშობლის საწოლში ძილი, სტრესული გარემო ოჯახში, დედის დეპრესია, განშორებით გამოწვეული შფოთვა, არაკომფორტული ღამის საცვლები, უხეში ლოგინის თეთრეული, საკვებით გამოწვეული ალერგია, კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ტკივილი (ყურის, მუცლის შებერილობის ან კბილების ამოჭრის), საშარდე გზების ინფექციებია და სხვა.

განვიხილოთ ძილის დარღვევის ყველაზე გავრცელებული სახეები:

ბრუქსიზმი

ბრუქსიზმი ანუ „კბილების კრაჭუნი“ საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვითაა გამოწვეული და თითქმის ყოველი მესამე ბავშვს აქვს. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ კბილების კრაჭუნი ორგანიზმში პარაზიტების არსებობის უტყუარი ნიშანია, მეცნიერულად არ დასტურდება. თვლიან, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ხდება არასწორი თანკბილვის გამო. ბრუქსიზმი მანამდე გრძელდება, სანამ კბილები არ “ჩაჯდება” ერთმანეთში. უმრავლეს შემთხვევაში ღამით კბილების კრაჭუნი ჯანმრთელობას არ ვნებს და უკვალოდ გაივლის. თუკი ბავშვს ბრუქსიზმის გამო უზიანდება კბილის მინანქარი, რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას კბილის სპეციალური დამცავები. ასევე რეკომენდებულია ბავშვებმა ძილამდე „დაღალონ” საღეჭი კუნთები, მიირთვან მაგარი საკვები. დატვირთული კუნთები ძილისას ნაკლებადაა მიდრეკილი თვითნებური შეკუმშვისკენ. კუნთების დაძაბულობას კარგად ხსნის თბილი კომპრესი, რომელიც საღეჭ კუნთებზე თავსდება ძილის წინ.

ღამის შიშები

ღამის შიშები ასაკდამოკიდებული პრობლემაა - ზრდასთან ერთად გაივლის. ბავშვებს აქვთ მათთვის საშიში სიზმრები, რომლებიც როგორც წესი, მათ ყოველთვის ახსოვთ და საჭიროებენ დამშვიდებას, იმისათვის რომ ძილი შეიბრუნონ.

ღამის შიშები შიძლება გამოვლინდეს დაძინების წინ ტირილით ან მშობლის საწოლში დაძინების მოთხოვნით. ასევე, დაწოლის შემდეგ მათ შეიძლება ბევრჯერ მოუხმონ მშობლებს სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილების მომიზეზებით.

ღამის ტერორი

ღამის ტერორი ხშირი მოვლენაა 4-12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჩაძინებიდან 1-2 საათში ბავშვი იწყებს ყვირილს, ვერ აკონტროლებს თავს, ვერ ფხიზლდება, ვერ ცნობს გარშემომყოფებს, უჭირს ადეკვატური კომუნიკაცია. ასეთ დროს უმჯობესია არ ეცადოთ ბავშვის გამოფხიზლებას, უბრალოდ დაჯექით მის გვერდით და დაელოდეთ, როდის გადაივლის ეს ეპიზოდი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 5 წუთი. როგორც წესი, მეორე დღეს ბავშვებს აღარაფერი ახსოვთ, შემდგომ კი მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისათვის.

ღამით სიარული (სომნამბულიზმი)

სომნამბულიზმი ღამის ტერორის მსგავსია, თუმცა შიშის ნაცვლად ბავშვი დგება და იწყებს სიარულს. ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა: დაკეტილი დატოვეთ კარი და ფანჯრები, თავიდან აირიდეთ ჩამოვარდნის ან სხვა საფრთხე. (ერთჯერადი შემთხვევა არ უნდა მივიჩნიოთ საშიშად, მნიშვნელობა აქვს დღის მანძილზე მომხდარ სიუჟეტებს და გამოვლინების ინტენსივობას)

ღამით ხშირი გამოღვიძებები

პარასომნიების გარდა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირია ღამით გამოღვიძებები. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ის ჩვეულებრივი მოვლენაა და აბსოლუტურად ტიპურია. მაგრამ თუ ეს 5 წლის მერეც და თან ხშირ ხასიათს ატარება, უკვე დარღვევაა. არასწორი მართვის პირობებში, ძილის შესაბრუნებლად შეიძლება ღამით კვების ჩვევა ჩამოუყალიბოს არაგათვითცნობიერებულმა მშობელმა,

რა შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც ბავშვი უარს ამბობს დაძინებაზე და ოჯახში პრობლემაა მისი დასაძინებლად წაყვანა?

ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. თვითდამკვიდრების სურვილი 9 თვიდან იწყება და 2 წლისთვის პიკს აღწევს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ბავშვს მივცეთ შეზღუდული არჩევანი ძილის აქტივობების და ძილისწინა რუტინის წესებთან დაკავშირებით. უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ ოქროს შუალედი, რომ მივაჩვიოთ ძილის რუტინას.

თუ დასაძინებლად წასვლის წინააღმდეგობას შედარებით მოზრდილი ბავშვი გიწევთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ნებაა როდის ჩააწვენთ მას ლოგინში, მაგრამ ბავშვის ნებაა როდის დაიძინებს. ამიტომ:

- ჩააწვინე ბავშვი ლოგინში მხოლოდ ძილის წინა რუტინული პროცედურების გავლის შემდეგ, მისი ძილისთვის შედარებით ოპტიმალურ დროს;

- მნიშვნელოვანია ყოველთვის დაიცვათ ერთიდაიგივე წესები: არ დართოთ ნება, ადგეს ლოგინიდან დასაძინებლად დაწოლის შემდეგ;

- არ მისცეთ საკვები, როგორც არ უნდა მოითხოვდეს;

- დააკვირდით, თუ ბავშვს დიდხანს უჭირს ჩაძინება, ეს ნიშნავს, რომ არ არის შერჩეული დაძინების ოპტიმალური დრო;

- თუ იძინებს გვიან და დილასაც გვიან იღვიძებს, დაგეგმეთ დილაობით ჩვეულ დროსთან შედარებით 10-30 წუთით ადრე გაღვიძება, სანამ ღამით ჩაძინების ოპტიმალურ დროს არ მიაღწევთ;

- მნიშვნელოვანია ბავშვმა ზუსტად იცოდეს ძილის წინა აქტივობების და რუტინის შესახებ. ეს დაეხმარება მას მეტად ემორჩილებოდეს დადგენილ წესებს.

ღამის შიშებით გამოწვეული ძილის დარღვევის დროს გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:

- დააძინეთ თქვენი პატარა განათებულ ოთახში;

- წაუხალისეთ ძილი რბილი სათამაშოებით, რომ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი;

- დატოვეთ საძინებლის კარი ღია, რომ გარიყულად არ გრძნობდეს თავს;

- მოარიდეთ ბავშვი ძილის წინ ტელევიზორს, შეუზღუდეთ კომპიუტერით თამაში;

- დღის განმავლობაში ხშირად ესაუბრეთ თავის შიშებზე;

- ასწავლეთ წარმოსახვითი საშიში არსებების დამარცხების მაგ, აუხსენით როგორ უნდა დაამარცხოს „დევი“

- გაამხნევეთ და დაამშვიდეთ, ხშირად გაუმეორეთ, რომ მის გვერდით ხართ და საფრთხე არ ემუქრება.

- შეეცადეთ პრობლემას და შიშს კი არ გაექცეს, არამედ გადალახოს ის.

- უმჯობესია დაექვემდებაროთ ბავშვის თხოვნას და შეხვიდეთ მის ოთახში, ვიდრე წაიყვანოთ თქვენს საძინებელში და დააწვინოთ თქვენს საწოლში.

მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად ახერხებს ბავშვი ძილის შებრუნებას. ამ პროცესს კი განსაზღვრავს ჩაძინებასთან დაკავშირებული ასოციაციები, როგორიცაა რწევა, კვება, თითის წოვა. თუ გინდათ ჩაძინების პროცესს ბავშვი დამოუკიდებლად შეაჩვიოთ, უნდა წაუხალისოთ ასეთი ასოციაციები: მაგ, სათამაშოსთან ჩახუტება, მატყუარა საწოვარა და ა.შ.რომლებიც უფროსების ნაკლებ ჩართულობას საჭიროებს. როდესაც ბავშვს ჩააწვენთ ლოგინში, ჩაძინებამდე უნდა მიიყვანოთ, ხოლო უშუალოდ ჩაძინების პროცესში მიეცით საშუალება, რომ თვითონ მოახერხოს ეს, თქვენგან დამოუკიდებლად.

ჩააწვინეთ ლოგინში მანამდე, სანამ ჯერ კიდევ არ ძინავს, რომ თქვენი დახმარების გარეშე დაიძინოს. რთული ტემპერამენტის მქონე ბავშვებთან ასეთი ზოგადი რეკომენდაციები საკმარისი არ არის და ინდივიდუალურად შერჩეულ ხერხს ან ფსიქოლოგს უნდა მიმართოთ.

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში