ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ადიქცია

მთელს მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც, საგანგაშოა ბავშვებსა და მოზარდებში ადიქციური ქცევის პრობლემა. ეს არის ისეთი სახის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა ვინმეს, ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშეც ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. ამ დროს დამოკიდებულების საგანი მთლიანად მოიცავს ადამიანს, მის ყოველდღიურობას და დანარჩენი ცხოვრებისეული მოვლენები სრულებით კარგავენ აქტუალურობას. ადიქციის გამოვლინებებია: კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის მოხმარება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ. ბავშვებსა და ახალგაზრდებში განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული კიბერ დამოკიდებულების პრობლემა, რაც კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ნიშნავს. 

ბავშვის თვითშეფასება ყალიბდება გარემოს, უპირველეს ყოვლისა მშობლის ზემოქმედებით. არაადეკვატური თვითშეფასება (მის რეალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამოდ მაღალი, ან დაბალი) ხშირად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენის, განვითარებისა და ჩამოყალიბების, რაც ხშირად გამოიხატება ადაპტაციის უნარის დაქვეითებაში, საკომუნიკაციო უნარების არასწორ განვითარებასა და ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქოსომატური სიმპტომების გაჩენაშიც კი.

ადაპტაციის უნარის დაქვეითების ერთ-ერთი გამოხატულებაა, როცა ბავშვს/მოზარდს უჭირს არსებულ რეალობასთან შეგუება და ანაცვლებს მას წარმოსახვითი რეალობით (კომპიუტერული თამაშები, სოციალური ქსელები და ა.შ.), სადაც თავს მეტად კომფორტულად გრძნობს, რადგან ვირტუალურ სამყაროში მას აქვს იმ სურვილების, მოთხოვნილებებისა და ოცნებებს რეალიზების საშუალება, რასაც ვერ ახერხებს რეალურ სამყაროში. თუმცა, ეს ყოველივე, არის დროებითი და ასეთი „რეალიზაცია“ გარკვეული დროის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური

პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.

მშობლების არაინფორმირებულობა ხშირად ხდება აღზრდაში დაშვებული შეცდომების მიზეზი, რაც შემდგომში ბავშვში იწვევს ადიქციური ქცევის ჩამოყალიბებას, ადიქციური ქცევის ნიშნები შესაძლებელია მცირე ასაკშივე გაჩნდეს. ეს პრობლემები ჩნდება იმ ასაკიდან, რა ასაკშიც მშობლები ბავშვს აჩვევენ კომპიუტერზე, ipad-ზე, მობილურზე თამაშს, ტელევიზორის ყურებას და ა.შ. ეს ქცევა გადადის ჩვევაში, შემდგომში ჩნდება აქტივობის განმეორების სურვილი და ბოლოს, მოთხვნილება. მშობლების მხრიდან წახალისება კი ამ ჩვევის გამყარებას იწვევს. მაგალითად, დაკავებულ ან დაღლილ მშობლებს, რომლებსაც ბავშვებისგან დასვენება უნდათ, თავად თავაზობენ ბავშვს, მობილურს, კომპიუტერს, ipad-ს. ამას ხშირად ბავშვის შექება მოყვება: „კარგი ბავშვი ხარ, ამდენი ხანი ჩუმად, რომ ითამაშე და ხელი არ შემიშალე ...., რა კარგია, რომ გაიმარჯვე ამ თამაშში....... და ა.შ.“. რაც განამტკიცებს ადიქციურ ქცევას. ცხოვრების თანამედროვე სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ხშირად ორივე მშობელი დაკავებულია, ცოტა დრო რჩებათ ბავშვთან ურთიერთობისთვის, შესაბამისად, ბავშვი განიცდის ყურადღებისა და კომუნიკაციის დეფიციტს მშობელთან და ამ დანაკლისს ანაცვლებს არარეალური (ვირტუალური) სამყაროთი ( მულტფილმები, კომპიუტერული თამაშები, სოციალური ქსელები და ა.შ). ასევე აღსანიშნავია, რომ მშობლის ბავშვის გვერდით ყოფნა, ყოველთვის არ ნიშნავს ემოციურ თანადგომას, ბავშვს ჭირდება მშობლებთან ურთიერთობა (ხშირი საუბრები, თამაში, წიგნების კითხვა და ა.შ), თანატოლებთან ურთიერთობა, ენერგიის დახარჯვა-ფიზიკური აქტივობა, სპორტით დაკავება, ბუნებასთან ურთიერთობა და ა.შ. დაკვირვებულ მშობელს შეუძლია ამოიცნოს ადიქციური ქცევის გამოვლინებები: ბავშვს უვიწროვდება ინტერესების სფერო, ინტერესს იჩენს მხოლოდ დამოკიდებულების საგნის მიმართ, რეალურ ურთიერთობებს ანაცვლებს ვირტუალურით, ხშირად მისი ემოციები კარგავს სიმძაფრეს და ზოგიერთ შემხვევაში ადეკვატურობასაც, უქრება სურვილი ახლო მეგობრებთან და ხშირად ოჯახის წევრებთან ურთიერთობისაც კი, აკვიატებული აქვს ერთი და იგივე ქცევა, (მაგალითად ბავშვი გაღვიძებისთანავე კომპიუტერთან ჯდება) ხშირად უჩნდება ძილის და კვების დარღვევა, ეცვლება ხასიათი და ა.შ. დამოკიდებულ საგანთან არყოფნის შემთხვევაშიც, უჩნდება ძლიერი სურვილი დაუბრუნდეს დამოკიდებულების ობიექტს. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთის აღმოჩენა რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად აქვს დამოკიდებულების პრობლემა. სიმპტომთა ერთობლიობა და სიმძაფრე განსაზღვრავს აღნიშნული პრობლემის არსებობას, თუმცა, პრევენციის მიზნით ცალკეული სიმპტომიც საყურადღებოა. სოციალურ ქსელებზე, კომპუტერზე და მობილურ ტელეფონზე ადამიანის დამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: დეპრესია, კლინიკური დეპრესია, ნევროტული სიმპტომატიკა, კვების და ძილის დარღვევა, ჯანმრთელობის პრობლემები და ა.შ.

პრევენციის მიზნით, რომ ბავშვი არ გახდეს დამოკიდებული რაიმეზე, აუცილებელია, მშობლისგან არ იყოს პროვოცირებული და წახალისებული ზემოთ აღნიშნული ქცევები, ხოლო ბავშვის სურვილის შემთხვევაში, სასურველია აკრძალვის გარეშე (აკრძალვა ყოველთვის ამძაფრებს სურვილს) დროის რეგლამენტირება (კვირაში იმდენი საათი, რამდენი წლისაც არის ბავშვი) და ქცევის ჩანაცვლება ერთმნიშვნელოვნად ბავშვის ინტერესებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე აქტივობებით. ​ 

მასალა მოამზადა მარიამ დავითაშვილმა

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში