კონტაქტი
violence-photo

სკოლის რეგულარული გაცდენები

როცა ბავშვი ან  მოზარდი ხშირად აცდენს სკოლას, ეს შეიძლება ასახავდეს  არა მარტო ბავშვის, არამედ ოჯახის (ან გარემოსი, სადაც იზრდება) და თვით სასკოლო სივრცეში არსებულ პრობლემებს. სკოლის რეგულარულ გაცდენებში უნდა გამოვყოთ:

•           გაცდენები, როცა  მოზარდები მშობლების/უფროსებისაგან თანხმობის გარეშე სასწავლო პროცესს არ ესწრებიან და დაკავებულები არიან თავიანთი საქმიანობით. მშობლებმა კი იციან, რომ მათი შვილები სკოლაში არიან. ამ დროს,  უმრავლეს შემთხვევაში,  მოზარდები დღეს ატარებენ თანატოლთა ჯუფებში და შესაძლოა ჩადიოდნენ რაიმე სოციალურად მიუღებელ ქმედებებს (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება, მოპარვები და ა. შ.). ეს  გაცდენების ყველაზე გავრცელებული ფორმაა და უკავშირდება მოზარდის  ქცევით პრობლემებს;

•           უარი სკოლაში სიარულზე,  როცა  ბავშვი რჩება სახლში ან სკოლის გზიდანვე ბრუნდება.  ასეთი გაცდენები ძირითადად ასახავს ემოციურ პრობლემებს: შფოთვას, დარდს, შიშებს. ბავშვი/მოზარდი ამას ან ღიად აცხადებს, ან ირგებს „სომატურ ნიღაბს“ ჩივილებით: თავის, მუცლის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება და სხვა, რომლებიც ქრება არდადეგებსა და პარასკევის საღამოდან.

ყველაზე ხშირად გაკვეთილების რეგულარული გაცდენების მიზეზს სკოლაში არსებული უსიამოვნებები წარმოადგენს. შეიძლება არსებობდეს მოსწავლე, რომელიც ბავშვს/მოზარდს აშინებს ან დასცინის, ან მასწავლებელი, რომლისგანაც იგნორირებულია, ან აწყდება რაიმე უსიამოვნებებს; გაცდენების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ის, რომ ბავშვს უჭირს  სწავლა, ან  თანაკლასელებისგან გარიყულია;   სკოლის გაცდენა შეიძლება უკავშირდებოდეს მოზარდის მიჯაჭვულობის პრობლემებს, მას ყოველთვის შიში ეუფლება ჩვეული ატმოსფეროს დატოვებისას; სკოლას აცდენენ  სახლში არსებული პრობლემების დროსაც: ზოგჯერ, ბავშვი ხედავს რა ოჯახში არსებულ პრობლემებს (ოჯახის წევრის ავადმყოფობა, მშობლებს შორის კონფლიქტი), აკეთებს დასკვნას, რომ მისი სახლში დარჩენა აუცილებელია, რათა გაიგოს რა ხდება; არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სხვადასხვა მიზეზით მშობლები (უფროსები) თვითონ აცდენინებენ  ბავშვებს გაკვეთილებს; ზოგიერთ ბავშვს ოჯახში მოპოვებული აქვს განსაკუთრებული ძალაუფლება, ისინი მანიპულირებენ მშობლებზე და ადვილად აღწევენ სასურველ მიზანს ნებისმიერი ხერხით.  ყველაზე ნაკლებად ბავშვებში სკოლაზე უარის თქმის საფუძველს მიღებული ნიშნები წარმოადგენს.

ვიცით, რომ სასკოლო გარემო შეიცავს ბევრ რთულ და სტრესულ სიტუაციებს, რომელთა გამკლავება საკმაოდ ძნელია. მნიშვნელოვანია ბავშვის ადაპტაციური უნარები, მიჯაჭვულობა ოჯახის წევრების მიმართ, სასკოლო კლიმატი და საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლების დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხების მიმართ. სკოლაში, როგორც საზოგადოების მოდელში, ბავშვი იძენს ბევრ ისეთ უნარ-ჩვევას, რომელთა  გარეშე გაუჭირდება  მოზრდილ ასაკში  ცხოვრების წარმართვა, ამიტომ ბავშვისთვის აუცილებელია იყოს და დარჩეს ამ სისტემაში, მით უფრო, რომ მას ყოველთვის უნდა ვასწავლოთ - არ გაექცეს არასასიამოვნო განცდებს. ამასთან განათლების მიღება ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.

როგორ დავეხმაროთ?

  • შეეცადეთ  რბილად, თანამშრომლურად გამოარკვიოთ თუ რა აწუხებს მოზარდს სკოლასთან დაკავშირებით. თუ ვერ იპოვით მიზეზს, შეხვდით მასწავლებელს, სკოლის წარმომადგენელს. საჭიროების შემთხვევაში, წამოჭრილ პრობლემებზე, ესაუბრეთ სკოლის დირექტორს;
  • მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ სკოლის ყველა დღე არ იქნება იდეალური, მოამზადეთ გადაწყვიტოს წამოჭრილი პრობლემები. უნდა დარწმუნდეს, რომ თუ დახმარება დასჭირდება, ყოველთვის დაეხმარებით;
  • ხაზი გაუსვით სკოლის დადებით მომენტებს. უთხარით, რომ მას აქვს საფუძველი იყოს უკმაყოფილო რაღაცით სკოლაში, მაგრამ იპოვეთ ისეთი ასპექტები, რომელიც მას მოეწონება;
  • წინასწარ შეუთანხმდით სკოლის ექიმს ან ფსიქოლოგს და ასევე ბავშვს -  თუ დღის განმავლობაში უეცრად დაეწყება შფოთვა, ნერვიულობა, მიმართოს მათ. ასეთი ვიზიტები არ უნდა იყოს ხშირი, მაგრამ იმის ცოდნა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან, გაუადვილებს გაუმკლავდეს სიძნელეს და აღარ დატოვოს სკოლა, რომლის საბოლოო  რეზულტატი შეიძლება გახდეს სკოლაში არწასვლის გამყარებული სურვილი;    
  • აჩვენეთ მოზარდს, რომ თქვენ ძალიან ხართ შეწუხებული მისი სკოლის გაცდენების გამო;
  • შეაქეთ,  როცა მთელი დღე დარჩება სკოლაში ან პროტესტის გარეშე წავა;
  • თუ უძნელდება სწავლა, გამოყავით დრო,  ამეცადინეთ იმ  საგნებში, რომელიც უჭირს;
  • შეეცადეთ დაეხმაროთ იმაში, რომ რაც შეიძლება  მალე დაბრუნდეს სკოლაში, რადგან რაც მეტი დრო გავა, მით ღრმა გახდება გაუცხოება სკოლასთან;
  • თუ შეინიშნება რაიმე ფიზიკური, სომატური სიმპტომები, ან პრობლემა რთულდება, მიმართეთ სპეციალისტს.   

 

მასალა მოამზადა თინათინ მეზვრიშვილმა