საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
საგანმანათლებლო დაწესებულების,
მანდატურის სამსახური
რთული ქცევა ბავშვებში და მასთან გამკლავების გზები

ქცევა ეს არის ცოცხალი არსების ყოველგვარი აქტივობა, რომელიც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართლი, ქცევის სახელწოდებით აღინიშნება. ქცევა, მრავალმხრივი მოვლენაა, ამიტომ იგი მრავალი მეცნიერის კვლევის საგანს წარმოადგენს. ქცევა ფსიქოფიზიოლოგიური ფაქტია - ის სხეულის და მისი ორგანოების მოძრაობის გზით ხორციელდება, მაგრამ მოძრაობა ქცევის მხოლოდ ტექნიკური მხარეა და ფიზიკურ მოძრაობებს ქცევის ფაქტად ფსიქიკური მომენტი აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ქცევა ხშირად შეიცავს არაფსიქიკურ კომპონენტს, იგი არსებითად ფსიქოლოგიურ მოვლენას წარმოადგენს და იგი ფსიქოლოგიური კვლევის სფეროს მიეკუთვნება. ქცევა აღმოცენდება ცოცხალი არსებისა და გარე სამყაროს ურთიერთქმედების პროცესში. ქცევას ყოველთვის ჰყავს მოქმედი სუბიექტი, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ცოცხალი არსება, უმარტივესით დაწყებული და ადამიანით დამთავრებული. ქცევა ყოველთვის რაღაცისთვის სრულდება და მას აუცილებლად გააჩნია საზრისი, მნიშვნელობა, ღირებულება.

ბავშვის ქცევასთან დაკავშირებული სირთულეები - „რთული ქცევა“

იშვიათად თუ შეგხვდებათ მშობელი, ვისაც არ შექმნია გარკვეული სირთულეები ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით. ქცევათა გარკვეული კატეგორია აღნიშნულია სხვადასხვა ტერმინებით, როგორებიცაართული ქცევა”, „გამომწვევი ქცევა“, ”პრობლემური ქცევადა ა.შ.

ზრდასთან და განვითარებასთან ერთად ბავშვი თანდათან სწავლობს ახალ და უფრო რთულ ქცევებს. მაგალითად, თუ კვების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ბავშვს თავდაპირველად მხოლოდ წოვისა და ყლაპვის უნარი ჰქონდა, ის თანდათან სწავლობს საკვების პირთან მიტანას, ღეჭვას, დანა-ჩანგლის გამოყენებით ჭამასა შემდგომ ასაკში საკვების დამოუკიდებლად მომზადებასაც კი. ქცევის, ისევე როგორც სხვა რამის დასწავალა თავისთავად არ ხდება. ბავშვი უფროსის დახმარებით და მათზე  დაკვირვებით,  თუ „ცდისა და შეცდომის გზით“ ( როდესაც ბავშვი გარკვეული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ახორციელებს სხვადასხვა ქცევებს/ცდებს და საბოლოოდ ის დაისწავლის იმ ქცევას, რომელიც სასურველ შედეგამდე მიიყვანს) დაისწავლის ქცევას.

ის, თუ ბავშვი რამდენად ხშირად განახორციელებს ქცევას, დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე. საჭიროა გავამახვილოთ ყურადღება არა მხოლოდ უშუალოდ ქცევაზე, არამედ იმაზეც, თუ რა უსწრებს ქცევას წინ, რა მოსდევს მას შედეგად და რა სიტუაციაში ხორციელდება იგი. სტიმულს, რომელიც მას წინ უსწრებს ეწოდება ქცევის წინაპირობა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მოვლენა რის საპასუხოდაც აღმოცენდება ესა თუ ის ქცევა. წინაპირობის გარდა ქცევას ყოველთვის თან სდევს შედეგი. ქცევის შედეგში მოიაზრება ყველა ის მოვლენა, რაც მოსდევს ქცევას.  შედეგს შეუძლია გაზარდოს, ან შეამციროს მომავალში ამა თუ იმ ქცევის სიხშირე და სწორედ ამიტომ აუცილებელია შედეგის განსაზღვრა, რათა გავიგოთ თუ რა აქეზებს ბავშვს კვლავ განახორციელოს ესა თუ ის ქცევა. უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ თუ რა არის ბავშვისთვის მოტივაცია, რადგან თუ ადამიანი თავისი ქცევით ვერ ღებულობს სასურველს ის ნაკლებად გაიმეორებს იგივე ქცევას და თუ ის აღწევს სასურველ შედეგს მას ეძლევა სტიმული, რომ კვლავ გაიმეოროს იგივე ქცევა.

რთული ქცევა ეს არის ნებისმიერი ქცევა, რომელიც არღვევს საზოგადოებაში, ან კონკრეტულ სიტუაციაში არსებულ წესებს. იგი ხელის შემშლელია და პრობლემას უქმნის ზოგ შემთხვევაში პიროვნებას ან საზოგადოებას. მაგალითად:

  • თვითდამაზიანებელი ქცევები (კბენა, დაკაწვრა და სხვა);
  • აგრესიული ქცევები (დარტყმა, ჩარტყმა, ჩხუბი, ყვირილი,  უხეშობა და სხვა); 
  • ტანტრუმები (ისტერიკის გამოხატვა ფეხების ბაკუნით, ყვირილით, იატაკზე დაცემა); 
  • გაქცევა (მიზანმიმართულად ან უმიზნოდ);
  • ქცევა, რომელიც ხელს უშლის სოციალურ ურთიერთობებში, რომელიც ვლინდება არასწორ დროს და ადგილას;
  • ქცევა, რომელიც ადამიანს ხელს უშლის სწავლაში ან სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობისას;

როდესაც ბავშვი არ ასრულებს უფროსის დავალებას, ურტყამს სხვა ბავშვს ან ამბობს ცუდ სიტყვებს, უფროსები ხშირად ვუწოდებთ მა ჯიუტებს, უზრდელებს და ა.შ. ეს დაუშვებელია, რადგან ჩვენ უნდა ვეცადოთ ყოველთვის დავაკვირდეთ სინამდვილეში ამ ქცევის გამომწვევ მიზეზებს და შევაფასოთ არა პიროვნება, არამედ მისი ქცევა. მაგ: „შენ ცუდად მოიქეცი“ და არა „შენ ცუდი ბავშვი ხარ“.

გვახსოვდეს, როდესაც შევისწავლით ბავშვის ქცევას უნდა დავაკვირდეთ მთლიან სურათს, რა არის წინაპირობა (სიტუაცია, ადამიანი, გარემოება, მოვლენა და ა.შ.), რომელიც წინ უსწრებს ქცევას  და შედეგი (თუ რას აღწევს ამ ქცევით ბავშვი).

მნიშვნელოვანია, ყოველთვის გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი.

უმცროსი ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას რეკომენდირებულია:

  • პოზიტიური ქცევის წახალისება ( სიტყვიერი წახალისება, ჩახუტება, მოფერება,  ასევე სტიკერით ან ტკბილეულით  დაჯილდოვება) უფრო ეფექტურია ვიდრე დასჯა და მუდმივი აკრძალვა;
  • ისტერიკის შემთხვევაში (ყვირილი, ბაკუნი, ტირილი და ა.შ. ) არ მისცეთ ბავშვს საშუალება მიაღწიოს სასურველ შედეგს და ამ შემთხვევაში აუცილებელია ყველა ოჯახის წევრის ერთიანი მიდგომა. თუ ბავშვმა ასეთ დროს მიიღო სასურველი შედეგი ის დაისწავლის ამ ქცევას და ხშირად განახორციელებს მას სასურველი შედეგის მისაღებად;
  • ყურადღების გადატანა (ჩანაცვლება სხვა საინტერესო აქტივობის შეთავაზებით);
  • ცუდი ქცევის იგნორირება - ხშირად იგი გამოიყენება და ეფექტურია, რათა ამ ქცევით ბავშვმა არ მიიღოს ყურადღება და შემდეგ ეს ქცევა არ დაისწავლოს, მაგრამ ამ დროს ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვს არ შია, სწყურია ან არ აწუხებს რაიმე;
  • შევაფასოთ ყოველთვის ბავშვის საქციელი და არა პიროვნება;
  • შევიმუშაოთ წესები ბავშვთან ერთად და დავიცვათ ისინი;
  • ვეცადოთ ყოველთვის შევინარჩუნოთ სიმშვიდე და განვუმარტოთ მისთვის გასაგებ ენაზე თუ რატომ არის ესა თუ ის ქცევა ცუდი ან დაუშვებელი.

    მოზარდებთან ურთიერთობისას რეკომენდირებულია:

  • გაითვალისწინეთ, მოზარდებს განსაკუთრებით სჭირდებათ აღიარება, რადგან ამ პერიოდში თვითდამკვიდრებას ცდილობენ;
  • პატივისცემა (მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მათ ისე მოვექცეთ როგორც ზრდასრულებს, რადგან უნდა იგრძნონ ჩვენი მხრიდან პატივისცემა);
  • ნდობა (უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ ვენდობით და ამ შემთხვევაში უფრო მეტად მოვიპოვებთ მათ ნდობას);
  • პოზიტიური ქცევის წახალისება (ხშირად გვავიწყდება წახალისება და ყურადღებას მხოლოდ ცუდ ქცევაზე და დასჯაზე ვამახვილებთ);
  • უპირობო მიღება (მიიღეთ ისეთები როგორებიც არიან და ნუ ეცდებით მათ შეცვლას, მიიღეთ განსჯისა და განკიცხვის გარეშე);
  • ემპათია (შედით მათ მდგომარეობაში და ეცადეთ ხშირად დააყენოთ საკუთარი თავი მათ ადგილზე);
  • ყოველთვის მიეცით საშუალება გამოხატონ საკუთარი აზრი;
  • მოუსმინეთ შეფასებისა და კრიტიკის გარეშე;
  • დაეხმარეთ ბრაზის გამოხატვაში (კარგია სპორტი, სირბილი, ვარჯიში, ხატვა და ა.შ )
  • იყავით მხარდამჭერი მათ მიმართ (გახსოვდეთ მათ სჭირდებათ თქვენი  მხარდაჭერა ყველაზე მეტად, ამიტომ იყავით მათ გვერდით და დაეხმარეთ სირთულეების გადალახვაში )

ზოგადი რეკომენდაციები მშობლებს:

  • ისწავლეთ საკუთარი თავის კონტროლი, რადგან ვერ დაეხმარებით თქვენს შვილს თუ თვითონ გიჭირთ საკუთარი ემოციების მართვა;
  • ისწავლეთ მოსმენა შეფასების გარეშე;
  • გამოხატეთ ნდობა ბავშვის მიმართ;
  • იყავით გულწრფელი  მათ მიმართ, რადგან სიყალბეს ისინი გრძნობენ;
  • გამოხატეთ თანადგომა და მხარდაჭერა შვილების მიმართ;
  • მიიღეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც არის;
  • ბევრი ესაუბრეთ და გახსოვდეთ, დიალოგი უფრო ეფექტურია ვიდრე მონოლოგი;
  • გახსოვდეთ, რომ შედეგს სწრაფად ვერ მიიღებთ და მშვიდად მიყევით თქვენს შერჩეულ სტრატეგიას;
  • ასწავლეთ თქვენს შვილს არჩევანის გაკეთება და მიეცით ამის საშუალება;
  • დაუშვებელია დასჯის მეთოდად გამოიყენოთ ძალადობის ნებისმიერი ფორმა;
  • იპოვეთ ოქროს შუალედი (ზოგი მშობელი მეორე უკიდურესობაში ვარდება და თვლის რომ ყველაფრის უფლება უნდა მისცეს შვილს, რაც ასევე არ არის სწორი);
  • მოექეცით ისე, როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ;
  • ხშირად ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, დაიცავით და გამოხატეთ სიყვარული მათ მიმართ.

 

მასალა მოამზადა ქეთევან გოზალიშვილმა

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში