ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
აგრესია ბავშვებში

“აგრესია” ლათინური სიტყვაა და თავდასხმას ნიშნავს.

აგრესია – ეს არის ადამიანის ბუნებრივი საპასუხო რეაქცია სხვა ადამიანის ქმედებაზე ან გარემო პირობებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ კეთილდღეობას, ხოლო აგრესიულობა – ეს არის ადამიანის ხასიათის თვისება, მოქმედების სტრატეგია, რომლის დროსაც ადამიანი უფრო ხშირად ირჩევს აგრესიას, როგორც საპასუხო რეაქციას გარემოზე და სხვა ადამიანებზე.

როდის ჩნდება აგრესია?

სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი გარემო ფაქტორებსა და გამღიზიანებლებზე ორგვარ რეაქციას გამოხატავს: ის ან კმაყოფილია, ან რაღაცით გაღიზიანებული, ხმამაღლა ტირის და უფროსებს საშველად იხმობს. ასაკის მატებას ემოციების გამოხატვის მრავალფეროვნება მოსდევს, შესაძლოა გაჩნდეს აგრესია. აგრესია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. თვეების ბავშვის ყვირილი, ტირილი, უხეში მოძრაობები არის ბავშვის მცდელობა გამოხატოს ემოციები და არის აგრესიის გამოვლინება. თუმცა ეს არის საპასუხო რეაქცია არახელსაყრელ პირობებზე. რაც შეეხება ჩვევას, ის ყალიბდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ხვდება, რომ ეს არის სასურველის მიღებისა და ურთიერთობის საუკეთესო საშუალება.

აგრესიულ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, იგნორირება, მუქარა, ცემა. განასხვავებენ ორი ტიპის აგრესიას: 1) ინსტრუმენტული აგრესიის დროს აგრესია არის არა მიზანი, არამედ რაღაცის მოპოვების საშუალება. მაგალითად, როცა ბავშვი გამოხატავს ფიზიკურ ძალადობას მეგობარის მიმართ, რომელმაც მისი სათამაშო აიღო, ამით ის ცდილობს, დაიბრუნოს საკუთარი ნივთი. 2) მტრული აგრესიის მიზანი კი ადამიანისთვის ზიანის მიყენებაა. აგრესიის ეს ტიპიც, თავის მხრივ, ორგვარია: პირდაპირი და ირიბი. ა) პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში აგრესიული ქცევა მიმართულია იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც გამოიწვია აგრესია. ბ) ირიბი აგრესიის შემთხვევაში აგრესიული ქმედება ვერ ან არ ხორციელდება მისი გამომწვევის მიმართ და გადადის სხვა, ხშირად უფრო სუსტ ადამიანებსა და არსებებზე, ან საგნებზე .

ირიბი აგრესიის შემთხვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ ჭორების გავრცელებაც იმ ადამიანის შესახებ, ვისი წყენინებაც გვინდა და ერთგვარი შანტაჟიც – არის შემთხვევები, როცა ბავშვები ერთმანეთს ემუქრებიან: “თუ ნინიკოსთან ითამაშებ, მე შენ აღარ გემეგობრები!” – სკოლამდელ ასაკში უმთავრესად ინსტრუმენტული აგრესიაა გავრცელებული. კბენა, ხელის კვრა, ნივთების სროლა, ყვირილი – ეს ყველაფერი შეიძლება მოჰყვეს საყვარელი სათამაშოს წართმევას ან ბავშვისთვის მიუღებელ ნებისმიერ ქმედებას, თუნდაც ისეთს, რომელიც მისივე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვისაა გამიზნული. ზრდასთან ერთად აგრესიის გამოხატვის ფორმები იცვლება.

ასევე აგრესიის ფორმებია:

  • ფიზიკური აგრესია – ფიზიკური ძალის გამოყენება;
  • ვერბალური აგრესია – სიტყვიერი აგრესია ან ყვირილი, კივილი;
  • გაღიზიანება – ნეგატიური გრძნობების გამოხატვის მზადყოფნა;
  • წყენა;
  • უნდობლობა, ეჭვიანობა;
  • ნეგატივიზმი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიჭებს ახასიათებთ უფრო პირდაპირი და ფიზიკური აგრესია, ხოლო გოგონებს უფრო ვერბალური და არაპირდაპირი. ეს შეიძლება ნაკლებ შესამჩნევი იყოს, მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია.

ზოგადად, ასაკის მატებასთან ერთად აგრესიულობა მცირდება მაგრამ, აგრესია ყველა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს.

რა განმაპირობებელი ფაქტორები აქვს აგრესიას?

ბავშვი

ბავშვებისათვის, განსაკუთრებით კი ყველაზე პატარებისთვის, რთულია აგრესიის მართვა.

ოჯახი

ოჯახში სტრესისა და ოჯახის წევრებს შორის არსებული ნეგატიური დამოკიდებულებების შედეგად ბავშვები დაისწავლიან აგრესიას. ბავშვებს გადააქვთ მოზრდილების საქციელი, აკვირდებიან, თუ როგორ უმკლავდებიან უფროსები თავის ბრაზს.

საზოგადოება

საზოგადოება, რომელიც უგებს ბავშვებს და იცავს მათ უფლებებს, არის ისეთი საზოგადოება, რომელიც ეხმარება ბავშვებს განვითარების ყველა საფეხურზე. ისეთ ადგილებში, სადაც არიან დამხმარე უფროსები, რომლებიც სთავაზობენ ბავშვებს ჯანსაღ ალტერნატივებს აგრესიისგან თავის დასაღწევად, ბავშვები სწავლობენ როგორ გაუმკლავდნენ ისეთ სიტუაციებს, როგორიცაა, მაგალითად, აგრესიის ზრდა.

გარემო

კვლევებმა აჩვენა, რომ საცხოვრებელი პირობები, სკოლა და სამეზობლო შეიძლება იყოს აგრესიის გამომწვევი. მაგალითად, მაღალმა ტემპერატურამ ან გადაჭედილმა ქუჩებმა შეიძლება გაზარდოს აგრესია.

კულტურა

ქცევის რა სახეებს ხედავენ ბავშვები ტელევიზიით ან საზოგადოებაში? როდესაც ხალხი ცდილობს, გადაჭრას თავისი პრობლემა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მაშინ ბავშვები შეცდომით დაისწავლიან, რომ ეს არის შესაბამისი საქციელი.

რატომ არიან ბავშვები აგრესიულები?

ხანდახან ბავშვებს არ ყოფნით სოციალური უნარები ან თვითკონტროლი იმისათვის, რომ მართონ საკუთარი საქციელი. როცა ბავშვები სიტყვებით ვერ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს აგრესიის მომენტში, ისინი ხდებიან იმედაგცრუებულნი. სხვა დროს კი, მათ არ შეუძლიათ ბრაზის მზარდი დონის მართვა. ორივე შემთხვევაში აუცილებელია, ბავშვებს ვასწავლოთ მისაღები გზები მსგავსი პრობლემების თავიდან აცილებისათვის.

ძალზე მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორი – ოჯახი, ბაღი, სკოლა, მეგობრები, წიგნები, რომლებსაც უკითხავენ ან თავად კითხულობენ ბავშვები, ფილმები, რომლებსაც უყურებენ... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მათი ხასიათის ჩამოყალიბებაზე. სკოლამდელ ასაკში ბავშვებს ახასიათებთ მიბაძვა. მისაბაძი ობიექტი შეიძლება იყოს აღმზრდელი, მულტფილმის გმირი, მეზობელი... და თუ ის ობიექტი აგრესიულად იქცევა, ბავშვიც ბაძავს მას. არსებობს მოსაზრება, რომ კონფლიქტურ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტად უყალიბდებათ სამყაროზე ძალადობრივი წარმოდგენა. ისინი საფრთხეს ხედავენ იქ, სადაც ის არ არის, ნებისმიერ წარუმატებლობას, თანატოლების მხრივ თუნდაც ნეიტრალურ დამოკიდებულებას მტრულ განზრახვად აღიქვამენ და აგრესიას იყენებენ როგორც თავდაცვის საშუალებას, თუმცა მათ არავინ ემუქრება. “ყველა მე მეჩხუბება და ამიტომ ვჩხუბობ”, – ასე იმართლებენ თავს. როცა შინ ფიზიკურად სჯიან, ისინი სწავლობენ, რომ ცემა არის სირთულის დაძლევის წარმატებული გზა. აგრესიის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორია გადაჭარბებული ან დაქვეითებული თვითშეფასება. ამ შემთხვევაში ბავშვი აგრესიულ ქცევას იყენებს სხვებზე ბატონობისთვის და უგულებელყოფს მსხვერპლის ტკივილს. იმედგაცრუება, გეგმების ჩაშლაც იწვევს აგრესიულ ქცევას. ბავშვი შესაძლოა გაბრაზდეს იმის გამო, რომ დედამ ეზოში არ ჩაუშვა და ჯავრი უმცროს დაზე ან ძმაზე იყაროს.

რაც შეეხება კონკრეტულად მოზარდების აგრესიას- არსებობს უამრავი მიზეზი, რომელმაც შეიძლება მოზარდებში აგრესია განაპირობოს. ესენია:

  • უფროსების მაგალითი, თუ ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც აგრესიულობა ნორმაა, ის მაგალითს იღებს და „ჩვეულ ენაზე“ გასცემს პასუხს. ხშირად ეს გარემო არის ოჯახი, სკოლა, ეზო…
  • პროტესტი – ხშირად უფროსები ან თანატოლები აიძულებენ, უბრძანებენ ბავშვს მოიქცეს ისე, როგორც მას არ უნდა და ეს შეიძლება აგრესიის მიზეზი გახდეს.
  • ინფანტილიზმი – ხშირად აგრესიული მოზარდის ფსიქიკური და კალენდარული ასაკი არ ემთხვევა ერთმანეთს, ამ შემთხვევაში მას ჯერ არ აქვს გათვითცნობიერებული ქცევის ნორმები, რამაც შეიძლება აგრესია გამოიწვიოს.
  • მოზარდების „უცნაური“ იუმორის გრძნობა, რომელსაც უფროსები ვერ უკეთებენ სწორ ინტერპრეტაციას.
  • მოზარდის პათოლოგიური ხასიათი, მომატებული აგზნებადობა და კონფლიქტურობა (ყველაზე მძიმე მიზეზი )

აგრესია სიგნალია, რომ ბავშვის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არაა. აგრესიის გამოვლენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მშობლის არასაკმარისი ყურადღებაა. აგრესიული ქმედებით ბავშვები ზოგჯერ სწორედ ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. მიზეზი შესაძლოა ზედმეტად მკაცრი მშობლებიც გახდნენ, ასევე აგრესიას იწვევს მშობლების გადაჭარბებული ყურადღებაც, ბავშვის ზედმეტად განებივრება. ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი ყოველ აკრძალვას ან მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას აგრესიით უპასუხებს. აგრესიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საკუთარი თავით უკმაყოფილებაა. ბავშვისთვის (და არამარტო ბავშვისთვის) მნიშვნელოვანია, რომ ის უპირობოდ უყვარდეთ, ამით იგი საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობს. თუ ბავშვს არ ეყვარება საკუთარი თავი, ის ვერ შეძლებს სხვის სიყვარულს, ამ შემთხვევაში კი აგრესია სავსებით ლოგიკური ხდება. მნიშვნელოვანია ოჯახური ურთიერთობების მოდელი: თუ ოჯახის წევრები ერთმენეთს აგრესიულად ეპყრობიან გასაკვირი აღარ იქნება ბავშვის აგრესიული ქცევაც. უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები აგრესიას იმ დღეებში ავლენენ, როდესაც ვერ გამოიძინეს, ეწყინათ რაიმე, ან გაბრაზდნენ, ასევე ბავშვებზე მოქმედებს ხმაური, ვიბრაცია, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, სივიწროვე.

როგორ მოვიქცეთ?

აუცილებელია ბავშვებთან განვახორციელოთ პოზიტიური აღმზრდელობითი ღონისძიებები . მათ სჭირდებათ ისწავლონ პრობლემის გადაჭრის პოზიტიური ტექნიკები. მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა შეუქმნან ბავშვებს ისეთი გარემო, სადაც მათ შეეძლებათ დაისწავლონ პოზიტიური სოციალური ქცევა საწინააღმდეგოდ აგრესიულის, მტრულის და ანტისოციალურისა.

აგრესიული ქცევის შემჩნევისთანავე საჭიროა მისი აღმოფხვრა და საუბარი იმის შესახებ, რატომ არის ასეთი ქცევა მიუღებელი. საუბარი სამომავლოდ არ უნდა გადავდოთ, რადგან ბავშვი შესაძლოა ვერ მიხვდეს, მისი რომელი საქციელი არ მოეწონათ. მშობელი აუცილებლად უნდა ესაუბროს შვილს სხვისი ტკივილის შესახებ. თუ ბავშვი თავად დედის მიმართ გამოხატავს აგრესიას, მშობელმა უნდა აჩვენოს რეალური რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვება: მაგ.- “შენ მიკბინე, მე კი ძალიან მეწყინა და მეტკინა. შეხედე, როგორ გამიწითლდა ნაკბენი, ძალიან გთხოვ, ასე აღარ მოიქცე”, – და ა.შ.ამას ქვია ბავშვთან საუბარი საკუთარ განცდებსა და გრძნობებზე „მე-მესიჯის“ მეშვეობით; მე -მესიჯი“ – ეს არის გზავნილი ჩვენი გრძნობების შესახებ და ის პროტესტს ძალიან იშვიათად იწვევს, რადგან ის ბრალდებას არ შეიცავს. ის გულისხმობს ბავშვთან თანასწორ ურთიერთობას და მისი მეშვეობით ბავშვს საშუალება ეძლევა პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქცევაზე. ბავშვი თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს ზრდასრულისგან „ახალი ინფორმაციის“ მიღების შემდეგ.

მშობელმა უნდა მიაწოდოს შვილს ინფორმაცია ურთიერთობების მოგვარების სხვა, უფრო მისაღებ ფორმებზეც. მაგალითად: “სთხოვე შენს მეგობარს, დაგიბრუნოს სათამაშო”,.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება, თავადაც აგრესიული ტონით მივცეთ შენიშვნა ბავშვს და მოვთხოვოთ, ასე აღარ მოიქცეს. გარდა ამისა, აკრძალვა უნდა იყოს დასაბუთებული, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა უხეში სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად მოიძებნოს უფრო ეფექტური მეთოდები, მაგალითად, აგრესიული ქცევის განმეორების შემთხვევაში ბავშვისთვის სასიამოვნო აქტივობის (ეზოში ჩასვლა, პარკში გასეირნება, მულტფილმის ყურება) მოკლება, ხოლო მისაღები ქცევის შემთხვევაში – დაჯილდოება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად გულისხმიერები არიან თავად მშობლები სხვა ადამიანების მიმართ.

პრაქტიკული რჩევები მშობლებს:

* ეცადეთ, მოარიდოთ ბავშვი გადაცემებს, მულტფილმებს, ზღაპრებს, რომლებშიც ძალადობა გამართლებულია.

* აკონტროლეთ საკუთარი მეტყველება და ემოციები, განსაკუთრებით – ბავშვებთან საუბრისას.

* ბავშვების ყურადღება გადაიტანეთ პროსოციალურ ქცევაზე. დაანახვეთ, რომ მნიშვნელოვანია სხვისი აზრის გათვალისწინება, სხვისი დახმარება.

* თუ ბავშვმა გაბრაზებისას დაამტვრია ან მიყარ-მოყარა თავისი ნივთები, სთხოვეთ, თავისი ნამოქმედარი აალაგოს. ნუ მისცემთ ამას სადამსჯელო დატვირთვას; უბრალოდ, ბავშვმა უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობა თავისი საქციელის შედეგის გამო.

* აუცილებლად აღნიშნეთ, შეაქეთ და წაახალისეთ ბავშვის კარგი საქციელი. თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ბავშვებს უმეტესად საყვედურით მიმართავენ და უკვე ჩადენილი ქმედებისთვის სთხოვენ პასუხს ან უკრძალავენ რაიმეს. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ უარყოფით მხარეებზე, აუცილებლად შეაქეთ და მოიწონეთ ღირსებებიც, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგალითად, თუ ბავშვი მოთმინებით ელოდება საკუთარ რიგს თამაშის დროს ან უთმობს თავის სათამაშოს სხვას.

* სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის აუცილებელია დღის საგანგებო რეჟიმი. ის საკმაო დროს უნდა ატარებდეს სუფთა ჰაერზე, კარგად ისვენებდეს და ახერხებდეს გამოძინებას, ხარჯავდეს საკმარის ენერგიას მისი ფიზიკური განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობებში.

ასევე მშობლებს ვურჩევ, უარი თქვან ურთიერთობის ნეგატიურ სტილზე, როგორიცაა:

• ბრძანებების, მუქარისა და ბრალდებების გამოყენება;

• ბავშვის ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფა;

• ბავშვის გრძნობების, სურვილებისა და ინტერესების იგნორირება.

ურთიერთობის ამგვარი სტილი ბავშვს უბიძგებს ბრძოლისა და საპასუხო აგრესიისკენ სამაგიეროს გადახდის მიზნით. ასე რომ, სიტუაციის გამოსწორებისთვის,

მშობლის უნარები:

• „აქტიურად უსმინოს“ ბავშვის შინაგან სამყაროს, ბავშვის გრძნობებს;

• არ შეაფასოს ბავშვის პიროვნება და აქცენტი პიროვნების ნაცვლად ქცევაზე გაკეთდეს;

• დაინახოს პოზიტიური განზრახვა ბავშვის სიტყვებსა და ქმედებებში;

• ფლობდეს საკუთარი ემოციური მდგომარეობის თვითრეგულაციის მექანიზმებს.

ასწავლეთ ბავშვს ნეგატიური ემოციების სოციალურად სასარგებლო აქტივობებში გამოყენება, მაგ., ხატვა, ემოციების გადატანა ნახატზე, ავარჯიშეთ მეტყველებაში, რათა სიტყვებით შეძლოს საკუთარი ემოციების გამოხატვა, ეს ბავშვისთვის იქნება მესიჯი, რომ შესაძლებელია ნეგატიურ ემოციებზე საუბარი და აგრესია ერთადერთი გამოსავალი არაა. თუ ბავშვი აღგზნებულია, ყვირის, მუშტებს გირტყამთ, ჩაეხუტეთ მას, შესაძლოა პირველი წუთები მძიმე იყოს, თუმცა შედეგს აუცილებლად მიიღებთ, ნელ-ნელა კი შეამჩნევთ როგორ დამშვიდდება. მიეცით თავისუფლება, დამოუკიდებლობა არჩევანში, ამით მას პასუხისმგებლობის გრძნობას განუვითარებთ. ხშირად გაუმეორეთ, რომ როდესაც დასჭირდებით, აუცილებლად მის გვერდით იქნებით. აუხსენით ბავშვს აგრესიის საბოლოო ნაკლებეფექტური შედეგი, თუ ის მიაღწევს თავისას კონკრეტულ მომენტში (ბავშვს წაართვა სათამაშო) მშვიდი ტონით განუმარტეთ, რომ შემდგომში არავინ აღარ მოინდომებს მასთან თამაშს და მარტო დარჩება, რაც ძალიან არამიმზიდველი იქნება ბავშვისთვის.

თუ პრობლემა სერიოზულია, დაყოვნება არ შეიძლება – როდესაც მშობელი ხვდება, რომ თავად ვერ უმკლავდება შვილის აგრესიას, აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს.

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში