საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
საგანმანათლებლო დაწესებულების,
მანდატურის სამსახური
კომუნიკაცია

             კომუნიკაცია და დასწავლის ეტაპები

კომუნიკაციის ცნება, არსი და რაობა  

კომუნიკაცია არის ადამიანთა საბაზისო მოთხოვნილება. ადამიანი სოციალური არსებაა და მას ყოველდღიურად უამრავი კონტაქტის დამყარება უხდება. კომუნიკაციის მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მისი ეფექტურად წარმართვა. კომუნიკაცია, თავისი არსით, საკუთარი აზრების, გრძნობებისა და იდეების სხვებისათვის გაზიარებას გულისხმობს. კომუნიკაცია არის რთული პროცესი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გადავცემთ შეტყობინებებს, ვახდენთ მათ ინტერპრეტაციასა  და კოორდინაციას, რათა ურთიერთობა გვქონდეს სხვებთან და მივაღწიოთ სოციალურ მიზნებს. კომუნიკაციის დროს საქმე გვაქვს შეტყობინებებთან, რომელიც შედგება ვერბალური სიმბოლოებისგან (სიტყვები), არავერბალური  სიგნალების (ქცევები) და შესაძლოა ვიზუალური ხატებისგან, რომლებიც აზრებისა და გრძნობების გადაცემისათვის გამოიყენება. გააზრებისა და ანალიზის გზით, ჩვენ ვახდენთ სხვა ადამიანების შეტყობინებების ინტერპრეტაციას, ზოგჯერუფრო ზუსტად, ძირითადად კი შეცდომით. კომუნიკაციის ეფექტური უნარის ქონა პიროვნების პირად, კარიერულ და სოციალურ  სივრცეში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

დასწავლის ეტაპები, შეცდომები კომუნიკაციაში, ლოგიკური დონეები და მათი პრაქტიკული გამოყენება  

სწავლის პროცესი ბავშვობიდან იწყება და მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარეობს. ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე რაღაც ახალს ვსწავლობთ, ეს იქნება სიარული, ლაპარაკი, უცხო ენის შესწავლა თუ მანქანის ტარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და თავის თავში აუცილებლად მოიცავს შეცდომების დაშვებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწავლის დროს დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით ნეგატიურ დამოკიდებულებას ადამიანს ბავშვობიდანვე ვუნერგავთ, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვება, მაგალითად: ისევ შეგეშალა; შენ ეს არ უნდა შეგეშალოს; არ აკეთებ სწორედ; საკმარისად კარგი არ ხარ; ვერასოდეს ისწავლი; შენ ეს არ გამოგივა და .. ამ ნეგატიური დამოკიდებულების გამო, სწავლის პროცესი ხშირად იმაზე მეტად რთულდება, ვიდრე საჭიროა. სინამდვილეში, რაღაცის არასწორად გაკეთება და შეცდომის დაშვება სწავლის პროცესში სასიცოცხლო და აუცილებელი ნაბიჯებია, მაგრამ ჩვენი ყურადღება ხშირად კონცენტრირდება ამ ნეგატიური შეგრძნების არიდებაზე და არა - სწავლაზე.

დასწავლის ეტაპები:

ადამიანის ქცევების უმეტესი ნაწილი არაცნობიერად ხორციელდება. ახალი უნარ-ჩვევის დასწავლისას  კი ადამიანი 4 ეტაპს გადის.

  1. არაცნობიერი არაკომპეტენტურობა (მე არ ვიცი, რა არ ვიცი) - ადამიანმა არამარტო ის არ იცის, თუ როგორ უნდა შეასრულოს ესა თუ ის ქმედება, არამედ არც ის იცის, რა არ იცის სინამდვილეში. თუ ადამიანს არასოდეს უტარებია მანქანა, არც კი იცის, როგორია მანქანის ტარების პროცესი და ქცევათა რა კონკრეტული ჯაჭვია საჭირო.
  1. ცნობიერი არაკომპეტენტურობა (მე ვიცი, რა არ ვიცი) - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია დასწავლაში, რადგან ამ დროს ადამიანი ითვისებს მოცულობით ყველაზე დიდ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ, ინფორმაციის სიჭარბის გამო, ადამიანი შეიძლება დაფრთხეს/შეშინდეს, რომ "ის ამას ვერ შეძლებს" და შესაძლოა საერთოდ უარი განაცხადოს სწავლაზე. ყველა ადამიანს ათვისების ინდივიდუალური ტემპი და ინფორმაციის მოცულობის კონკრეტული ზღვარი გააჩნია, ზოგი მოკლე დროში ახერხებს დიდი ინფორმაციის დამახსოვრებას, ზოგს კი - უფრო მეტი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებები, დასწავლის ტემპისა თუ ინფორმაციის მოცულობის საკუთარი შესაძლებლობები და ამის გათვალისწინებით მოვთხოვოთ სწავლა, რადგან არ განვითარდეს დასწავლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.
  1. ცნობიერი კომპეტენურობა (მე ვიცი, რა ვიცი) - ეტაპი, როდესაც მთელი პროცესი ცნობიერად მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ არ ჩამოყალიბებულა ავტომატიზირებული ქცევის მოდელები. ადამიანმა უკვე იცის მანქანის ტარება, მაგრამ არა სრულყოფილად, რადგან ამისათვის მთელი ყურადღების კონცენტრაცია სჭირდება.
  1. არაცნობიერი კომპეტენტურობა (მე არ ვიცი, რა ვიცი) - ეს ის ეტაპია, როდესაც მოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი არაცნობიერად და პარალელურად სრულდება. ამ დროს ადამიანს მანქანის ტარების პარალელურად, შეუძლია სხვა მოქმედებებიც განახორციელოს, მაგალითად, ესაუბროს მეორე ადამიანს, დატკბეს პეიზაჟით და .. როდესაც ადამიანი რაიმე ქცევას ხშირად იმეორებს, ის ჩვევად ყალიბდება. ამ ეტაპზე ცოდნა უკვე არაცნობიერი ხდება.

 

იმისათვის რომ  ბავშვის სწავლის პროცესს ხელი შევუწყოთ, მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული ეტაპების თვისებურებების გათავალისწინება. ნუ მოვთხოვთ ბავშვს იმაზე მეტი ცოდნისა და კომპეტენტურობის გამოჩენას, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. აქცენტი ყოველთვის უნდა გავაკეთოთ მის წარმატებასა და მცდელობებზე  და ვაჩვენოთ, რომ შეცდომებს ყველა უშვებს და ეს ნორმალურია დასწავლის პროცესში. ზრდასრულების მხარდაჭერა ბავშვებისა და მოზარდებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მასალა მოამზადა ნინო ჩახნაშვილმა

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში