საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
საგანმანათლებლო დაწესებულების,
მანდატურის სამსახური
მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება მშობელსა და შვილს შორის

„მიჯაჭვულობა წარმოადგენს ღრმა, ხანგრძლივ ურთიერთკავშირს აღმზრდელსა და ბავშვს შორის, რომელიც ჩნდება ცხოვრების პირველ წლებში, აჩენს ფიზიკური და ემოციური სიახლოვის სურვილს, რომელიც ბავშვის სათანადო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“.

მიჯაჭვულობის თეორიის ერთ-ერთი შემქმნელის, ჯონ ბოულბის (john Bowlby), მიხედვით არსებობს ოთხი პირობა უსაფრთხო მიჯაჭვულობის არსებობის შემთხვევაში:

  1. უსაფრთხოების განცდა;
  2. ფიზიკურ სიახლოვის სურვილი;
  3. განშორების შიში;
  4. ქცევის სელექციურობა (ბავშვი იმ ადამიანის თანდასწრებით, ვისთანაც მიჯაჭვულობა აქვს, განსხვავებულად იქცევა);

ხშირ შემთხვევაში, ბავშვის ძირითადი ამღზრდელი დედაა, რომელსაც ბავშვი იცნობს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მუცლადყოფნის ეტაპზეა. ძირითადი აღმზრდელი ბავშვისთვის წარმოადგენს უსაფრთხო (სანდო) ბაზისს, რომელიც ეხმარება მას სამყაროს შეცნობაში. ძირითადი მიჯაჭვულობის ხარისხი განაპირობებს მეორეხარისხოვანი მიჯაჭვულობის დამყარების უნარ ისეთ ადამიანებთან როგორებიც არიან - ნათესავები, მეგობრები, პარტნიორები და ა.შ. მიჯაჭვულობის თეორიის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ჰიპოთეზა „შიდა მუშა მოდელების არსებობის შესახებ“. ეს მოდელი არის ბავშვისა და ძირითადი აღმზრდელის ურთიერთობის ამსახველი, რომელიც ჩნდება ბავშვის ძირითად აღმზრდელთან დამყარებული მიჯაჭვულობის საფუძველზე. აღმზრდელის მოდელი - ეს ინფორმაციაა ძირითადი აღმზრდელის შესახებ - ვინ არის, როგორ რეაგირებს ბავშვის მიერ გამოხატულ მოთხოვნილებებზე (როდესაც ბავშვის სიგნალზე რეაგირებს თვალის კონტაქტით, ხელში აყვანით, დამშვიდებით, მოთხოვნილების დაკმაყოფილებით), რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს ბავშვი მასთან თავს. ბავშვის მოდელი წარმოადგენს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ - რამდენად იმსახურებს იმას, რომ აღმზრდელი დაეხმაროს და იზრუნოს მასზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის გამოცდილება დადებითია (უფროსები რეაგირებდნენ მის მოთხოვნილებებზე), ეს ბავშვში იწვევს იმის განცდას, რომ ბავშვი იმსახურებს უფროსების ყურადღებას. შესაბამისად აღსაზრდელს უვითარდება დადებითი შიდა მოდელი, რომელიც დადებითად აფასებს და ნდობას აჩენს მზრუნველების მიმართ, აგრეთვე ხელს უწყობს მაღალი თვითშეფასების განვითარებას. მაგრამ არსებობს სიტუაცია, როდესაც უფროსი თავად წარმოადგენს საფრთხეს ბავშვისთვის. ამ შემთხვევაში ბავშვი ქმნის უარყოფით შიდა მოდელს. ის არ  ენდობა ძირითად მზრუნველს და დანარჩენ უფროსებს, საკუთარ თავს კი თვლის უღირსად. ეს გამოცდლება მას გადააქვს სხვა უფროსებთან ურთიერთობაში. შიდა მუშა მოდელები, რომლებიც ჩნდება მიჯაჭვულობის განვითარების პირველ ფაზაში, ხშირ შემთხვევაში მომავალშიც შეუცვლელი რჩება.

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

დიდი დრო დაუთმეთ თქვენს შვილს, რათა ჩამოყალიბდეს თქვენს შორის ემოციური კავშირი, რაც განაპირობებს  ნდობა-უნდობლობის  ჩამოყალიბებას გარემოსა და გარშემომყოფების მიმართ.

  1. გამოხატეთ თანაგრძნობა თქვენი შვილის მიმართ;
  2. იყავით ყურადღებიანი თქვენი შვილის მიმართ;
  3. ხშირად ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, გაუღიმეთ, რათა გაძლიერდეს თქვენს შორის ემოციური კავშირი;
  4. ენდეთ თქვენს შვილს და იყავით მისთვისაც საიმედო ადამიანი.

 

მასალა მოამზადა ნინო კარტოზიამ

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში