ცხელი ხაზი: 0322 200 220 (3025)
pscenter@mes.gov.ge
კონტაქტი
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთანაშრომები
ბულინგი და ძალადობა

კონკურსის განმახორციელებელი - ა/ო „კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდულლი ცენტრი“

კონკურსის მონაწილე - თამარ ჩხეტიანი. IX კლასი.

სკოლა - 175-ე

ისინი გაიძულებენ იფიქრო, რომ შენი არსებობა დანაშაულია. გაფიქრებინებენ, რომ შენ არ ხარ სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სოციუმში გაერიოს, ჰყავდეს მეგობრები და წარმატებას მიაღწიოს.

ეცდებიან შენი სილამაზეც დასაცინი გახადონ. ნაკლოვანებებს გამოგიჩხრეკენ და სულში შემოაბიჯებენ.

ერთი...ორი...სამი... ზარი ირეკება. კლასში შევდივარ და ზურგს უკან ჩუმი სიცილი მესმის. ეს გრძნობა, ღმერთო, რა მტკივნეულია!

ზიხარ და ფიქრობ,- სად დაუშვი შეცდომა?! ისინი წესით შენი მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ, შენი მხარდამჭერები და კეთილის მსურველები. ბოლოს ისევ საკუთარ თავს უბრუნდები და პასუხი ერთია:

- შენი ბრალია!

სხვანაირად უნდა მოქცეულიყავი, მათ უნდა დამსგავსებოდი და მიგიღებდნენ. საზოგადოებას ხომ არ უყვარს განსხვავებული ადამიანები. მათ ურჩევნიათ ჩამქრალი თვალებით, გაციებული გულითა და დაგუბებული ყურებით იცხოვრონ. ურჩევნიათ ადამიანები თავს უკრავდნენ და ყველაფერში ეთანხმებოდნენ, ვიდრე მათგან განსხვავებული პიროვნება გამოჩნდეს, რომელიც მათ სიმართლესა და პირველობაში ყველას დააეჭვებს.

ადამიანები მოძალადეები არ იბადებიან. ისინი ასეთებად გარემოპირობებისა და სოციუმის გამო ყალიბდებიან. ბულინგი? ჩაგვრა? მე ვარსებობ და ცხოვრება მჭირდება. არც მე და არც სხვა დანარჩენი არ ვართ ვალდებულები „მოძალადის“ ცხოვრებაზე ვაგოთ პასუხი. ნამდვილად არ ვართ დამნაშავეები და არც იმას ვიმსახურებთ, რომ ყველასგან გავირიყოთ. დიახ, ყველასგან! ერთი ადამიანის წამოძახილი საკმარისია და ყველას თვალში:

ან მსუქანი

ან გამხდარი

ან დაბალი

ან მაღალი

ან სულელი

ან ‘შკოლნიკი“

ან „ოროსანი“

და სხვა მრავალფეროვანი სახელით ამახსოვდები.

ყოველი წუთი გადასატანი ხდება.იღვიძებ და ხვდები, რომ კიდევ ერთი საშინელი დღე თენდება. მშობლებს აზრადაც არ მოსდით შენს თავს რა ხდება. მათ ვერ მოუყვები. ვერ გაგიგებენ, ან არ გაგიგებენ. სიბრალულის თვალებით შემოგხედავენ და როგორც ყველა დანარჩენი, ამაშიც შენ დაგადანაშაულებენ.

ყოველი დღის ბოლოს ისმის ერთი კითხვა:

- რამე მიიღე სკოლაში?

და არავის აინტერესებს შენი წართმეული ოცნებები, გატეხილი გული, მარტოობა და ა.შ. ნიშნები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, არა?..

ეს იარლიყი, რომელიც ბავშვობაში მოგარტყეს, ცხოვრების მანძილზე გაგყვება.თითქოს შუბლზე გაწერია “დამჩაგრე!’’, გვერდზე დიდი, წითელი ძახილის ნიშნით.

და შენც ეგუები... ეგუები, რომ უნდა აიტანო, თავი დახარო და ყოველი ენის წვერზე მომდგარი სიტყვა გადაყლაპო.

მე კი დღეს თქვენს წინ ხმას ვიმაღლებ და ვამბობ:

- არ აიტანოთ! არც თავი დახაროთ! და არც არაფერი ჩაყლაპოთ! არც ერთი ადამიანი არ დგას მეორეზე მაღლა.

შეიძლება სოციალური და სხვა ფაქტორებით კი, მაგრამ უფლებებით, არა! არცერთი ადამიანის გარეგნობა და ფიზიკურობა ნამდვილად არ არის დასაცინი.

მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, მიყვარს ჩემი გარეგნობა და სხეული. და თუ შენ გაიძულებენ გაფიქრებინონ, რომ საკუთარი თავის სიყვარული სხეულის ფორმების ზომებში და აღნაგობით განისაზღვრება, დაუმტკიცე მათ, რომ ეს ასე არაა!

და შეიყვარე საკუთარი თავი.

აიმაღლე ხმა სიძულვილის წინააღმდეგ.

ერთმანეთის მიმართ სიძულვილის წინააღმდეგ!

არა ბულინგს!..

ხატვის მასწავლებელი

1.11.2015 კვირა

მთელი დღეა გაუჩერებლად წვიმს. ჩაის ჭიქით ხელში ვზივარ ფანჯარასთან და გამვლელებს ვათვალიერებ. ქუჩა შემოდგომის ფოთლებითაა სავსე,ტროტუარი მოსეირნე წყვილებით. მობილურში რადიოს ვრთავ და ჯიმ მორისონის „love street” იწყება.ბოლოს „მანდარინას“ (ჩემი კატა) კნავილმა შემაწუხა, ბარბაცით წავედი სამზარეულოსკენ, ჯამში რძე ჩავუსხი და ტელევიზორი ჩავრთე... არაფერი საინტერესო.

3.11.2015 სამშაბათი

უდარდელი დღეები დასრულდა. დღეს პირველად გამოვიყენე „შპარგალკა“და შემამჩნიეს. მინდა ჩემი კლასელებივით მოხერხებული ვიყო, თვალებში „zoom” მქონდეს და წინა მერხზე მჯდომისაგან გადაწერა შემეძლოს.

4.11.2015 ოთხშაბათი

ელი ჩემი ხატვის მასწავლებელია. ისევე ლამაზია, როგორც მისი სახელი. ძალიან მინდა მას დავემსგავსო, მაგრამ შემდეგ ჩემი დასალაგებელი ოთახი, უხერხულ წარწერიანი მაისურები და მუდმივად აჩეჩილი თმა მახსენდება და გული მწყდება.

დღეს ოდნავ აღელვებული მომეჩვენა, სახეზე ფერი არ ედო, ჟურნალის შევსება დაავიწყდა, მერე კი თემას გადაუხვია და ფრიდა კალოზე გვესაუბრა. დროდადრო ჩერდებოდა და ზარის ხმა რომ არა ტირილს დაიწყებდა. ჩემი ნამუშევარი გავუწოდე, არც დაუხედავს ისე ჩადო საქაღალდეში სხვა ნამუშევრებთან ერთად. ასეთი არასდროს მენახა, რაღაც ცუდი ხდებოდა მის თავს, რადგან ამის დაფარვა ვერ მოახერხა.

5.11.2015 ხუთშაბათი

დავიღალე... დილით ძლივს ავწიე თავი ბალიშიდან. კლასში მასწავლებელი ბრაზობდა, ცარცი ისევ არ დახვდა, ჭამთ თუ სად აქრობთო - იდეაში გვეხუმრა. ყველა ზურას უყურებდა. ის წელს გადმოვიდა ჩვენს კლასში. გამხდარი, ჭორფლიანი ბიჭია. მისი უცნაური ქცევის შესახებ ყველამ ვიცით, ცარცის მოყვარულია და თავის მართლებაც ეზარება ხოლმე. კლასიდან გავედი, დროის გაყვანა მინდოდა ცარცზე მეტად , სამასწავლებლოს მივუახლოვდი, პარალელურად თავში ტექსტს ვადგენდი „მაას, ცარცი მინდა“ არ გამოდგებოდა, ძალიან თავხედურად ჟღერდა. სანამ ამ შინაგან ბრძოლაში ვიყავი, კარიდან გეოგრაფიის მასწავლებლის ცრემლნარევი ხმა შმომესმა: „საბრალო გოგო“. ინსტიქტურად მივაყურადე სამასწავლებლოს კარს და გავიგე, რომ ელი შეუძლოს იყო და ერთი კვირა ვერ მოვიდოდა გაკვეთილების ჩასატარებლად და საერთოდაც თუ მისი ქმარი მოინდომებდა სახლში დარჩებოდა და სადილებს მოამზადებდა, როგორც სხვა უმუშევარი ქალები.

7.11.2015 შაბათი

ჩემს პატარა ქალაქში სწრაფად გავრცელდა ეს ამბავი. ელი საავადმყოფოში თავიისი ფეხით მიუყვანია დამნაშავე ქმარს. ალბათ შეეშინდა, როცა გონებადაკარგული დაინახა. მადლობა ღმერთს მეთქი გავიფიქრე და ელისათვის მზისგულა ყვავილების ხატვას შევუდექი.

8.11.2015 კვირა

ელის სახე გაუბრწწყინდა ჩვენი დანახვისას. თვალებში სიხარულის ცრემლები ჩაუდგა. წამოდგომა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. პირველად მე ჩავეხუტე, მერე დანარჩენები მიცვივდნენ. ვეკითხებოდით როდის დაბრუნდებოდა და გვპირდებოდა, რომ მალე. მერე ყველა ერთად შევექცეოდით იმ ტკბილეულს, რომელიც ელისთვის მოვიტანეთ.

ბედნიერნი ვიყავით, რომ ხატვა ისევ ჩაგვიტარდებოდა.

/ანა იაკობაძე/ ასპინძა, - სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა, X კლასი

შეაჩერე დისწკრიმინაცია

8 ოქტომბერი

უკვე მერამდენე დღეა ეს ბიჭი მიყურებს... თავიდან თავი არ შემიწუხებია ამაზე ფიქრით, ახლა კი, ცოტა არ იყოს, შიშის გრძნობა გამიჩნდა. სანამ სადარბაზოში შევალ, ჩუმად ვაპარებ თვალს მისი ფანჯრისკენ და ყოველთვის დაჟინებულ მზერას ვიჭერ. ეს ის მეზობელია, ადრე რომ ვწერდი, ცხოვრებაში არ მინახავს-მეთქი. ყური მოვკარი, შეძლებული კაცის შვილიაო ამბობდნენ, არ მჯერა. ისიც ვერ გამიგია, სულ სახლში რატომაა.

P.S. უნდა გავარკვიო რა უნდა ჩემგან ან რატომ მითვალთვალებს!

10 ოქტომბერი

ისევ მიყურებდა, ვეღარ მოვითმინე, ავედი, კარზე დავუკაკუნე. სანამ თითები არ მეტკინა, მანამდე არც მომაქციეს ყურადღება. ბოლოს ვიღაც მოხუცმა გააღო. დავიბენი, რა უნდა მეთქვა? თქვენი შვილიშვილი ან შვილთაშვილი მითვალთვალებს-მეთქი?! უბრალოდ ვთხოვე დაეძახა. ჯერ უცნაურად შემომხედა, მერე კი გამომიცხადა, სახლში არ არისო. მგონი, სულ გადაირია ეს ხალხი!

11 ოქტომბერი

ვერ მოვისვენე მთელი ღამე, ინტერესი მკლავდა. ავდექი, წერილი დავუწერე, თვითმფრინავი გავაკეთე და აივნიდან იმ ფანჯარაში შევაგდე, საიდანაც მიყურებდა ხოლმე. მომწერა „შენ რომ მიდიხარ სკოლაში ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე, ამიტომაც გიყურებ ასე დაჟინებითო. “ ფურცელი ჩიტის ფორმის იყო. რა უცნაურია არა?! უფრო მეტი უნდა გავიგო...

15 ოქტომბერი

ეს წერილი ახლახან მივიღე:

„არვიცი რა მოგიყვე ჩემზე, მაინც შევეცდები-დედა ადრევე გარდამეცვალა, მას მერე ბებია მზრდის და მივლის, კარგი ქალია. მე ცერებრალური დამბლით დავიბადე,პარაპარეზის ფორმით, ასე რომ ეტლს ვარ მიჯაჭვული. არასდროს გამივლია, არც ის ვიცი რა გრძნობაა. მიყვარს ჩიტები, ფანჯრიდან რომ ვხედავ ან ვხატავ მათ, თავს კარგად ვგრძნობ. გარეთ კი იშვიათად გავყავარ ბებიაჩემს, ისიც ღამით, მიზეზად კი იმას მეუბნება რომ დამცინებენ, აბუჩად ამიგდებენ, რადგან ადამიანი მხოლოდ გარეგნობით აფასებს სხვებს. ამიტომაც არ დავყავარ სკოლაში, ალბათ ასეა საჭირო.

ჩემთვის რომ ეკითხათ ფრთები გსურს თუ ფეხებიო, თუნდ ფრთამოტეხილი ჩიტი ვყოფილიყავი, მაინც ფრთებს ავირჩევდი. იმიტომ მიყვარს ჩიტები, რომ ფრთები მათ თბილ ქვეყნებში მოსახვედრად სჭირდებათ, საითაც გული მიუწევთ. აბა ადამიანი ყოველთვის იქით კი არ მიდის საითაც გული კარნახობს, არა, საითაც საჭიროება მოითხოვს ამას...“

ყველაფერი მესმის, ერთადერთის გარდა, მას უფლება აქვს სკოლაში იაროს, ჰყავდეს მეგობრები, იფიქროს კარიერაზე. რეალობიდან გაქცევა არ არის კარგი. ან როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?!

P.S. ნახატში, რომელიც მან გამომიგზავნა ფანჯრიდან დანახული მისი სამყაროა, ჩიტებით სავსე...

17 ოქტომბერი

დღეს სურათი გავუგზავნე წარწერით - „გააღე შენი გალია“- სურათზე მე და ჩემი სკოლელი ვართ, რომელიც პოლიომიელიტის შედეგად ეტლს მიეჯაჭვა. ამით იმის თქმა მინდოდა რომ მასაც აქვს სკოლაში სიარულის უფლება.

18 ოქტომბერი

მომწერა რომ დაელაპარაკა ბებიას, სურათიც კი აჩვენა, ის კი ძალიან გაუბრაზდა. იომ დახმარება მთხოვა, დავ-Google და ვიპოვე დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ორგანიზაცია, გვიანია და ხვალ დავრეკავ.

20 ოქტომბერი

გუშინ დავრეკე, სახელი და გვარი რომ ვუთხარი, გადაამოწმეს და გავვოცდი, როცა გავიგე, რომ იო ცნობილი, თანამედროვე მწერლის შვილია. დამპირდნენ დავეხმარებითო, დაეხმარნენ კი არა, ერთი დიდი სპექტაკლი მოაწყვეს, ეზო ჟურნალისტებით გაიჭედა. ბებია არ თმობდა იოს და სულ იმას გაჰყვიროდა - არ წაიყვანოთ, დაჩაგრავენო...

P.S. საშინელი დღე იყო, გახსენებაც არ მინდა!

16 ნოემბერი

დიდი ხანია არ მომიწერია, საიდან დავიწყო აღარ ვიცი. იომ თავიდან ძალიან განიცადა ის ამბები. მკითხა კიდეც- ახლა რაღა გამაჩნიაო - ვუპასუხე, მომავალი-მეთქი და გაეღიმა.მას შემდეგ ღიმილი არ გაქრობია სახიდან. მომვლელი დაუნიშნეს, მამამისი ერთხელაც არ მოსულა მასთან. მაგრამ, რაც მთავარია, სკოლაში დადის, მეგობრებიც გაიჩინა. მოსწონს აქაურობა და გული სწყდება, ამდენ ხანს გვერდიდან რომ უყურებდა ყველაფერს, მაგრამ რა მისი ბრალია. მეუბნება თითქოს ფრთები შევისხი და თბილ ქვეყანაში გადმოვფრინდიო, მეც ასე მიმაჩნია...

P.S. ოცში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, დირექციას შევუთანხმდი და გამოფენას მოვუწყობთ იოს. სიმბოლოდ კი მისი ის ნახატი ავარჩიეთ რომელზეც გამოსახულია თუ როგორ აფრინდა პატარა ჩიტი ეტლიდან...

ამ დღიურით მინდოდა ამესახა რეალური პრობლემა- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დისკრიმინაცია- რომელიც ჩვენ ქვეყანაში და არა მარტო აქ, არ კარგავს აქტუალურობას. ასევე ის რომ წარმატებული კარიერის მქონე პირები (პირადი მიზეზების გამო) არ ამხელენ მათ არსებობას და საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალებასაც კი არ აძლევენ. არსებობენ ისეთი ოჯახები, რომლებიც იმ მიზნით რომ ასეთი ბავშვები არ „დაიჩაგრონ “, ცდილობენ მოარიდონ საზოგადოებას და უზღუდავენ იმ უფლებებს რაც ყველა ადამიანს გააჩნია. მადლობა ყურადღებისთვის.

სკოლა-52-ე საჯარო

კლასი- მეთერთმეტე ა კლასი

მოსწავლე- თინათი ნ გაგუა

ასაკი- 16წლის

საკონტაქტო ნომერი-579629191

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში