რა როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში ოჯახი და სკოლა?
ოჯახი ბავშვის ცხოვრებაში უმთავრეს როლს ასრულებს. ადამიანის განვითარებაზე, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაზე, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებასა და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უდიდეს ზემოქმედებას მისი მშობლები ახდენენ.
საზოგადოებაში საკმაოდ გახშირდა ემოციური და ფსიქიკური ზეწოლის ფაქტები. ეს პრობლემა მთელი მოსახლეობის ოჯახებში აღინიშნება. მშობლები შვილებს დამორჩილების მიზნით, ხშირად უყვირიან, ლანძღავენ, ყველა მის საქციელს აკრიტიკებენ. საკმაოდ გავრცელებულია, აგრეთვე ფიზიკური დასჯის მეთოდები: ცემა, ყვირილი, თმების მოქაჩვა, ყურის აწევა და ა.შ. მშობლებს ყოველდღიური სტრესისა და რთული ცხოვრებისეული პირობების გამო არც ძალა, არც ნებისყოფა და ენერგია შესწევთ, რათა ბავშვების პრობლემებს მოთმინებით მოეკიდონ და სათანადო ყურადღება მიაქციონ მათ. ასეთ მშობლებს სურთ, რომ მათი შვილები წარმატებულნი, თავაზიანი, ბეჯითნი იყვნენ და მიაღწიონ ,,ყველაფერ იმას” რაც თავად მათ არ გააჩნიათ. ისინი ზრუნავენ შვილებზე, მაგრამ აღზრდის ასეთი ავტორიტარული სტილი ნაკლებად ეფექტურია და საზიანოა ბავშვის ფსიქიკისათვის.
ბავშვებისთვის ძალიან მწვავე სტრესია არა მარტო მათ მიმართ ძალადობა, არამედ ოჯახში მშობლებს შორის კონფლიქტი, ყვირილი, ფიზიკური ძალადობა. ოჯახის შიგნით არსებული აგრესიული, ძლადობრივი გარემო მათ ფსიქიკაზე დამანგრეველად მოქმედებს, რაც გამოიხატება ,,ცუდ“ ქცევაში, ემოციურ არასტაბილურობაში, განვითარების შეფერხებასა და სომატურ დაავადებებში.
მსგავსი უსიამოვნო ფაქტები ბავშვისათვის ყველაზე ,,უსაფრთხო”, მნიშვნელოვან გარემოში ხდება, რასაც საკმაოდ მძიმედ განიცდის. ბავშვების უმრავლესობას ოჯახში მატერიალური, ემოციური და მოუგვარებელი ინტერპერსონალური ურთიერთობების გამო გამოწვეული სტრესები აღენიშნებათ. ისინი გაუცხოვებას განიცდიან არა მარტო ზოგადად სოციალურ გარემოში, არამედ საკუთარ ოჯახშიც.
არსებობს ისეთი ოჯახებიც, სადაც მშობლები შვილებს ე.წ. ,,სასათბურე” პირობებს უქმნიან, აცილებენ მას ყოველგვარ პრობლემებს, აშორებენ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს. ყოველივე ამის გამო ბავშვებს უჩნდებათ სოციალური გარემოს შიში, აქვთ დაბალი თვითშეფასება, და უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება.
ვხვდებით კიდევ ერთ, რთულ პრობლემას, რომელიც შვილების უგულებელყოფაში გამოიხატება. ხშირად მშობლები მოუცლელობის, უყურადღებობის, მატერიალური, ან პირადი პრობლემების მოუგვარებლობის გამო არ აქცევენ სათანადო ყურადღებას შვილის სწავლას, ჯანმრთელობას. ისინი არ ინტერესდებიან რა პრობლემები აქვთ მათ შვილებს სკოლაში, სწავლაში, რითი არიან თავისუფალ დროს დაკავებულნი. ასეთი ბავშვები ცუდად სწავლობენ, არიან კონფლიქტურები, ხშირად ექცევიან გარშემომყოფთა ყურადღების ქვეშ.
უგულებელყოფის უკიდურესი ფორმა ბავშვების ქუჩაში წანწალი და მათხოვრობაა. მათ სამათხოვროდ ხშირად მშობლები უშვებენ, ან ბავშვები თვითონ გარბიან სახლიდან იქ არსებული აუტანელი პირობების გამო. ქუჩაში უზედამხედველოდ აგრეთვე ასოციალური მოზარდების დაჯგუფებებიც არიან. მათი უმრავლესობა სკოლაში ბულინგის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.
შვილებს მშობლებისაგან სიყვარული, მხარდაჭერა, ემოციური კონტაქტი სჭირდებათ და ოჯახი მათთვის უსაფრთხო და მშვიდი გარემო უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ მშობლების მხრიდან ბავშვების მიმართ განხორციელებული ზოგიერთი ზემოთ ნახსენები ქმედება წარმოადგენს სხვადასხვა უწყებებში შეტყობინების გაკეთებს საფუძველს.
სკოლა ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესი გარემოა. როდესაც პირველ კლასელი სკოლაში მიდის, ის ძალაუნებურად ტოვებს მისთვის ჩვეულ გარემოს, ოჯახს და ამყარებს კონტაქტს სრულიად უცხო თანატოლ და უფროს ადამიანებთან, რაც თავისთავად ძლიერი სტრესია. გაცილებით უფრო მძიმედ ეგუებიან სკოლას ის ბავშვები, რომლებიც ბაღში არ დადიოდნენ და სახლში, სასათბურე პირობებში იზრდებოდნენ. ბაღი ბავშვების სოციალური ადაპტაციისთვის მნიშვნელოვანი ადგილია.
ახალ გარემოსთან სკოლასთან ბავშვის შეგუების ხარისხი დამოკიდებულია მის პიროვნულ მახასიათებლებზე, ოჯახში არსებულ სიტუაციაზე, სკოლაში და კლასში არსებულ უმოციურ ატმოსფეროზე. სკოლაში სწავლის დაწყების მომენტიდან სისტემატიურად ხდება ბავშვის სოციალური სამყაროს გაფართოვება, რასაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს. ახლა უკვე მისი სამყარო შედგება ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეზობლებისაგან, მასწავლებლების, თანაკლასელების და უბრალოდ ნაცნობი ადამიანებისაგან. სოციალურ გარემოსთან კონტაქტის დროს ბავშვს, როგორც წესი, უჩნდება კონფლიქტები და ის დგება ,,დიდ სამყაროში“ საკუთარი ადგილის მოპოვებისა და დამკვიდრების პრობლემის წინაშე. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვს უფრო ,,სწორი“ წარმოდგენები ექმნება საკუთარი ფიზიკური, ინტელექტუალური და პიროვნული თვისებების შესახებ.
მოსწავლეების და მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულება ასაკის მიხედვით სხვადასხვაგვარია. უმცროსკლასელები მასწავლებელს აღიქვამენ, როგორც მშობელს. პედაგოგს უმცროსკლასელზე საკმაოდ დიდი ემოციური და ფსიქიკური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ბავშვები ვერ გამოყოფენ მასწავლებელში ისეთ თვისებებს, როგორიცაა: საგნის კარგი ცოდნა, პროფესიონალიზმი, ავტორიტეტი. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი იყოს თბილი, მოსიყვარული, ალერსიანი, გამგები. ასაკის მატებასთან ართად მოსწავლეების შეხედულებაც იცვლება. მოზარდები პედაგოგს უფრო სხვა მოთხოვნებს უყენებენ, ვედრე პატარა ასაკის ბავშვები. მათი აზრით ,,იდეალური მასწავლებელი” უნდა იყოს: პირველ რიგში გამგები, გულითადი, სამართლიანი, უფროსი მეგობარი; მეორე პლანზე დგას მისი პროფესიონალიზმი, ცოდნის დონე, სწავლის ხარისხი და უკანასკნელ ადგილზეა ძალაუფლების სწორი, სამართლიანი გამოყენება და განაწილება. მეშვიდე კლასიდან ბევრ მასწავლებელს პრობლემა ექმნება მოსწავლეების დისციპლინის დაცვასთან დაკავშირებით. პუბერტატის ასაკის გამო პედაგოგებმა უნდა შეცვალონ მოსწავლეებთან კომუნიკაციის გზები. მოზარდები ძალიან მწვავედ რეაგირებენ შეურაცხყოფაზე, შენიშვნებზე, დასჯაზე.
სწავლა არ გულისხმობს მხოლოდ მასალის მიწოდებას, ან ინფორმაციის გაცემა - მიღებას. ფსიქოლოგთა მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსწავლის ამა თუ იმ საგანში კარგი მოსწრება ამ საგნის მასწავლებელზეა დამოკიდებული. ის სიამოვნებით სწავლობს იმ საგანს, რომლის მასწავლებელიც მას უყვარს და პატივს სცემს. მოსწავლეები აგრესიას აგრესიით პასუხობენ. პედაგოგებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ როგორც სწავლების პროცესს, აგრეთვე მოსწავლეებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას.
მასალა მოამზადა თინათინ ნორაკიძემ