საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
საგანმანათლებლო დაწესებულების,
მანდატურის სამსახური
ჯიუტობა - ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის

ბავშვის პიროვნების ფორმირებას საფუძველი ეყრება სკოლამდელ ასაკში, მაგრამ მის დასრულებას მრავალი წელი ჭირდება. თუ ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ ბავშვის პიროვნების სწორად ჩამოყალიბების პროცესს, უნდა ვიცოდეთ, მოცემულ ასაკში რა მოთხოვნილებები გააჩნია ბავშვს. ყველაზე ადრეული სიყვარულის, ალერსის მოთხოვნილებაა. შემდეგში, უსმენს რა უფროსების მიერ მისი საქციელის შეფასებას, პატარას უყალიბდება ზნეობრივი ქცევის ნორმები. ბავშვის ისეთი მოქმედებები, რომლებიც უფროსის მოწონებას, შექებას იმსახურებს, მასში ავითარებს სიამაყის გრძნობას. პატარა ამაყობს საკუთარი დადებითი თვისებების გამო, როგორიცაა: სამართლიანობა, გამბედაობა, ფიზიკური ძალა, თანატოლების მიმართ თანადგომა, გულკეთილობა და სხვა. პარალელურად ჩნდება სირცხვილის გრძნობაც. ბავშვი დაირცხვენს, როცა იგი ისე არ მოიქცევა, როგორც მისგან მოელიან. რცხვენია სიმხდალის, სიხარბის, უხეშობის - ასეთი გრნობები განსაკუთრებით ისეთ ბავშვებში ვითარდება, რომელთა საქციელსაც ხშირად აძლევენ ღირებულებით შეფასებას. 3-4 წლის ასაკში წინ წამოიწევს უფროსებთან ურთიერთობის შინაარსობრივი მხარე. ბავშვისათვის ზრდასრული ბევრ საინტერესო ინფორმაციას ფლობს, ყველა მის შეკითხვას პასუხობს. სწორედ აქ ხდება ბავშვის პიროვნების გამომჟღავნება - იღვიძებს „მე“-ს ცნობიერება.

ბავშვის აღზრდისას ვიყენებთ აკრძალვებს, რითაც ხელს ვუშლით მათი ზოგიერთი სურვილის დაკმაყოფილებას: პირში ხელი არ ჩაიდო, არ ირბინო, ასე არ ვარგა, ასე არ გააკეთო და ა.შ. რა თქმა უნდა, ერთხელ ნათქვამი არ ესმით, ვერც გაიგებენ, იმიტომ, რომ პატარას არ ესმის, რატომ უკრძალავენ სასურველს, რატომ უყვირიან, მისი აღქმით რატომ აყენებენ ტკივილს. ერთ-ერთი ქალბატონი იხსენებს: „როცა ჩემს გოგონას რამეს ვუკრძალავდი და ამ აკრძალვას დასჯითაც ვამყარებდი, მე მას ვუხსნიდი, თუ რატომ ვაკეთებდი ასე და დარწმუნებული ვიყავი ჩემი ქცევის სისწორეში, მაგრამ, როცა ჩემი შვილი გაიზარდა და ჩვენ ერთად დავიწყეთ წარსულის ანალიზი, აღმოჩნდა, რომ ის, მიუხედავად ჩემი ახსნა-განმარტებისა, მაინც ვერ ხვდებოდა რატომ ვსჯიდი მას“. სწორედ ასეთი დამოკიდებულების ფონზე იწყება ბავშვის ბრძოლა თავისი უფლებებისათვის, დამოუკიდებლობისათვის.

სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვი უფროსის მორჩილებაშია როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. კონფლიქტი შეიძლება იყოს პიროვნებებს შორის და სანამ ბავშვის პიროვნებას ჯერ არსებობა არ დაუწყია, ეს კონფლიქტი არ ჩანს. 2 წლის ასაკიდან იწყება პირველი ჯიუტობის პერიოდი, იგი პიკს 3 წლის ასაკში აღწევს და გრძელდება 4 წლამდე. ბავშვის პიროვნების ფორმირების გრძელ გზაზე ეს არის პირველი სერიოზული ხანა. ბავშვის ურთიერთობა დიდებთან რადიკალურად იცვლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მშობლებმა ხშირად არ იციან ამ ასაკის ბავშვის მოთხოვნილების ბუნება, საქმიანობა, რომელიც მას სიამოვნებას ჰგვრის და რომლის შეზღუდვაც პროტესტს იწვევს, მაშინ გასაკვირი არც არის მათ შორის ხშირი კონფლიქტი.

ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის პირველ გარდატეხის ასაკში (2-4 წ.) გამოვლენილ ძირითად სიმპტომებზე. ამ ასაკში ვხვდებით მეტად საყურადღებო გამოვლინებას - ნეგატივიზმს, ანუ, როცა ბავშვი დემონსტრაციულად არ ასრულებს უფროსის მითითებას. არ უნდა ავურიოთ ნეგატივიზმი ურჩობაში. მაგ.: ურჩობის დროს, ბავშვი თავს ვერ ანებებს თამაშს, იმიტომ, რომ ეს მისთვის სასიამოვნო მოქმედებაა და სურს, რომ მას მივცეთ თამაშის დამთავრების საშუალება, ნეგატივიზმის დროს კი მას შეიძლება ძალიან უნდოდეს თამაში, მაგრამ არ ითამაშებს, იმიტომ, რომ ის უფროსმა მოთხოვა.

ჯიუტობის პერიოდის მეორე სიმპტომია ჟინიანობა. მაგ.: ბავშვს სთხოვეს ლექსი წაეკითხა, მან კი უარი განაცხადა. შემდეგ უთხრეს, რომ დაასაჩუქრებდნენ, მაგრამ ახლა თავს იკავებს იმიტომ, რომ უარი უკვე ნათქვამია და „სიტყვას ვერ გადავა“.

სიჯიუტის პერიოდის მესამე სიმპტომია ჭირვეულობა. ის გარეგნულად ჰგავს ნეგატივიზმს, მაგრამ მათ შორის მაინც არის განსხვავება. ბავშვის ჭირვეულობა მიმართულია ოჯახში დამკვიდრებული აღზრდის წესების მიმართ, რაც სულს უხუთავს ბავშვს. ჭირვეულობას ახასიათებს ბავშვის მიერ თავისი სურვილის გატანის მისწრაფება. თუ ჯიუტობას ბავშვის განებივრებაც დაერთო, მეტად მძიმე შედეგს ვღებულობთ.

ჯიუტობის მეოთხე სიმპტომია თვითნებობა. ეს არის ბავშვის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის გამოხატულება. გარეგნულად ეს იმაში გამოიხატება, რომ მას ყველაფრის გაკეთება თვითონ უნდა. შესაბამისად, ამ მოთხოვნებს ანგარიში უნდა გაეწიოს.

ამ ასაკს ახასიათებს სხვა სიმპტომებიც, რომელთაც მეორეხარისხოვანს უწოდებენ. ესენია: პროტესტი, ამბოხი (თითქოს ბავშვი ყველას უპირისპირდება), ღირსების გაუფასურება, მაგ.: ბავშვი დედას ეძახის სულელს, სათამაშოს მიაწერს ცუდ თვისებებს და სხვა. იმ ოჯახში, სადაც ერთადერთი ბავშვია, შეინიშნება ეგოიზმის გამოვლენა. იქ კი, სადაც ბევრი ბავშვია, შეიძლება გაჩნდეს ეჭვიანობის გრძნობა, რასაც იწვევს ერთ-ერთ შვილზე ყურადღების უპირატესი გადატანა.

ბავშვი თვითდამკვიდრებისთვის იწყებს ბრძოლას და ეს პროცესი არ წყდება პირველი ჯიუტობის ხანის გავლის შემდეგაც. იგი ხან ნელდება, ხან მწვავდება.

 

მასალა მოამზადა ლალი ცერცვაძემ

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში